ივერიონი / "ბრძოლა სერიოზულ ხასიათს მიიღებს და მთავრობა გადაყვება ამ საქმეს"

"ბრძოლა სერიოზულ ხასიათს მიიღებს და მთავრობა გადაყვება ამ საქმეს"

   საყდრისთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივი მიმართვის გავრცელების დროს "ახალი მემაჯვენეების" ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ხელისუფლებას მოუწოდა საბოლოო გადაწყვეტილებები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს.

   -"ნუთუ ამ სახელმწიფოში ყველაფერი ისეთ მდგომარეობამდეა მისული, რომ აღარც არქეოლოგები და მეცნიერები არიან უფლებამოსილი და უნარიანი, რომ საბოლოო წერტილი დასვან და დასკვნა იყოს გამჭვირვალე, ნუთუ არც სახელმწიფო ორგანოები არსებობენ ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდნენ, უღირთ კულტურული ძეგლის გადარჩენა, მიაჩნიათ თუ არა, რომ საყდრისი არის კულტურული ძეგლი და ზომები მიიღონ სიტუაციის დასარეგულირებლად. ნუთუ არც უფლებადამცველები არსებობენ, რომლებსაც კონსტიტუციურად და სახელმწიფოებრივად ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა?!.ამ რეგიონში უკვე წლების მანძილზე ირღვევა ადამიანის უფლებები სიცოცხლეზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, შრომის კოდექსზე, ყოფიერებაზე. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სრული უსუსურობა ყველა იმ ორგანოსი, ვისაც ევალება ანალოგიურ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება, რათა ყველაფერი გადაწყდეს სამართლიანად, სწორად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

   "თავისუფალი საქართველოს" მდივანმა ალეკო შალამბერიძემ კი განაცხადა, რომ "ბრძოლა სერიოზულ ხასიათს მიიღებს და მთავრობა გადაყვება ამ საქმეს".

   ცნობისთვის, ხვალ საქართველოში ნიკა ანთიძის მოწვევით ჩამოდის თომას შტოლნერი, რომელიც შეხვდება როგორც ანთიძეს, ასევე საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს და არქეოლოგებს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ასაჯაროვებს.

 

1-07-2014, 13:34
უკან დაბრუნება