ივერიონი / ზურაბ აბაშიძე: ,,ვასაძეს შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება!“

ზურაბ აბაშიძე: ,,ვასაძეს შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება!“

„დავით ნარმანია დაეხმარება ყველა თბილისელს, მიუხედავად მისი მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა!“ - ,,ივერიონს“  პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ესაუბრა.

-ბატონო ზურაბ,  დღეს საჯილდაო ქვად იქცა კამათი იმაზე , თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას - პრემიერ- მინისტრმა თუ პრეზიდენტმა. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

-ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გიპასუხოთ, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. სხვა თემაა, თუ ვინ ცდილობს ამ საკითხით სპეკულირებას  და განხეთქილების, თუნდაც ჩვენს გუნდში, შემოტანას.

ის უფლებები, რითაც   სააკაშვილის დროს აღიჭურვებოდა  პრეზიდენტი,  დღევანდელი კანონმდებლობით შეცვლილა. დღეს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, თუმცა აღსრულების პრივილეგია პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვალდებულება და სახელმწიფოებრივი უფლება აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.   ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა პრეზიდენტს შეუძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავრობასთან შეთანხმებით.  27 ივნისამდე ჯერ  დიდი დროა და ეს თემა  კიდევ შეიძლება განვიხილოთ.

-თქვენი აზრით, რა ბედს უმზადებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საქართველოს - კონკრეტულად რა შეღავათებით ისარგებლებს სახელმწიფო?

-ამ ხელშეკრულების ამოქმედებას ხალხი მალე საკუთარ თავზე იგრძნობს, რადგან ის ევროპასთან დაახლოების, მათთან სავაჭრო ურთიერთობების მონაწილეობის, მათი უზარმაზარი სავაჭრო ბაზრების დაპყრობის და  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გავნვითარების გარანტია.

 მოსახლეობას აქვე მინდა განვუმარტო, რომ  ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ნიშნავს ევროკავშირთან  გაწევრიანებას, თუმცა გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან ნორვეგიაც (ერთადერთი გამონაკლისი სკანდინავიის ქვეყნებში) არ არის ევროკავშირის  წევრი ქვეყანა (ნატოს წევრი კი არის), სამაგიეროდ ფინეთია ევროკავშირის წევრი, თუმცა ნატოში არ გაწევრიანებულა. ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ევროკავშირის გაფართოება უკვე დაგეგმილია (ერთ-ერთი  ნიდერლანდებიცაა, სადაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდებიან და მას შემდეგ გაირკვევა, რა ძალები მოვლენ ევროპარლამენტში უმრავლესობით)  და,  თუ ჩვენ მათ  ვალდებულებებს საკანონმდებლო თუ აღსრულების დონეზე შევასრულებთ, ევროკავშირისკენ გზა გაგვეხსნება.  საზოგადოების ნაწილი ამ ვითარებას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ, როცა უვიზო მიმოსვლის უპირატესობას თავის თავზე გამოცდის, ისიც მხარში ამოგვიდგება.

-ბატონო ზურაბ, ზემოთქმულის გათვალისწინებით,  არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორი. ის რამდენად შეეგუება საქართველოს სწრაფვას  მისი  დინების საწინააღმდეგოდ?

-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბაროზომ   პუტინისგან ამ საქმეში ჩაურევლობის გარანტია მიიღო. ისე, რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ არ შეგვიწყვეტია, პირიქით, 2012 წლიდან ამას ვესწრაფვით.

26 მაისიდან რუსულ ბაზარზე გავა ქართული პროდუქცია, რაც ხელს შეუწყობს მათთან ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგს. ჩვენ რუსეთთან დიალოგი  ყველა თვალსაზრისით გვჭირდება. რაც შეეხება წითელ ხაზს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს გადახედვას არ ექვემდებარება!

-როგორ ფიქრობთ, რა რეიტინგით სარგებლობს დღეს საზოგადოებაში ,,ქართული ოცნება“ , რა შანსს აძლევს ის დავით ნარმანიას გამარჯვებისთვის და დაინიშნება თუ არა მეორე ტური?

-სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი ,,ქართულ ოცნებას“ აქვს. მეორე ტური არ გაიმართება!

-რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას?

-მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, თუმცა შესაძლებელია რაღაც შედეგს მიაღწიონ. მათ გაერთიანების შანსი  ხელიდან გაუშვეს, რაც უკეთეს შედეგს მოუტანდათ.

-რას უკავშირდება ლევან ვასაძის წინასაარჩევო გააქტიურება და შეიძლება თუ არა ის  ახალი  პოლიტიკური ძალის ლიდერად  მოგვევლინოს საქართველოში?

თუ ფიქრობს, რომ ამის შანსი აქვს, შემოვიდეს. პოლიტიკაში ყველა ადამიანისთვის ღიაა კარი, თუმცა თავის დამკვიდრება და ნიშის პოვნა ძალიან ძნელია. მისი სამოქმედო ნაბიჯები ბევრად იქნება დამოკიდებული საზოგადოებისა და ხალხის ნებაზე.

-ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამარჯვება მოგცემთ თუ არა ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირების შესრულების საშუალებას?

-რა თქმა უნდა! ამომრჩევლებთან შეხვედრისას აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება. ახლა თუ გავიმარჯვებთ, მერე ყველაფერს შევძლებთ. 15 ივნისი კულმინაცია იქნება იმ საკითხებისა და პრობლემების გადასაწყვეტად, რაც ხალხს აქვს. ასფალტების დაგება, კანალიზაციის მოწესრიგება, ახალი სახურავები, გაზიფიცირება და უამრავი სხვა მოწესრიგდება ქვეყანასა  და თბილისში. დავით ნარმანია დაეხმარება ყველა თბილისელს, მიუხედავად მისი მომხრისა და მოწინააღმდეგისა, და თითოეულ თეთრს მხოლოდ ხალხს მოახმარს და არა პარტიას!

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

23-05-2014, 13:44
უკან დაბრუნება