ივერიონი / ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 4 პირი დააკავეს

ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 4 პირი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: ჯემალ გ, გაბრიელ მ, გიორგი ხ. და მინდია ბ. ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დაკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარი შეთანხმებით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ყალბი ვალუტის – აშშ-ს დოლარის კუპიურების შემოტანას შემდგომი რეალიზების მიზნით, ორგანიზებას უწევდნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მფლობელობაში არსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი აშშ-ს დოლარის 49 ერთეული კუპიურა – 4900 აშშ დოლარის ოდენობით – ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

20-05-2014, 16:52
უკან დაბრუნება