ივერიონი / რა მისწერა ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ თამარ ივერს?!

რა მისწერა ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ თამარ ივერს?!


წერილი, რომელსაც დაბლა შემოგთავაზებთ, ზუსტად წელიწადის წინ არის დაწერილი. ქალბატონ თამარ ივერს (ჯავახიშვილს), ქართული ხელოვნებისა და საოპერო კულტურის დიდ დესპანს საზღვარგარეთის ქვეყნებში, ქართული სულისკვეთებით გაჟღენთილი საზოგადოებრივი პოზიციის გამო, რის საჯაროდ გამოტანას იგი არ მოერიდა, დასავლეთიდან შემოგზავნილმა სატანის შვილებმა ლაფი ასხურეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ახლა კი მისთვის მაშინ მიყენებული შეურაცხყოფა არ იკმარეს და მის წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყეს. სულით და ხორცით მახინჯმა არსებებმა საქართველოდან ევროპაში წერილები აფრინეს და ამათზე უფრო მახინჯმა ევროპელებმა, როგორც იუწყებიან, ქალბატონ თამართან დადებული კონტრაქტები შეაჩერეს. ქალბატონ თამარისთვის რაც დღეს უნდა მეთქვა, წელიწადის წინ მაქვს ნათქვამი. ამიტომ ამ წერილს კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ და ბოლოს ორიოდე სიტყვასაც მოვაყოლებ...
ქალბატონო თამარ!

ჩვენ, ქართველები, მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენლები ვართ, რის გამოც, თქვენსავით სახელგანთქმული და წარმატებული ხელოვანი ბევრი არა გვყავს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გვყავდა და დღესაც გვყავს იმ დონის გამორჩეული ადამიანები, რომლებითაც ნებისმიერი დიდი ერი იამაყებდა. ერთ-ერთი მათგანი თქვენ ბრძანდებით.

სამწუხაროდ, ღირებულებათა გლობალური გადაფასებისა და საყოველთაო დეგრადაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ადამიანებს არათუ არ უჭირთ ერთმანეთისთვის შეურაცყოფის მიყენება, ბევრი ამით ცოცხლობს და სულდგმულობს. რაც უფრო დიდია ის პიროვნება, ვისაც მავანნი შეურაცყოფას აყენებენ, მით უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს ეს არარაობანი. ბევრს ეს სწორედ ის დემოკრატია ჰგონია, რომელიც გაუფეტიშეს, მაგრამ რომლის ცნება და შინაარსი არც თვითონ ესმით და არც სხვებმა ასწავლეს.


სოციალურ ქსელებში თქვენმა "სტატუსმა" ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ერთის მხრივ იმიტომ, რომ სახელოვანი თამარ ივერი ბრძანდებით, მეორეს მხრივ იმიტომ, რომ თქვენს ნაწერში ქართველი ქალის გულწრფელობითა და მამულიშვილური პოზიციით გამოხატული გულისთქმა გქონდათ ჩაქსოვილი. სამწუხაროდ, მამულიშვილობა დღევანდელი ქართველების დიდი ნაწილისთვის უცხო ხილია. თქვენ მიერ დაფიქსირებულმა მამულიშვილურმა პოზიციამ მათ თვალში მამულიშვილად კი არა, ერთ-ერთ მხარედ გაქციათ, რის გამოც მეორე მხარემ, თქვენი პიროვნების, თქვენი ნიჭისა და მდგომარეობის აბსოლუტური იგნორირებით, ლაფი გესროლათ და უკადრისი სიტყვა გაკადრათ. თქვენ ამას არ ხართ ნაჩვევი, თქვენ ტაშსა და სურნელოვან თაიგულებს, თაყვანისცემასა და ხელზე ამბორს ხართ ნაჩვევი, რის გამოც მათმა უპარდონობამ, პლებეური სულის ამოხეთქვამ და რეგვნული ნააზრევის ნიაღვარმა, ეჭვიც არ მეპარება, შეგაკრთოთ.

თქვენ გააცნობიერეთ, რომ შეუფერებელ დროს შეუფერებელ ადგილზე აღმოჩნდით. თქვენ, როგორც ზნეკეთილსა და კულტურულ ადამიანს, ბოდიშის მოხდის შინაგანი სურვილი აღგეძრათ, არა იმიტომ, რომ დემოკრატიის ვითარებაში თქვენი პოზიციის გამოხატვის გამო ვინმესთან რამე საბოდიშო გქონდათ, არამედ ზუსტად ისე, როგორც ხალხმრავალ ადგილას ვინმე, მოულოდნელად, მხარს გაგკრავთ და ბოდიშს მაინც თქვენ იხდით. თქვენ გეგონათ, რომ იმ თქვენს თავაზიან ბოდიშს მათი მხრიდანაც ბოდიში და კეთილგანწყობილი ღიმილი, მდაბლად თავის დაკვრა და კიდევ ერთხელ პატიების თხოვნა მოჰყვებოდა.
ეჰ, ქალბატონო თამარ, თქვენ ესენი ის ქართველები ხომ არ გგონიათ, თუნდაც ამ ათიოდე წლის წინ რომ დატოვეთ საქართველოში, ან, მითუმეტეს, ის ევროპელები, რომლებიც თავიანთი დახვეწილ–რაფინირებული მანერებითა და გასაოცარ სიმაღლეზე აყვანილი ყოფითი კულტურით დღემდე ხიბლავენ მსოფლიოს. არა, ქალბატონო თამარ, ეს ის ქართველები არიან, რომლებსაც პირზე დემოკრატია აკერიათ, მაგრამ ნებისმიერი განსხავებული აზრის გამო, მზად არიან ნებისმიერს თვალები დათხარონ. ეს ის ქართველები არიან, რომლებიც ევროპელობას იჩემებენ, მაგრამ ევროპაში გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის გარდა, მისაბაძი ვერაფერი აღმოაჩინეს.


თქვენ რომ თავაზიანი ბოდიში არ მოგეხადათ, მხოლოდ ერთი მხარე გეყოლებოდათ განაწყენებული, მაგრამ ბოდიშის მოხდის შემდეგ ის მეორე მხარეც გაგინაწყენდათ, ჯერ კიდევ გუშინ, ტაშს რომ გიკრავდათ. ეს მეორე მხარე უკეთესი ხომ არ გგონიათ, ქალბატონო თამარ?! ქართველებს ოღონდ ერთმანეთის ხორცი აგლეჯინე, ერთმანეთის სისხლი ასვი, სხვა ბედნიერება ჩვენთვის არ არსებობს. ამის ნაკლებობას არც ისტორიულად განვიცდიდით და დღეს ხომ არ განვიცდით და არ განვიცდით. გული დამწყვიტა სოციალური ქსელების ამ ვირთხების მიერ თქვენი სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალმა. ამ წერილს ეს გულისწყვეტა მაწერინებს.
სჯობს ისევ ჩვენ, ვისაც საზოგადოებრივ არენაზე გამოსვლამ გვიწია, ვზიდოთ ჩვენი მძიმე ჯვარი. დაე, ჩვენკენ გამოიქნიოს და გვესროლოს ის ლაფი უგვანმა და უმეცარმა ბრბომ. თქვენს ატლასსა და აბრეშუმს, თქვენს ქალობასა და კდემამოსილებას, თქვენს ხმასა და სხეულს არ უნდა მიეკაროს არაფერი, რასაც ბილწნი საკუთარი პირით ამოთქვამენ. თქვენ სხვა გზა გაქვთ, მშვენიერებისა და ხელოვნების გზა, რომელსაც ასე ღირსეულად მიყვებით მაღლა და მაღლა. არცერთი წუთი, არცერთი წამი არ უნდა დაკარგოთ სხვა, თუნდაც გაცილებით მნიშვნელოვანი საქმისთვის, ვინაიდან, როგორც გენიალური თომას მანი ბრძანებდა, "შემცდარია ის, ვისაც ჰგონია, ხელოვნების დაფნის გვირგვინიდან თუნდაც ერთადერთი ფოთლის მოწყვეტა შეიძლება ისე, რომ მთელი ცხოვრება მას არ უძღვნა!" თქვენ უკვე გამკობთ დაფნის გვირგვინი, მაგრამ თქვენი გზა კიდევ უფრო დიდი გვირგვინისკენ მიდის.

დაივიწყეთ ის თქვენი "სტატუსიც," ის თქვენი "მონანიებაც", როგორც ღამის კოშმარი, როგორც ცუდი სიზმარი და ნურასოდეს გაუყადრებთ თავს მათ, რომლებიც არცა ღირან "მის ფეხთა მტვერთა, მოწმენდად ძვირფას ხამლისგან მისა" (ანა კალანდაძე). იარეთ იმ გზით, იმ მისიით, რა გზაც, რა მისიაც უფალმა დაგაკისრათ!

 

ღმერთი გფარავდეთ!
ვალერი კვარაცხელია
თბილისი, 2013 წლის 3 ივნისი

P. შ. უდიდეს ხელოვანსა და მომღერალს, ვისაც განგებამ, როგორც იტყვიან, უხვად დააბერტყა მადლიანი კალთა, ჯერ კიდევ აღმავლობის გზაზე მიმავალს, სატანა რომ ჩაუსაფრდება და შეაფერხებს, მართლაც დიდი ტკივილია, მაგრამ ტრაგედია ნამდვილად არ არის, ყოველ შემთხვევაში, ქალბატონ თამარისთვის. ეს იმ ევროპისა და ევროპელებისთვის არის ტრაგედია, რომლებიც ღვთაებრივ სიწმინდეზე მაღლა სოდომის სიბინძურეს აყენებენ. ეს იმ ევროპისა და ევროპელებისთვის არის ტრაგედია, რომლეიც მუდამ დემოკრატიას ქადაგებენ, სინამდვილეში კი ნამდვილი ფაშისტური დაუნდობლობით ილაშქრებენ ნებისმიერი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ...
არა უშავს, ქალბატონო თამარ, თქვენ უზარმაზარი სივრცე გელოდებათ თქვენი უზადო ხელოვნების არენად. მე წელიწადის წინ გიძღვენით წერილი, რომელიც დღეს ხელმეორედ გამოვაქვეყნე, გენიალურმა ვაჟა-ფშაველამ კი საუკუნეზე მეტი ხნის წინ თითქოს საგანგებოდ თქვენთვის წარმოსთქვა დიდებული სიტყვები,
"ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელსა!"

 

პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია
2014 წლის 24 ივნისი

25-06-2014, 12:42
უკან დაბრუნება