ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესფორუმზე "ანაკლია 2014" სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესფორუმზე "ანაკლია 2014" სიტყვით გამოვიდა

   ''ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარეშე საქართველოს ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელია'', - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ანაკლიის ბიზნესფორუმი 2014"-ის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესპარტნიორების მოძიებას და დაინტერესებას ისახავს მიზნად.

   "ჩვენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ქვეყნის პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა კი შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მოწესრიგებული და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა დაისახა. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და ამის დადასტურებაა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევის შედეგები საქართველოში ბიზნესგარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში საქართველო ისევ წამყვან პოზიციაზეა - მე-8 ადგილზე 189 ქვეყანას შორის.

   პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ამ შედეგით არ კმაყოფილდება და მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესგარემო საქართველოში იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და ჯანსაღი.

   მთავრობის მეთაური ანაკლიის პორტის პერსპექტივასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.

"სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ეს პროექტი იქნება ერთ--ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ინვესტორებს ახალ და ნამდვილად დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს", - აღნიშნა პრემიერმა.

   ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება, ინვესტორებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთში სრულიად ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი გახდება.

''საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის თითოეული თეთრი იქნება დაცული, ამის გარანტი არის საქართველოს მთავრობა და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი'', - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესფორუმზე "ანაკლია 2014" სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

   ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე ჩამოსულია ოთხი რეალური ინვესტორი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში კონკრეტული პროექტების განხორციელებას იწყებენ. 

   "ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალ ბიზნესგარემოს - ჩვენი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს", - აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, უელსის სამიტზე საქართველომ MAP-ი უნდა მიიღოს. 

   "ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ წინასწარ არ ვქმნით მოლოდინებს. არ გვსურს, მოსახლეობას მივცეთ ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებთ. დაველოდოთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ რეალური კონტურები გამოიკვეთოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე შეეხო მის მიერვე ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" და განაცხადა, რომ მასზე დიდ იმედს ამყარებს. 

   "საქართველოში რეალური ეკონომიკა დღემდე არ არსებობდა, დანგრეული იყო სოფლის მეურნეობა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყნის ეკონომიკა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1-06-2014, 09:01
უკან დაბრუნება