ივერიონი / ედიშერ თოლორაია: ,,ნაციონალები“ პოლიტიკურ ბეჭებზე დადებას მალე ნახავენ!“

ედიშერ თოლორაია: ,,ნაციონალები“ პოლიტიკურ ბეჭებზე დადებას მალე ნახავენ!“

,,ივერიონს“ ესაუბრება ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ ედიშერ თოლორაია.

-ბატონო ედიშერ,  ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ ,,ივერიონთან“ საუბარში განაცხადა, რომ მას გარანტირებული აქვს გამარჯვება. ამის  დასტურად იგი საზოგადოების განწყობას ასახელებს. აქედან გამომდინარე, აქვს თუ არა ,,ოცნების“ კანდიდატს  რეალური ოპტიმიზმის საფუძველი?

-აბა, რას იტყოდა, ის კი არა, ყველა ასე გაიძახის, მაგრამ ვნახავთ მალე,  ვინ ვის დადებს ბეჭებზე!

 მე არ მოვყვები თქვენთან ტრაბახს და ისე გეტყვით, რომ, როცა  სამეგრელოს მოსახლეობას ვხვდები, მართლა იგრძნობა მათი კეთლგანწყობა ჩვენს მიმართ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენ 15-ში საღამოს დავითვლით!

-ესე გი, ბეჭებზე დადება  მისი წინასაარჩევნო ტრიუკია?!

-აბა, რა! ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის დროზე, მართლა დადო ხალხი ბეჭებზე , მაგრამ ეს დასრულდა და განისვენებენ. აი, პოლიტიკურ ბეჭებზე დადებას მალე ნახავენ!

-სხვათა შორის, სამეგრლომ, შეძლება ითქვას, თავი შეირცხვინა, როცა მხარი ,,ნაციონალებს“ დაუჭირა. ეს იმ ფონზე, როცა რეგიონი ახალაიების კლანისგან შევიწროებულ-შეჭირვებული იყო. როგორ ფიქრობთ, ისევ გაიმეორებს თუ არა სამეგრელო შეცდომებს?

-ეს ეტაპი უკვე დარულდა! მაშინ ბეჭებზე დადება ვაჟკაცურად არ ხდებოდა, მაშინ  იყო ტერორი, დაშინება და ათასი საშინელება...  დღეს ჩვენ დემოკრატიულად, არა დაბეზღებით, არა დაშინებით გავაკეთებთ საქმეს.

 მე მოქმედი გამგებელიც ვარ და კანდიდატიც. ხალხს აფხაზეთის დაბრუნებას ვერ შევპირდები, მაგრამ რეალობაში ვამყოფებ მათ და არა ილუზიაში. უკვე 400-მდე ახალი პროექტი განვახორიელეთ სამეგრელოში და ამას ხალხი ყველაზე კარგად ხედავს.

 ჩვენ არავის დავაძალებთ ხმის მოცემას, ის კი არა, ყველას ასე მივმართავ, ისე მოიქეცით, როგორც ღმერთი და სინდისი გიკარნახებთ-მეთქი.

-ბატონო ედიშერ, როგორ ფიქრობთ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ მეგრელების გული ვერ მოიგო?

-უნდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელოში წაგებული ბრძოლა მეგრელების ბრალი არ ყოფილა. მათ აიძულებდნენ ხმა მიეცათ ,,ნაციონალებისთვის“ და ტელეფონითაც დაეფიქსირებინათ ეს. დღეს ვითარება შეცვილილია, პრემიერთნ შეხვედრაზე 20000 კაცმა საკუთარი ნებით მოიყარა თავი.

არც  გამარჯვებისთვის ვიყენებ ადმინისტრაციულ თუ სხვა რესურსებს.

მორჩა ძალადობა, არის დემოკრატია!

-თქვენი აზრით, ორთაბრძოლა მხოლოდ ,,ოცნებასა „ და ,,ნაციონალებს“ შორის იქნება თუ რეგიონში გამოიყოფა მესამე ძალა, რომელიც გარდატეხას შეიტანს არჩევნების შედეგებში?

-ზუგდიდის არჩვენების ისტორიაში ეს არასდროს მომხდარა - კენჭს იყრის 6 კანდიდატი. ისინი თანაბარ პირობებში, დემოკრატიულად იბრძვიან. ბევრი ზუგდიდელიც სხვადასხვა პარტიაშია გაწევრიანებული, მაგრამ მათ შევიწროებაზე არც გვიფიქრია. გადაბირება და ბინძური თამაშები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს!

-რა არის თქვენი, როგორც ზუგდიდელი კანდიდატის, გზავნილი ამომრჩევლისადმი?

-მე ვსაუბრობ ფაქტებით.  პირველ რიგში, ლამაზ-ლამაზი და ფუჭი სიტყვებით მძულს ლაპარაკი. ხალხი ჩემთან ერთად ჩაერთვება თავისი ქალაქისა თუ სოფლის აღმშენებლობის საქმეში და შვებას იგრძნობს ყველა.

-ბატონო ედიშერ, რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციული  კანონის შესახებ. ხომ არ მიიჩნევთ მას ,,ქრთული ოცნების“ შეცდომად და მისი წინასაარჩევნოდ მიღება ხომ არ გადაკარგვინებთ ამომრჩეველს?

-საზოგადოებას არავინ უბიძგებს იმ ბინძური ცხოვრებისკენ, რომელსაც  ჩვენ არ ვაღიარებთ. ეს არ იყო ,,ქართული ოცნების“ მოთხოვნა,  უბრალოდ,  ეს არის  გზა, რომელიც ევროპისკენ უნდა გავიაროთ. ამ კანონის მიღება ერთი მხრივაა კარგი, მაგრამ ის ტყუილია, რომ მისი მიხედვით ვიცხოვრებთ!

 

                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

 

                                                          

 

24-05-2014, 19:42
უკან დაბრუნება