ივერიონი / მერაბ კოკოჩაშვილი: ხელისუფლებამ ტრიუმფით რომ გაიმარჯვოს, ეს ძალადობით გამარჯვება იქნება

მერაბ კოკოჩაშვილი: ხელისუფლებამ ტრიუმფით რომ გაიმარჯვოს, ეს ძალადობით გამარჯვება იქნება

„ივერიონს“ სადღეისოდაქტუალურ თემებზე, რეჟიორი მერაბ კოკოჩაშვილი ესაუბრება.

 -ბატონო მერაბ,  საზოგადოებაში არაერთგვაროვნება გამოიწვია ლევან ვასაძის  მიმართვამ ხელისუფლებისადმი, რომელიც  მას ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ან მის ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებზე ,,მორგებას“ ურჩევს.   როგორ ფიქრობთ,  გადაეშვა თუ არა ვასაძე პოლიტიკაში და მისი გააქტიურება ავტომატურად გამოიწვევს თუ არა მესამე  პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებასა და რუსულ ორბიტაზე გადასვლას?

-ბატონ ვასაძეს და მის პოზიციას არ ვიცნობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული, თუ ვინმე რამეს დააშავებს, უნდა დაისაჯოს!  მე ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მნიშვნვნელოვანია და შიგ რაც წერია, შეიძლება გადაიხედოს, თუმცა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის უფლება არავის აქვს!  ამ კანონის მიზეზად მოდებამ და ქიშპმა შეიძლება ქვეყანა თავზე დაგვაქციოს.

მაინტერესებს, რატომ აპროტესტებენ ამ კანონს, რა სჭირს მიუღებელი? ცოტა ხნით ჩაჩუმდნენ და ახლა ისევ რატომ აყვირდნენ? ეს კანონი დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას და არავინ დარჩება გარიყული.

კარასინმა გუშინაც თქვა, რუსეთი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას არ ეწინააღმდეგებაო. რუსეთი რას იზამს, არავინ იცის, ის თავისას იზამს მაინც.  თურქეთი, სპარსეთი, რომი... ყველანი ასე იქცეოდნენ ჩვენ მიმართ. ჩვენ მათ ჭკუითა და ეშმაკობით უნდა ვაჯობოთ, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათ საქმეს ვაკეთებთ და ამ დროს ჩვენს თავს უნდა ვუშველოთ!

-კარზე მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა შედეგს ელოდებით და ჩაივლის თუ არა ის ისევ ტრიუმფალური გამარჯვებით  ,,ქართული ოცნებისთვის“ ?

-ჩვენი ხელისუფლება ჯერ ახალია და უნდა ვაცალოთ,  თუმცა მათთვის პირში ნათქვამი სიმართლე ურიგო არ იქნება.  მათ ჯერ ვერ განახორციელეს ის დაპირებები,  რაც ხალსხ მისცეს, მაგრამ დრო წინ აქვთ. რაც შეეხება არჩევნებს, ტრიუმფალური როგორ იქნება, როცა ხალხი ცუდად ცხოვრობს.  ტრიუმფით რომ გაიმარჯვოს, ეს ძალადობრივი გამარჯვება უფრო იქნება!

-სიტყვამ მოიტანა და გვაინტერესებს თქვენი აზრი, რა საჭიროა ასე სოკოებივით მომრავლებული პოლიტიკური პარტიები საქართველოში?

-დღევანდელი ხელისუფლებისგან მინიჭებული თავისუფლება უფლებას აძლევთ მათ, რაც უნდათ  ილაპარაკონ და იმოქმედონ, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას დაავიწყდა მათი ნაკლოვანება და შეცდომები. რაც შეხება მათ შანსებს არჩევნებში, მინიმალურია!

-ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის სავარძლისთვის ბრძოლა  და მეორე ტური ლორთქიფანიძე-ნარმანიას შორის გაიმართებაო, ამაზე რას იტყვით?

-ჩვენ, კინემატოგრაფისტები, შევხვდით ნარმანიას. ის საღად მოაზროვნე კაცია,  ქმედებაც შეუძლია, რადგან ჩვენი რამდენიმე პრობლემა იქვე გადაწყვიტა. ლორთქიფანიძეზე იმას გეტყვით, რომ მის საუბრებში  ბევრი ლოგიკაა.

- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაციას ხომ არ გააღვივებს?

-ბიბლიის ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება, რადგან მის საფუძვლებში მორალური კანონებია. პოლიტიკური მორალი კი ბიბლიურ ზნობას უნდა დაეფუძნოს. ვახტანგ გორგასალმა და დავით აღმაშენებელმა, ვიდრე  საეკლესიო რეფორმა არ  ჩაატარეს,  ქვეყანა ვერ განავითარეს, ვახტანგ  გორგასალს კათალიკოსმა წიხლიც კი უთავაზა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გამოვნახოთ ოპტიმალური გზა, თორემ შარშანდელი 17 მაისი მოგონილი იქნება და ქვეყანა თავზე დაგვექცევა.

-რას სთხოვდით კულტურის სამინისტროს, რისი აუცილებლობა დგას ქვეყანაში?

-ჩემი პროფესიული გადმოსახედიდან გეტყვით, ქართული ფილმების დედნები, რომლებიც რუსეთში ინახება, გამოსათხოვია და თავიდანაა გადასაწერი. ის ქართული ფილმები,  ჩვენ რომ ვუჩვენებთ, ხარვეზიანი ასლებია. ბრაზილიაში ქართულ ფილმებს რუსული გახმოვანებით რომ უჩვენებენ,  ეს სასტიკი ბედისწერა არ არის?!

-მოგეხსენებათ, კახა კაციტაძემ ნინო ბურჯანაძის ალიანსი ღიად გამოაცხადა ხელისუფლებასთან მესამე კოჰაბიტირებულ ძალად. თქვენი კომენტარი?

-ყველა ძალა უნდა იყოს კოჰაბიტირებული, რათა ერთმანეთში საუბარი შეძლონ. კოჰაბიტაცია დემოკრატიისთვის ყველაზე აუცილებელი პირობაა.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

20-05-2014, 17:49
უკან დაბრუნება