ივერიონი / დეკანოზი სერაფიმე დანელია:-"ამ სამყაროს ასაკის და გამოცდილების მქონე დაცემულ სულზე გესაუბრებით"

დეკანოზი სერაფიმე დანელია:-"ამ სამყაროს ასაკის და გამოცდილების მქონე დაცემულ სულზე გესაუბრებით"

   -"ის, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო , მუდამ აჩრდილივით დასდევს თუ გასდევს ადამიანის ცხოვრებას და საკუთარი ჩრდილივით მოუცილებელი და მოუხელთებელია. ის თითქოს არარსებულია, არამატერიალური, მაგრამ მთელი სისასტიკით სჯის მას, ვისაც შეეშლება მასთან ურთიერთობა და სწორ დამოკიდებულებას არ დაიჭერს მასთან. მას ყოველთვის ჩრდილში ყოფნა ურჩევნია, რომ იქიდან მოულოდნელად შეძლოს სასიკვდილო ჭრილობის მიყენება ადამიანის გაუფრთხილებელ სულზე და დაგესლოს იგი თავისი მათრობელა შხამით. ალბათ ხვდებით, რომ ამ სამყაროს ასაკის და გამოცდილების მქონე დაცემულ სულზე გესაუბრებით. ყველა მისი შემცნობი ძრწის მისი ძალმოსილების, მზაკვრობისა და უსინათლო გონიერების წინაშე და უფლისკენ გარბის, როგორც კრუხისკენ შეშინებული წიწილი...

   ...მაშინ ბაგების სტუდქალაქში ვცხოვრობდი... შუადღისთვის ოთახში, ჩემს საწოლზე ვიყავი წამოწოლილი და ვისვენებდი. საწოლის მოპირდაპირედ გაჭრილი ღია ფანჯარიდან ლურჯად მომზირალი ცა იხედებოდა . გულს საოცარი სიხარული და სიმშვიდე შედგომოდა. ამის მიზეზი კი ის სასიხარულო და საოცარი აღმოჩენა იყო, რომელსაც იმ დღეებში ჩემს ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ადგილი - პირველი ლოცვა, ღმერთის არსებობის პირველი განცდა და ამ სასიხარულო ცნობისგან მოფენილი უჩვეულო სიმშვიდე და სიხარული. არ მახსოვს რამდენი ხანი დავყავი ამ საოცარ განწყობაში, რომ უეცრად ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ღია ფანჯრიდან ვიღაც მოემართებაო. მართალია ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ისეთი სიცხადით ვგრძნობდი ჩემსკენ ნელა და დაჟინებით მომავალ პიროვნებას თუ პიროვნულ ძალას, რომ იმ წამსვე ყურებში საშინლად აზრიალდა და ხელ- ფეხმა გაბრუჟება დაიწყო. თითქოს მთელი სხეული ქვავდება და იყინებაო, უფროდაუფრო პარალიზებული ვხდებოდი. მაშინ მივხვდი ვინ იყო ის და რადგან მახსოვდა, რომ მხოლოდ ქრისტეს სახელის ეშინია დაცემულ სულს, სხვამხრივ პარალიზებულმა, გულში წარმოდგენით პირჯვარი გადავიწერე და უდიდესი დაძაბვის ფასად, მარცვალ-მარცვალ წარმოვთქვი: ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი"... ზუსტად მახსოვს, როგორც კი ბოლო სიტყვის ბოლო მარცვლი წარმოვთქვი, თითქოს დაგუბებულმა წყალმა იხუვლაო - ერთბაშად მომეშვა და ჩამოიცალა მთელი სხეულიდან ეს საშინელი ბნელი სიმძიმე და ზრიალი... ძლივს ავამოძრავე თითები, მაგრამ უკვე ისე სასტიკად ვიყავი გათანგული, რომ ერთხანს კიდევ, გაუნძრევლად ვიწექი და გონებას ვიკრებდი... მერე, როგორც იქნა, საკუთარი ხელით შევძელი პირჯვრის გადაწერა და პირველად ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ცხადად შევიგრძენი, რა ბედნიერებაა , იცოდე ცოცხალი ღმერთის სახელი და შეგეძლოს პირჯვრის გადაწერა... დიდება შენ უფალო.."

 

3-07-2014, 14:56
უკან დაბრუნება