ივერიონი / საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც  ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს. 

სასამართლომ, ასევე არაკონტიტუციურად სცნო, ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე უშვებს. 

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ   ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, ხალხის მანდატის შეჩერებას, ან შეწყვეტას გულისხმობს და თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას წარმოადგენს. 

 

„სადავო ნორმა არჩეული მერის ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას იძლევა (კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, რა ვადაში მიიღება სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება). ამდენად, არსებობს რისკი, რომ თანამდებობიდან გადაყენების დროებითი ღონისძიება ფაქტობრივად თანამდებობიდან გადაყენებას გაუთანაბრდეს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების პერიოდული გადასინჯვის ან გაუქმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ გადაყენების მიზანი - თანამდებობის პირის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე აღარ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან გადაყენება შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაუცველობა, პირველ რიგში, შეუქცევადად დაარღვევს თავად ამომრჩევლის ინტერესებს.

ამავე დროს, ასეთი ჩარევა ზედმიწევნით ცხადი, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და ეფუძნებოდეს ინტერესების სამართლიან ბალანსს. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივია ჩარევა, მით უფრო მაღალია უფლების დარღვევის ხარისხი.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე პირის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის კონსტიტუციური უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს.თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, მატერიალური და საპროცესო საკითხების შეფასებას. კანონმდებლობა არ უნდა უშვებდეს იმის შესაძლებლობას, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მეორე მხარისათვის შეტყობინების და მისთვის დაცვის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე.  უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის უფლება, სასამართლოს წინაშე წარადგინოს საკუთარი პოზიცია და დაიცვას თავი უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით, რაც შეამცირებს სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების რისკს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მხარეთა შეჯიბრებითობისა და, შესაბამისად, პირის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების დაცვა“, -აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.  

 

23-05-2014, 18:03
უკან დაბრუნება