ივერიონი / გიორგი გაჩეჩილაძე: ,,ქართული ოცნება“ ზის და ხეხავს და ხეხავს ,,ნაციონალებს!“

გიორგი გაჩეჩილაძე: ,,ქართული ოცნება“ ზის და ხეხავს და ხეხავს ,,ნაციონალებს!“

,,ივერიონს“  ესაუბრება თბილისის მერობის კანდიდატი ,,მწვანეთა პარტიიდან“ გიორგი გაჩეჩილაძე

-ბატონო  გიორგი, თქვენ ის  ადამიანი ხართ, რომელმაც  უცერემონიოდ  დატოვა ,,ქართული ოცნება“.  რა იყო ეს, შინაგანი პროტესტი თანაგუნდელების მიმართ თუ წინასწარ გათვლილი თამაში?

-წინასწარ არფერი გამითვლია, ეს  ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.

 2012 წელს ერთად დავამარცხეთ ბოროტება, ჩემი გუნდით შევედი პარლამენტში და საქმის კეთების ილუზია მქონდა. ბოროტების დამარცხება ერთია, მაგრამ საქმეც ხომ უნდა აკეთო, არა!  მე იქ საქმისთვის მივედი, თუმცა  იქაური უსაქმურობა ჩემთვის მიუღებელი იყო.

გარემოს დაცვის კანონები და სხვა უამრავი კანონპროექტი ჩემი დაწერილია და, უცებ, ვიგრძენი, რომ მათთვის არც ვარსებობდი.  ჩვენ ევროპის ,,მწვანეთა პარტიის“   წევრები ვართ, იმათ ფრაქცია აქვთ ევროპარლამენტში, სადაც ერთადერთია ეს პარტია, რომელმაც თავისი პოზიციები შეინარჩუნა, სხვა  ყველას პროცენტები დააკლდა. 11 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ევროპაში ,,მწვანეთა პარტიას“ და თუნდაც ამის გამო მაინც უნდა ეცათ პატივი აქ ჩვენთვის.

ანეკდოტური სიტუაცია იყო: როცა მუდმივმოქმედი დელეგაციების  დაკომპლექტება დაიწყეს (ევრონესტის დელეგაცია - ასე ჰქვია, აქედან 60 ევროპარლამენტარია, ჩვენებიც არიან იქ),  იმ დელეგაციაში რომ არ აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ აქ რაღაც არასერიოზული ხდებოდა. რადგან  ადრეც მქონდა ნათქვამი, თუ ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც უკან გავყვები-მეთქი,  ასეც მოვიქეცი.

-მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ,,სუფთა პოლიტიკოსის“ იმიჯით  სარგებლობთ, თბილისის მერის არჩევნებში შანსი მინიმალური გაქვთ. რატომ გადაწყვიტეთ მერობა და თვლით თუ არა, რომ დავით ნარმანია პირველივე ტურში გაიმარჯვებს?

-სოციოლოგიური კვლევის მიხედვით,  ჩემი რეიტინგი ძალიან მაღალია. ეს არც მიკვირს, რადგან ,,ნაციონალების“  დროს სწორედ მაღალრეიტინგულობის გამო მბლოკავდნენ.  2002-დან 2012 წლამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია.

ერთხელ  ცესკოს სხდომაზე დააყენეს არჩევნებში ჩემი მონაწილეობის  საკითხი, მეც იქ ვიყავი, მაგრამ არავინ მომერიდა და კენჭისყრით ჩემსავე თქვალწინ მომხსნეს არჩევნებიდან. იმ კომისიის თავმჯდომერე ერთი წვერებიანი კაცი იყო (ზურაბ ხარატიშვილს გულისხმობს), რომელიც დღეს ვითომ პოლიტიკოსია,  და ვთხოვე ამ წვერებიანს, უფლება მოეცა ჩუღურეთის რაიონში დამოუკიდებელ კანდიდატად მეყარა კენჭი. მაშინ 10%  დამიწერეს, 10%-იც გამიყალბეს.

-თქვენი აზრით,  ჩატარდება თუ არა მე-2 ტური და ვინ შეერკინება ერთმანეთს საარჩევნო რინგზე?

-სად იყო ამდენი სოციოლოგიური კვლევა, მე რომ ვამბობდი, მეორე ტური იქნება-მეთქი და იქ, ჩვენ,  ,,მწვანეთა პარტია“  და ,,ქართული ოცნება“ შევერკინებით ერთმანეთს.

მეორე ტურში  კი ,,ოცნების“ კანდიდატი წააგებს. ასეთია წესი -  ის პირველ ტურში ამოწურავს თავის რესურსს და მეორე ტურისთვის არაფერი დარჩება.  ვფიქრობ,  ჩვენ უნდა მოვიდეთ მერადაც და საკრებულოებშიც.

-საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ უნიათო ხელისუფლების იარლიყი მიაკერა თავის თავს.  მისი იმიჯის დაკნინებას ივანიშვილის წასვლამ ხომ არ შეუწყო ხელი?

-ბიძინას წასვლამაც იმოქმედა, პროფესიონალიზმის უგულებელყოფამაც, არაპროფესიონალიზმმაც, საკადრო პოლიტიკის დაბალმა დონემაც, სურვილმა, რომ ,,ნაციონალები“, რომლებიც ოპოზიცია კი არა კრიმინალების ხროვაა,  ოპოზიციად შეინრჩუნონ .  ამან გამოიწვია მათი რეიტინგის კლება.

-ანტიდისკრიმინაციული კანონი მომავალშიც დებატების საგანი იქნება. ის, რაც ვერ გაბედა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ბოლომდე მიიყვანა ივანიშვილის დატოვებულმა ხელისუფლებამ? როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?

-მე არ დავუჭირე მხარი ამ კანონს. თვითონ კანონი ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ იქ ჩაწერილი ორი ტერმინის გამო არ დავუჭირე მხარი. სხვათა შორის, ბევრი მერყეობდა ძალიან, მაგრამ...

-შეიძლება ითქვას, საქართველო არაორდინალურ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა გასარკვევი გახდა, ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე - პრეზიდენტს თუ პრემიერს. პრეზიდენტმა თითი მოკაკვა და ეს პრივილეგია პრემიერს დაუთმო. თქვენი აზრით, ვისი პრეროგატივაა მასზე ხელმოწერა?

-რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწერს, მთავარია, ისეთმა მოაწეროს, შემდეგში სამართლებრივად სადავო რომ არ გახდეს. მედიაში ამაზე კამათი როგორ შეიძლება,  ,,შიგნით“  ვერ გადაწყვიტეს, უცხოები ხომ არ არიან?!

  თუნდაც ამ კეზერაშვილის გამართლება რას ნიშნავს...  ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ,,ქართული ოცნება“  ზის  და  ხეხავს  და  ხეხავს  ,,ნაციონალებს“.

-ბევრს საუბრობენ ლევან ვასაძის გააქტიურებაზე. ზოგმა ეს საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანის მცდელობად აღიქვა. თქვენ რას ფიქრობთ, ეს წინასწარშეთანხმებული გეგმის ნაწილია თუ მართლა აპირებს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?

-მე ვიცნობ მას, როგორც პატიოსან და პატრიარქთან დაახლოებულ პიროვნებას. მისი ნაწერებიდან ვიცი, რომ პატრიოტი და მორწმუნე ადამიანია. პოლიტიკაში კი არ მგონია ჩაერთოს.

-რა არის თქვენი გზავნილი მოსახლეობისადმი?

-მათ ხმა უნდა მისცენ გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვას. ოღონდ სად გავახმოვანებ ამას არ ვიცი, რადგან არც უფასო რეკლამა მაქვს ტელევიზიებში და  არც  მიწვევენ იქ,  ჩემი მაღალი რეიტინგითაც ,,უკმაყოფილო“  ვარ, რადგან ვიცოდი, რა რეაქციას მოაყოლებდნენ. ისე, რა მოხდა, გაამარჯვებინონ ,,მწვანეთა პარტიას“, ეს ხომ მესიჯი იქნება ევროკავშირისთვის?

                                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

29-05-2014, 00:14
უკან დაბრუნება