ივერიონი / ჩვენც დავბერდებით!-სამშობლოდან შორს პარატა საქართველოა

ჩვენც დავბერდებით!-სამშობლოდან შორს პარატა საქართველოა

    სამშობლოდან შორს მყოფი ემიგრანტები საქართველოს სიყვარულს და მონატრებას ერთმანეთში დებენ და ცდილობენ იქ, შორს პატარა საქართველო შექმნან. ისინი შორიდან ეფერებიან საქართველოს მიწას და დაბრუნების მოლოდინში მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავენ.

"ივერიონი" საბერძნეთში მყოფი ქალბატონის, მარინა ძიძიგურის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

  -"14 ივნისს, თეატრ "ალექსანდროში" ჩატარდა ღონისძიება "ჩვენც დავბერდებით", რომელიც მიეძღვნა 60 წელს გადაცილებულ ქართველ ემიგრანტებს. 

ეს იყო ულამაზესი და დაუვიწყარი საღამო, რომლის მსგავსი არც საქართველოში გამიგია და არც ემიგრაციაში მომხდარა.ჩატარდა მხოლოდ თესალონიკში და მოამზადა ქ-ლია წიქარიშვილმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ამ ადამიანებისადმი.

   ძნელი წარმოსადგენია ის, რაც იქ დღეს ხდებოდა.იგრძნობოდა დიდი სიყვარული და დაფასება ერთმანეთისადმი.

როცა ადამიანს ასაკი ემატება და სიბერისკენ მიდის, უფრო უნდა სახლში ყოფნა, თავის ფუძეზე.იქ გრძნობს თავს დაცულად და წყნარად.ფუსფუსებს ოჯახში შვილებთან და შვილიშვილებთან, ბედნიერია...დღეს კი ამ ასაკის ქალბატონები გამოსულები არიან ოჯახებიდან და უცხო ქვეყანაში მძიმედ შრომობენ,უცხო ოჯახებს შეფარებულნი. საქმე ის არის რომ დღეს ეს ხალხი არავის ახსოვს,არავინ არ არის დაინტერესებული მათი ბედით და უცებ, თესალონიკში მოხდა ეს ამბავი და ქ- ლია წიქარიშვილის თაოსნობით ისევ ქართველმა ახალგაზრდა ემიგრანტებმა გაიხსენეს ისინი.

   უღრმესი მადლობა ქ-ლია ამ საოცარი საღამოსათვის,იმ დიდი სიყვარულისა და სითბოსათვის, რაც დღეს თქვენ გვაჩუქეთ.

დღევანდელ საღამოს ტელეფონით შემოუერთდა ორგანიზაცია "საქართველოს ქალთა საბჭო",რომელმაც დიდი სიყვარულით მიულოცა იქ მყოფ საზოგადოებას ეს ლამაზი ღონისძიება,მე ვიტყოდი "დიდი დღესასწაული" და გაიზიარა ჩვენი სიხარული.

  ასევე ტელეფონით შემოგვიერთდა ჩვენი ორი ქართველი ემიგრანტი,რომლებიც გუშინ საქართველოში გაემგზავრნენ და დღეს თურქეთიდან მოგვილოცეს დიდი სიყვარულით და პატივისცემით.დაგვილოცეს ასაკი. ესენი არიან ქ-ბი:ნანა ჩხაიძე და მარინა ყიფიანი.

   საღამოზე ცეკვავდნენ და მღეროდნენ პატარა ემიგრანტები, რომლებმაც კიდევ უფრო ლამაზი და გულის ამაჩუყებელი გახადეს ღონისძიება.

ბოლოს ქ-ლია წიქარიშვილმა თვითოეულ მონაწილეს საჩუქრები და ყვავილები მიუძღვნა, ხოლო პატარა მონაწილეებს გადასცა საჩუქრად უნიჭიერესი მომღერლის ქ-თამარ ალადაშვილის სიდები.

   ყველას სიხარულის ცრემლი გვდიოდა,ბავშვებიც კი ტიროდნენ.დღეს ყველა ერთად იყო.საბერძნეთის ქართული ემიგრაციის 3 თაობა.

   დიდი მადლობა მათ, ვინც ქ-ლია წიქარიშვილს გვერდით ედგა ამ ისტორიული და მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების მომზადებაში.

   მადლობთ...გმადლობთ...გმადლობთ

მარინა ძიძიგური

15-06-2014, 13:00
უკან დაბრუნება