ივერიონი / "ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი"

"ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი"

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. "ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი" - ასე ერქვა გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველ საილუსტრაციო მასალა, სხვადასხვა სივრცეებში ლოკალიზებული იყო ფოტოგამოფენები, ბოლო წლების განმავლობაში შემოწირული ხელნაწერები  და ცენტრის გამოცემები.

   სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უმთავრესი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც იცავს და იკვლევს ჩვენი ქვეყნის ხელნაწერ მემკვიდრეობას. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიძველეთსაცავი, სამეცნიერო და კულტურული დაწესებულება, ქართველოლოგიური კვლევების ერთ-ერთი უმთავრესი კერა 1958 წელს ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.

   სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია ფაქტობრივად მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერებაა. აქ დაცულია უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, ცნობილი ქართველი მოღვაწეების ნაშრომები, ავტოგრაფები, პირადი არქივები, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კოლექცია.

   ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, სხვა  საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ერთობლივი პროექტების ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს, ასევე შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლებს და მათ საქმიანობას გაეცნენ.  აქვე, თამარ სანიკიძემ ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო იწყებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი შენობის საპროექტო სამუშაოებს.

 

 

2-07-2014, 09:08
უკან დაბრუნება