ივერიონი / რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული დიალოგი არსებობს?

რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული დიალოგი არსებობს?

   საზოგადოება "ივერია" რუსეთ-საქართველოს მაგისტრალური რკინიგზის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  -"რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გახდა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთერთი პოლიტიკური გზავნილი. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დიდი სურვილის მიუხედავად, ამ იდეამ საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებრიობის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რამაც ხელისუფლება აიძულა საკითხის საჯარო განხილვა გადაედო. თუმცა, ამ საკითხის დღის წესრიგში მოულოდნელმა და დაჟინებულმა შემოტანამ საზოგადოებაში დატოვა განცდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი კვლავ ამოტივტივდებოდა, რადგან მის ირგვლივ იგრძნობოდა რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული დიალოგის არსებობა. სარკინიგზო მაგისტრალის თემა კვლავ განხილვის საგნად იქცა ა.წ. 18-19 ივნისს, საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის კონტექტში. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სომხეთის პრეზიდენტის არაგეგმიურ ვიზიტს საქართველოში უშუალოდ წინ უძღოდა ღია სააქციო საზოგადოება "რუსეთის რკინიგზების" პრეზიდენტის, ვლადიმერ იაკუნინის, მივლინება სომხეთში, სადაც მან არაორაზროვნად ისაუბრა რუსეთსა და ირანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის გეგმებზე. იაკუნინის განცხადებით, ამ გეგმების განსახორციელებლად დღის წესრიგში დგას აფხაზეთის მონაკვეთზე გამავალი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენის საკითხი, რაზეც, მისი თქმით, საუბარი ჰქონდა სომხეთის პრეზიდენტთან. ამ კონტექსტში სომხეთის პრეზიდენტის სასწრაფო ვიზიტი საქართველოში, ცხადია, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემას უნდა უკავშირდებოდეს. პრეზიდენტ სარგსიანის ვიზიტის ცალსახა "სარკინიგზო" ელფერი მეტად არადამაჯერებლად წარმოაჩენს საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თითქოს რკინიგზის აღდგენის თემა საერთოდ არ განხილულა, მეტადრე მაშინ, რაც თავად სერჟ სარგსიანმაც დაადასტურა, რომ ამ თემაზე საუბარს თბილისში ადგილი ჰქონდა. ამრიგად, რადგან სახეზეა საქართველოსთვის რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის მეტად სახიფათო საკითხის აქტუალიზაცია, აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ნაბიჯთან დაკავშირებულ საფრთხეებს. რუსეთი დღეს გვევლინება აგრესორ სახელმწიფოდ, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი, სადაც ჩატარებული აქვს ტოტალური ეთნოწმენდა, უკანონოდ განლაგებული ჰყავს ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილები და დაუფარავად ცდილობს გაატაროს რეგიონის და, კერძოდ, საქართველოს დესუვერენიზაციის პოლიტიკა. ამ პირობებში რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც უწყინარი სატრანსპორტო-ეკონომიკური პროექტი. ამოქმედების დღიდან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების არსებობისა და სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის პირობებში, ეს რკინიგზა შეიძენს მკვეთრად გამოხატულ სამხედრო-პოლიტიკურ ხასიათს, ხოლო მისი "უსაფრთხო ფუნქციონირების" თემა მაშინვე გადაიქცევა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და მისი სუვერენიტეტის შებღალვის საბაბად. ამავე დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა შეიცავს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. პრინციპულ საკითხად გვევლინება ის, თუ რომელი სახელმწიფოს იურისდიქციას დაექვემდებარება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. საქმე ეხება სასაზღვრო, საბაჟო, საგადასახადო და სხვა რეგულაციებს, რაც სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, იფუნქციონირებს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი საქართველოს იურიდიულ ველში თუ არა. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რუსეთის ხელისუფლება, ან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დაეთანხმოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი რკინიგზის აღდგენის თემაზე უკვე თითქმის პრაქტიკულ ჭრილში საუბრობენ. ცხადია, აქ იგულისხმება სწორედ საქართველოს ხელისუფლების დაყოლიება დაუშვებელ კომპრომისზე. კომპრომისი კი ამ პრინციპულ საკითხში მართლაც დაუშვებელია, რადგან ის საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაკანონებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ჩვენს შეშფოთებას იწვევს სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის კონტექსტში საქართველოს ოფიციალური პირების მიერ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ამ განცხადებებში საუბარია საკითხის სირთულესა და კომპლექსურობაზე და არ არის აღნიშნული მკაფიოდ და ცალსახად ის მთავარი წინაპირობა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას - კერძოდ, ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იმ პრინციპის აღიარება, რომ აღნიშნული რკინიგზა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ უნდა ფუნქციონირებდეს. შექმნილ ვითარებაში საზოგადოება "ივერია" საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვს აღნიშნულ საკითხში სიცხადის შეტანას და მკაფიო და არაორაზროვანი განცხადების გაკეთებას იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის საქართველოს სახელმწიფოს იურიდიულ ველში ფუნქციონირება რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებელ წინაპირობას",- ნათქვამია განცხადებაში.

 

25-06-2014, 01:41
უკან დაბრუნება