ივერიონი / ლენჩის პოლიტიკა და ლინჩის სამართალი

ლენჩის პოლიტიკა და ლინჩის სამართალი

 

კარგა ხანია, ადამიანების თვითნებური გასამართლების ფაქტები ქართული საზოგადოების შეშფოთების საგნად იქცა და არც თუ უსაფუძვლოდ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩიორა თაქთაქიშვილის, ნუგზარ წიკლაურის, დავით კოდუას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, მამუკა  ხერხეულიძის ცემისა თუ დაჭრის ფაქტებს. საუბარია გაცილებით უფრო სერიოზულ  და საშიშ მოვლენაზე სახელმწიფოს გვერდის ავლით „სამართლიანობის აღდგენის“ („სამართლის გაჩენის“) მცდელობაზე.

 

მართალია, ქართული დემოკრატიზმის ისტორია მხოლოდ 1990 წლიდან დაიწყო, მაგრამ ქართველი ამომრჩევლების ყური სწრაფად მიეჩვია გამოთქმასჩვენ ხელისუფლებაში ვართ. ეს სიტყვათშეთანხმება ორთოგრაფიული და ვოკალური თვალსაზრისით ისედაც ტყუპისცალივით ჰგავდა გამოთქმას  ,,ჩვენ ხელისუფლება ვართ, ხოლო 2004 წლის ბოლოსთვის მას შინაარსობრივადაც შეერწყა. მეტიც, ულტრათანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიების წყალობით, საბედისწერო ჩვენ ხელისუფლება, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ამომრჩეველთა ცნობიერებაში გაიგივდა სახელმწიფოსთან. ანუ, როცა ვინმე უბირი ნაციწარმოთქვამდა სიტყვას ჩვენ, იგი გულისხმობდა არა მარტო მმართველ გუნდს, ან მთლიანად ხელისუფლებას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს.

ეს მაგიური ჩვენ, ანუ პარტია-სახელმწიფო, იგივე ხელისუფლება, იგივე უმრავლესობა, იგივე „ჩემი გუნდი“ ხმების უმრავლესობით ავირჩიეთ ჩვენ უპიროვნო მასამ. ამიტომ ყველაფერი, რასაც ჩვენჩაიდენს, სავსებით სამართლიანია, ჩვენი ნების გამოხატულებაა და კეთდება სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

ასეთი ლოგიკით შესაძლებელი ხდება ხელისუფლების ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის, დემოკრატიული პრინციპების უარყოფის, ეთნიკურ უმცირესობათა ან განსხვავებული აზრის მატარებელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის, დიქტატურის დამყარებისკენ სწრაფვის გამართლება. შესაძლებელი ხდება ყველაფერი ის, რაც  ისტორიაში ცნობილია  ინკვიზიციის, ან  გერმანული ფაშიზმის სახელით.

ისტორიაში ცნობილი უკლებლივ ყველა რევოლუციური ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, პიროვნული, მოაზროვნე ჩვენის, ანუ ხალხისა და ჩვენ, ხელისუფლების, ხალხისა და საკუთარი ნებისგაიგივებას ცდილობს.  საზოგადოება, როგორც წესი, თავიდან ამ მცდელობას ყურადღებას არ აქცევს; მერე შეგნებულად უგულებელყოფს (პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენის მიზნით); მერე კი მოქმედებს ყოვლად ჩვეულებრივი შიშის სინდრომი და ადამიანური ვნებები ვინძლო უზარმაზარი მუქთი ხაჭაპურიდან ცოტა მეც მერგოს! საბოლოოდ, როგორც გარდაუვალ შედეგს, ვიღებთ დემოკრატიის მანტიით უხეშად შენიღბული მმართველობის უსასტიკეს ტოტალიტარულ რეჟიმს.

კიდევ უფრო მოკლედ და ცხადად რომ ვთქვა, დემოკრატია არ გამორიცხავს დიქტატურას. აქაც საქმე გვაქვს გაიგივებასთან, უფრო ზუსტად, იმ საკითხის გარკვევასთან, ვის ხელში უნდა იყოს ხალხის ნების ჩამომყალიბებელი საშუალებები: სამხედრო და პოლიტიკური ძალები; პროპაგანდა; მასმედიის საშუალებებით საზოგადოებრივ აზრზე, პარტიულ ორგანიზაციებზე, განათლების სისტემაზე, პროფკავშირებზე კონტროლი...

მთელი ეს საკმაოდ მძიმედ წასაკითხი და კიდევ უფრო მძიმედ გასაგები თეორია იმისთვის გავიხსენე, რომ მეთქვა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წყალობით ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილმა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ძალიან სწრაფად გააიგივა საკუთარი თავი სახელმწიფოსთან(თავისი ნება სახელმწიფოს ნებასთან). მმართველი ჯგუფი იქცა კლანად და  ყოვლისშემძლეობისა და დაუსჯელობის ილუზიის ტყვეობაში აღმოჩნდა. ნებსით თუ უნებლიედ, სისტემურ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრეული აღმოჩნდა ყველა, პრეზიდენტიდან რიგითი პარტიული კოორდინატორის ჩათვლით.

სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ხელისუფლებისა და საზოგადოების დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან პრობლემატურია  26 მაისის, 7 ნოემბრის, ე.წ. „ციხის მოვლენების“, საცხოვრებელი სახლების ნგრევის, კერძო ქონების წართმევის, რუსეთთან ომის პროვოცირებისა და სამარცხვინო დამარცხების, გახმაურებული მკვლელობების, გამოგონილი „ამბოხებების“ სასტიკი ჩახშობის, პოლიტიკური ოპონენტების გატაცებებისა და უმოწყალო ცემის, „აგენტურული ქსელების“ აღმოჩენების, სხვა დანაშაულებში მონაწილეთა  გასამართლება. მათ შორის იგულისხმებიან ის ადამიანებიც (მიხეილ სააკაშვილი, გია ნოდია, სვიმონ მასხარაშვილი, ნოდარ ლადარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი,  თეა თუთბერიძე, პავლე კუბლაშვილი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მაია ორჯონიკიძე, სერგო რატიანი, ჟურნალისტი კვესიტაძე, ექსპერტი თავხელიძე, მსახიობი ნასარიძე...) წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს რომ ამართლებდნენ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე  ძალადობდნენ. 

ვიმეორებ, ჩადენილია უმძიმესი დანაშაულობანი, მაგრამ იმ დაწყევლილი „იგივეობათა ჯაჭვის“ არსებობის გამო, ძალიან რთულია ამ დანაშაულებში მონაწილე ყველა პირისთვის (ანუ უპიროვნო „ჩვენის“) სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. იმათთვის, ვინც კოლექტიური დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა; ვინც დანაშაულებრივი დავალებები უშუალოდ შეასრულა; ვინც 26 მაისის გამთენიისას სისხლით მორწყულ რუსთაველის პროსპექტზე  „მიშა!“ „მიშას!“ ძახილით გამოვარდა; ვინც ავადსახსენებელი „მოდელირებული ქრონიკა“ მოამზადა და ეთერში გადასცა;  ვინც ქართველთა საამაყო მეფე ერეკლეს  ქვეყნის მტერი, მშიშარა და გამყიდველი უწოდა...

სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეთა დასჯა დიახაც აუცილებელია, მაგრამ მოდი, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასაც ნუ დავივიწყებთ ძალადობა ძალადობით არ აღმოიფხვრება, სისხლი სისხლით არ მოიბანება; რომ ნებისმიერი ძალადობა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს და რა კეთილშობილურ მიზნებსაც უნდა ისახავდეს, შობს მხოლოდ ძალადობას. ვგულისხმობ, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ ძალადობას. აი იმას, რასაც ხატოვნად „ტვინების გამორეცხვას“ უწოდებენ და, რასაც ასე დიდი წარმატებით იყენებდა სააკაშვილი და მისი „ჩემი გუნდი“.

სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშია ის რეაქცია, რაც თუნდაც ერთ-ერთი პოლიტიკური პაიკის, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის ცხელ გულზე თავში ცხელი ჩაის ჭიქის ჩარტყმას მოჰყვა: „მის მარჯვენას ვენაცვალე!“ „უარესი ეკუთვნის!“  „დამნაშავე სასტიკად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!“ „ეს ხელისუფლების წაყრუების და წაქეზების ბრალია!“...

უკვე ხმამაღლა გაისმის მოწოდებები  სახალხო შურისძიების აუცილებლობაზე. საზოგადოების ერთი სოლიდური ნაწილი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს გერმანული ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ანალოგიით, ქართული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადებას.

არ ვამბობ, რომ მოწოდებები შურისძიების შესახებ უსაფუძვლოა სააკაშვილის ხელისუფლებას  (ნაციონალურ მოძრაობას) დანაშაული არ ჩაუდენია და მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალა ხალხის სახელით წინამორბედის განადგურებას ცდილობს, რადგან მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისა ეშინია. საქმეც ის არის, რომ  სინამდვილეში ჩადენილია ფანტასტიკური დანაშაულობანი, რომლებიც მოითხოვს შესწავლას, ახსნას, გაანალიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს. ამას ცივი გონება, დიდი დრო,  დიდი მოთმინება და დიდი სამოქალაქო გამოცდილება (სახელმწიფოებრიობის გამოცდილებას ვგულისხმობ) სჭირდება.

ამას ზედ დაერთო ჩვენი ევროპელი და ოკეანისგაღმელი მეგობრების (რომლებსაც, როგორც ვატყობ, ქართველი ხალხი და მისი ადათ-წესები ჩირადაც არ უღირთ!) კატეგორიული მოთხოვნა კოჰაბიტაციაზე, რამაც ქართულ საზოგადოებას საბოლოოდ გადაუწურა სამართლიანობის აღდგენის იმედი.

რაც შეეხება ევროპულ გამოცდილებას გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამნაშავედ გამოცხადების თაობაზე ამის იმედი არ უნდა გვქონდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გერმანული ნაცისტური პარტია დამნაშავედ გამოაცხადა საერთაშორისო სასამართლომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულობათა გამო. სააკაშვილის „ჩემი გუნდი“ რიცხობრივი სიმცირის, შეზღუდული მატერიალური და გონებრივი რესურსებისა და ღორმუცელობის გამო,გერმანულ მასშტაბებს ვერ მიუახლოვდა.

ნაციზმი რომ საკადრისად დაისაჯა, ამიტომაცაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში არ დაწყებულა კუდიანებზე ნადირობა. პირიქით, დღესაც ლეგალურად თუ არალეგალურად არსებობენ ნაცისტური ჯგუფები და არსებობს ნაცისტური რევანშისტული იდეოლოგია.

თუ საქართველოში ძალიან სწრაფად არ დამთავრდება „ლენჩური პოლიტიკის“ პირმშო ფარისევლური კოჰაბიტაცია, არ დაიწყება გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის (თუნდაც, სიმბოლური) პროცესი, ზემოთ ნახსენები ქუჩური ანგარიშსწორებები უკვე ხვალ იქნებ ბავშვურ გართობად მოგვეჩვენოს: ასპროცენტიანი ალბათობით შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლისა და დამნაშავეთა დასჯის კეთილშობილური საბაბით  შეიქმნება საიდუმლო ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებსაც სათავეში მაღალინტელექტუალური ადამიანები ჩაუდგებიან და, რომლებსაც სულ მალე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების გაკონტროლების პრეტენზია გაუჩნდებათ. მნიშვნელოვანია, რომ  ხელისუფლებას მასთან ბრძოლის მორალური უფლება აღარ ექნება.

ასეთია კანონზომიერება, რასაც თავის დროზე, დღეს რომ სამაგალითოდ ვისახავთ, ვერც ერთი ის სახელმწიფო ვერ გადაურჩა.

სხვათა შორის, მაშინდელი „ლენჩი პოლიტიკის“ გამო მოვლენათა ამგვარი განვითარება უკვე ვიწინასწარმეტყველე ამ ათი წლის წინათ. მაშინ ხელისუფლება გაზეთებს არ კითხულობდა და  ჩემმა იმ წინასწარმეტყველებამ მის ყურამდე  ვერ მიაღწია. ახლანდელი ხელისუფლება, როგორც ვიცი, კითხულობს და, წარმოიდგინეთ, ჟურნალისტებსაც კი უსმენს.

ყველაფერს ამერიკელებს ნუ დავაბრალებთ - პლანტატორ ჩარლზ ლინჩის სახელი საქართველოს მოსახლეობის მეათიათასედსაც არ ეცოდინება: საქართველოში საკმაოდ დიდია შურისძიების, სისხლის აღების ტრადიცია. მხოლოდ სვანეთს ან ხევსურეთს არ ვგულისხმობ ასეა მთელ საქართველოში.

ის, რაც ჭიაბერაშვილის თავს მოხდა, მხოლოდ მცირე შესავალია, მინიშნებაა მოვლენათა ტრაგიკულ განვითარებაზე. საჭიროა ძალიან სწრაფი, გადამჭრელი და რისკიანი მოქმედება, თორემ ხვალ უკვე  ძალიან გვიან იქნება.

მწერალ ლაშა თაბუკაშვილის, ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის, პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის, ჩემი და კიდევ ბევრი სხვა „კაი ბიჭის“ გულისამაჩუყებელი შეგონება-მოწოდებები ვერაფერს შეცვლის.

ნაცმოძრაობის წევრებმა კი, საერთოდ, სჯობს პირზე კლიტე დაიდონ: მათი გამოსვლები მხოლოდ ამწვავებს ვითარებას.

 

თეიმურაზ ქორიძე

 

5-06-2014, 12:40
უკან დაბრუნება