ივერიონი / რას მოგვიტანს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

რას მოგვიტანს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

   2 ივნისს საქართველოში კიდევ ერთხელ მოითხოვენ მაიხუანას დეკრიმინალიზაციას. რას ფიქრობენ ამ საკითხზე თბილისის მერობის კანდიდატები? "ივერიონი" პერიოდულად შემოგთავაზებთ მათ შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე, დღეს კი მერობის სამი კანდიდატის აზრს მივაწვდით მკითხველს.

   -"ხელისუფლება და საზოგადოებაც სრული პასუხიმგებლობით უნდა მიუდგეს ამ საკითხს, არსებობს მსოფლიო პრაქტიკა, რომ სადაც მოხმარება დეკრიმინილიზირებულია იქ მომხმარებელთა რიცხვი 7 %-ით ნაკლებია, მაგრამ ეს სხვაგან, სხვა კონტინენტზე. ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს როგორ იმუშავებს ჩვენ ქვეყანაში. აქ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, როგორც საერთაშორისო პრატქიკის გათვალისწინებით ასევე პროფესიონალ გუნდთან კონსულტაციის გზით. მთავარია ამ თემამ არ გამოიწვიოს ამ საშუალების პოპულარიზაცია.

ჩემი აზრით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ გაერკვა 2 ტერმინში დეკრიმინილიზაციასა  და ლეგალიზაციაში.

დეკრიმინილაზცია არ ნიშნავს რომ  მარიხუანას მოხმარება ლეგალური იქნება ქვეყანაში, ის ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით აღარ იქნება სანქციონირებული ანუ დასჯადი ამ ნარკოტიკული თრობის გამომწვევი საშუალების მოხმარება და იგი იქნება გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ანუ სანქციონირებული იქნება სავარაუდოდ ჯარიმებით.

ნარკომანია ეს არის დაავადება, მავნე ჩვევისკენ სწრაფვა. თუ ადამიანი უკვე დაავადებულია მის მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება არასწორი მგონია, ამ ადამიანებს სჭირდება დახმარება. სასჯელის მიზანი არის პირის რესოციალიზაცია, რომ საზოგადოებას იგი დაუბრუდნეს ჯანსაღი და ჯანმრთელი, თუ დამნაშავედ აღვიქვამთ მარიხუანზე დამოკიდებულს და დავსჯით ტუსაღობით, ზემოაღნიშნული სასჯელის მიზნები და პრინციპები ვერ განხორციელდება, პირიქით ამ ადამიანს  შეიძლება უფრო დაუზიანდეს ფსიქიკა და შეიძლება სუიციდამდეც მივიდეთ. ფსიქოლოგების, იურისტების და მედიკოსების ჩართვა აუციელბელია, რთულია ეს საკითხი არაკომპეტენტურმა პირებმა გადაწყვიტოს. მას სჭირდება მეტი კვალიფიციური მიდგომა.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ქვეყანაში  ნარკოპოლიტიკა არ გაგვაჩნია, რომელიც უნდა ებრძოდეს ნარკომანიას და არა დამოკიდებულ პირებს. 

სახელმწიფომ უდნა აიღოს პასუხისმგებლობა და ჯარიმები და რეპრესიები მას შემდეგ იქნება სწორი როცა სახელმწიფოს მანამდე ექნება პრევენციული ღონისძიებები გატარებული.

მე დღეს ვერ ვეგუები და ვერც ხვალ ვერ დავუშვებ თბილისში და სრულიად საქართველოში გაგრძელდეს უმოქმედობა ამ მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ანტინარკომანული პოლიტიკის შექმნას და არ დაუშვას მომავალი თაობის განადგურება. ძალიან ვწუხვარ, რომ სკოლის მოსწავლეებისათვისაც კი ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მარტივად და იაფად შესაძლებელია, სავალალო ფაქტებს კი ყოველდღიურად ვუყურებთ"-განაცხადა პარტია "რეფორმატორების ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა.

   "მერაბ კოსტავას საზოგადოების" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინიზაცია კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.

   -"მარიხუანას დეკრიმინიზაცია კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუანა გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ვიდრე სიგარეტი და  ალკოჰოლური სასმელები, არადა სიგარეტიც და ალკოჰოლური სასმელებიც თავისუფალ გაყიდვაშია, ამავ დროულად არ დაგვავიწყდეს მარიხუანას მოხმარება მისი აკრძალვის მიუხედავად მაინც ხდება და ვიღაცის ჯიბეში უზარმაზარი თანხები აკუმულირდება. საზოგადოებას აშინებენ იმ გარემოებით, რომ დეკრიმინილიზაციის შემდეგ მომხმარებლები ამ პროდუქტზე გაიზრდება და მომავალ თაობას დავღუპავთ.  არანაკლები პრობლემაა ალკოჰოლიზმი, თუმცა ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება არავის აუკრძალია, მსუბუქ ნარკოტიკებს მიეკუთვნება სიგარეტიც, რომელიც ყველა კუთხე-კუნჭულში იყიდება, უბრალოდ მიმაჩნია აღნიშნულ პროდუქტზე სახელმწიფომ მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს და კრიმინალური საფუძველი მოუხსნას, იმ კატეგორიაში ჩააყენოს, როგორშიც ალკოჰოლური სასმელებია, გაატაროს ის საჯარომო სანქციები, რასაც ასე წარმატებულად ატარებენ ალკოჰოლური სასმელების თრობის დროს. ისე კი სახელმწიფომ სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, სოციალური ფონის გაუარესებაა უმთავერესი მიზეზი ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის ზრდის ტენდენციის".

   პარტია "მომავალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ცალსახად ემიჯნება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას და აცხადებს:

_"ნარკომანს ესაჭიროება მკურნალობა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მეტი სამკურნალო დაწესებულება არსებობდეს ამ ადამიანებისთვის, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია კი ყოვლად დაუშვებელია და არ წაადგება ამ საკითხის მოგვარებას, ეს ვერ გამოდგება პრევენციულ ღონისძიებად, უნდა იყოს აკრძალული და უნდა იყოს პრევენციული ზომები გატარებული, დღეს ნარკომანია საქართველოს მოსახლეობისთვის არის ძალიან სერიოზული და საშიში სენი, ამ საკითხისადმი მიდგომას სჭირდება გონივრული პოლიტიკა, რაც უნდა გაატაროს ხელისუფლებამ. მარტივად რომ გითხრათ, ე.წ. "კრაკადილის" მომხმარებლები მარტივად იძენენ იმ პრეპარატებს აფთიაქებში, რაც ამ საწამლავის დამზადებას სჭირდება და ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობა ზიანდება, აი, ეს მიდგომაა შესაცვლელი".

   ნარკოლოგების თქმით კი, საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულება, თითქოს მოსაწევი არ არის სახიფათო, მცდარია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ  მოწევა იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მწეველთა 40% შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე გადადის. როგორც აღმოჩნდა სკოლებში გამოკითხული ბავშვების 56%-ს გასინჯული აქვს მარიხუანა, ეს კი ნარკოლოგების თქმით საგანგაშო ციფრი და რეალობაა, მათი თქმით ამ ფონზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა დამღუპველი იქნება მომავალი თაობებისთვის და დაუშვებელია.

   ცნობისთვის, 2 ივნისს, რუსთაველზე დაგეგმილია აქცია "მარიხუანას დეკრიმინალიზაციის" მოთხოვნით, პირველი ასეთი აქცია ერთი წლის წინ გაიმართა.

 

31-05-2014, 11:55
უკან დაბრუნება