ივერიონი / მამა პეტრე კვარაცხელია: სადაც რელიგია ხელისშემშლელი ფაქტორია, იქ ცივილიზაცია არ არის!

მამა პეტრე კვარაცხელია: სადაც რელიგია ხელისშემშლელი ფაქტორია, იქ ცივილიზაცია არ არის!

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია და მთავარ მუქარას წარმოადგენს დასავლეთისთვის, იმდენად, რამდენადაც მართლმადიდებლობა ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ სცნობს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს. კომენტარი თემაზე სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას, ვთხოვეთ:


_ მართლმადიდებლური რელიგია თავისი მრწამსით და შეხედულებით ზეჰუმანური ღირებულებაა, რომლისთვისაც პიროვნების თავისუფლება, უფლებების დაცვა და ღირსების შენარჩუნებაა უმთავრესი ამოცანა.


ნებისმიერი პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მიმდინარეობა გულდასმით შემუშავებულ იდეოლოგიას ეფუძნება. ვისთვისაც მისაღებია, იზიარებს და შესაბამისადაც ცხოვრობს, ხოლო,  ვინც საფრთხეს ხედავს, გაურბის და მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ღირებულებები დაიცვას. ვისთვისაც ,,დაბრკოლება" არ არსებობს არც ერთი მხრიდან, მისთვის სულ ერთია მდინარის გაღმა იდგება თუ გამოღმა.


დასავლური ცივილიზაცია, როგორც ასეთი, რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენდა. თუ დღეს დასავლეთი ხელისშემშლელ ფაქტორს ხედავს რელიგიაში,უმთავრესად, მართლმადიდებლობაში,უკვე ცივილიზაცია აღარ არის.


მესმის უმცირესობის უფლებები, მაგრამ ამის ხარჯზე უმრავლესობის ინტერესები  არ უნდა შეილახოს...


 კანტი ამბობს: ,,ორი რამ გამიკვირდება _ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონები ჩემში"... მე ასე მესმის დასავლეთი.


 თუ ზნეობრივ კანონს გაურბიხარ, მაშინ მართლმადიდებლობა საფრთხეს არ უნდა გიქმნიდეს, მაგრამ ზნეობა თუ რაღაც დონეზე „გიჭერს“, სარწმუნოება აპოლოგეტად უნდა მოიხმო!

2-07-2014, 17:24
უკან დაბრუნება