მთავარი გვერდი > მანანა ბერიკაშვილი:-"ყველაფრის მიუხედავად მაინც ვხდებით მიზანმიმართული კრიტიკის ობიექტი"

მანანა ბერიკაშვილი:-"ყველაფრის მიუხედავად მაინც ვხდებით მიზანმიმართული კრიტიკის ობიექტი"


3-07-2014 / 14:29

მანანა ბერიკაშვილი:-

   კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ქართული კულტურის ინტერესისთვის და სამინისტროში ახალი მენეჯმენტის მუშაობის დროს განხორციელბული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

   -"საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის საამაყოა  ქვეყანაში გქონდეს 15 მუსიკალური ფესტივალი და კონკურსი. მხარს უჭერდე და აფინანსებდე 4 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს და საერთაშორისო მასშტაბის 6 კინოფესტივალს. ყველა უნდა ვამაყობდეთ, რომ ქართული ფილმები ყოველწლიურად, ჩვენი მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებს მსოფლიოში მნიშვნელოვან კონკურსებზე და იმსახურებენ 80-ზე მეტ ჯილდოს. საამაყოა, რომ ქართველი მწერლების შემოქმედება ითარგმნება მრავალ ენაზე და მონაწილეობას ვიღებთ ლაიფციგის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზე და გამფენებზე. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს 2018 წელს დაგეგმილ გრანდიოზულ პროექტს - როცა ფრანქფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს ნიჭიერ მომავალ თაობას - ჩვენი დაფინანსებით საზღვარგარეთ სწავლობს და წარმატებებს აღწევს ათობით ახალგაზრდა შემოქმედი...

ქართულმა თეატრებმა მონაწილეობა მიიღეს 25-მდე საერთაშორისო ფესტივალში საზღვარგარეთ და საკმარისია, გადავხედოთ უცხოურ პრესის გამოხმაურებას ჩვენი თეატრალური დასების წარმატების დასტურად.

   მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან გულდასაწყვეტია, როცა მაინც ვხდებით მიზანმიმართული კრიტიკის ობიექტი. თუნდაც სულ ახლახანს სრულიად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში მოექცა კულტურის სამინისტრო, რომელიც ლიანა ისაკაძის ცნობილ კლასიკური მუსიკის ფესტივალს შეეხებოდა. შეუძლებელია ვინმე შეეწინააღმდეგოს ამ ფესტივალის არსებობას, რომელიც ბიჭვინთიდან დაიწყო, ბორჯომში გაგრძელდა და დღეს წარმატებით ხორციელდება აჭარაში. ქალბატონ ლიანა ისაკაძის შემოქმედება და საერთაშორისო მოღვაწეობა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით ფასდაუდებელია და ეჭვგარეშეა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა დიდი მუსიკოსის ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში. შარშანაც და წელსაც სამინისტრომ 110 000 ლარით დააფინანსა ლიანა ისაკაძის ფესტივალი "ღამის სერენადები" გონიოში...

   მინდა კიდევ ერთხელ მივიპყრო ჩვენი საზოგადოების ყურადღება და ყველას შევახსენო, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლი. სამინისტროს ბიუჯეტი არ არის უსაზღვრო.

   თითოეული ჩვენგანი, საქართველოს ყველა მოქალაქე - ყოველ დღე, ყოველ წუთს, მივდივართ ისეთი საქართველოსკენ, სადაც ყველა ნიჭიერი პროექტი დაფინანსდება და მათ დააფინანსებს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ დაფინანსების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორიც. კულტურის სამინისტრო მომხრეა, დაფინანსდეს ყველა კარგი პროექტი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო საფინანსო სექტორის ჩართულობას იმ მრავალფეროვანი და ქვეყნისთვის საჭირო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში, რომელსაც დღეს ახორციელებს სამინისტრო. მათთან ერთად უნდა გავხადოთ ქართული კინო, თეატრი,სახვითი ხელოვნება, მუსიკა  მსოფლიოში კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი სრულფასოვნად წარსდგეს მსოფლიო კულტურულ ბაზარზე.

   სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტროსა და მთავრობის ინიციატივით, მიმდინარებს მუშაობა კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლითაც განისაზღვრება როგორც კულტურის სფეროს პრიორიტეტები, ასევე კულტურის დაფინანსების ნორმები, სპონსორობისა და ქველმოქმედების კანონის აუცილებლობის საკითხი.

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე დროა, ჩვენი საზოგადოების ნაწილი გამოვიდეს საბჭოთა კავშირისდროინდელი, რეტროგრადული აზროვნებიდან, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა.

   ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაივლის ამ გარდამავალ პერიოდს, როდესაც ახალი მთავრობის თანამონაწილეობით მივიღებთ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც პირველად განსაზღვრავს სფეროს რეგულაციის ნორმებს", - განაცხადა ბერიკაშვილმა.

 


უკან დაბრუნება