ივერიონი / "გაუგებარია, რატომ არის ჩვენი მიდგომა იმაზე "უარესი", რაც წლების განმავლობაში ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას"

"გაუგებარია, რატომ არის ჩვენი მიდგომა იმაზე "უარესი", რაც წლების განმავლობაში ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას"

   შეკრებითობის პრინციპის აღდგენის თემაზე იუსტიციის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

   "დანაშაულის შეკრებითობის პრინციპის ე.წ. აღდგენასთან და მასთან დაკავშირებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სურს განაცხადოს შემდეგი: თავიდანვე, ანუ 1999 წლიდანვე, როდესაც იქნა მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია, კოდექსის 59-ე მუხლში ჩაიდო პრინციპი, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგებოდა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს; თუ იგი შედგებოდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბებოდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები; ხოლო, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგებოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბებოდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. სხვა სიტყვებით, კოდექსი ითვალისწინებდა დიფერენცირებულ მიდგომას დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით დანაშაულთა სხვადასხვა კომბინაციების შემთხვევაში.

   ამასთან, რიგ შემთხვევებში კანონმდებელი მოსამართლეს უტოვებდა დისკრეციას, განესაზღვრა, თუ რომელი პრინციპი გამოყენებინა - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების, მთლიანი შეკრების, თუ შთანთქმის. 2006 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დადგენილ იქნა, რომ ყველა შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდებოდა სასჯელების მთლიანად შეკრება. სხვა სიტყვებით, წინა პერიოდის ალტერნატიული მიდგომისგან განსხვავებით, შემოღებულ იქნა ერთიანი, უნიფიცირებული - ე.წ. სასჯელთა "უპირობო შეკრების" პრინციპი, როდესაც ნებისმიერ ვითარებაში, საქმის კონკრეტული გარემოებების მიუხედავად, დამნაშავის პიროვნებისა და ჩადენილ ქმედებათა საშიშროების მიუხედავად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიუხედავად, სასამართლოს ეკისრებოდა უპირობო ვალდებულება მთლიანად შეეკრიბა სასჯელები. 2013 წელს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უნდა გაუქმებულიყო სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპი და უნდა აღდგენილიყო ძველი, ალტერნატიული მიდგომის პრინციპი, რომლის მთავარი სიკეთეებია სასჯელის პროპორციულობა და ინდივიდუალიზაცია, აგრეთვე მოსამართლის დისკრეცია, საქმის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პრიოვნებისა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა საშიშროებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვროს, თუ რომელი პრინციპი გამოიყენოს - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების, მთლიანი შეკრების, თუ შთანთქმის. თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პარლამენტმა მიიღო 59-ე მუხლის ისეთი ვერსია, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი ყველა შემთხვევაში შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს. ფაქტიურად, ამით დადგენილ იქნა სასჯელთა "უპირობო შთანთქმის პრინციპი".

   იუსტიციის სამინისტროს, ისევე, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს მიაჩნიათ, რაც პრაქტიკამაც დაგვანახა, რომ სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპი ისევე ნაკლოვანია, როგორც სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპი, რადგან არც ასეთ შემთხვევაში ხდება საბოლოო სასჯელის დანიშვნა საქმის კონკრეტული გარემოებებიდან, დამნაშავის პიროვნებიდან და ჩადენილ ქმედებათა საშიშროებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპმა შეიძლება უბიძგოს დამნაშავეს, ერთ დანაშაულთან ერთად ჩაიდინოს ორი, სამი ან მეტი დანაშაული, ეცოდინება რა, რომ ფაქტიურად დაისჯება მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, რადგან ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველთვის შთანთქავს სხვა დანაშაულებისათვის დანიშნულ სასჯელს. ამიტომ ჩვენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს გარდა ასევე შედიან სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სისხლის სამართლის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები, მიღებულ იქნა წინადადება, რომ აღდგენილ იქნას ალტერნატიული მიდგომა და, ამასთანავე, სასჯელთა შეკრების შემთხვევაშიც კი დადგენილ იქნას საბოლოო სასჯელის ზედა ზღვარი. ჩვენს მიერ შემოთავაზებული რედაქცია ასეთია: "დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ ან იგივე ზომის სასჯელს ან სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების შემთხვევაში, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელისა და მისი ნახევრის ჯამს." საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის (სწორედ იმისა, რომლის მონაწილეობითაც იქნა შემოღებული თავის დროზე "უპირობო შეკრების" უკიდურესად უსამართლო პრინციპი) მტკიცებით, შემოთავაზებული რედაქცია თითქოს ბევრად უარესია იმაზე, რაც თავად მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მოგვახვიეს თავს ამ ქვეყანაში. ერთი კონკრეტული მაგალითი აშკარად წარმოაჩენს ამგვარი მტკიცების უსუსურობას. დავუშვათ, რომ პირმა ჩაიდინა 4 დანაშაული, რომელთაგან ერთისთვის მას დაენიშნა მაქსიმალური სასჯელი - 10 წელი; მეორესთვის - 7; მესამესთვის - 4; და მეოთხესთვის - 3 წელი. ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოღებული წესის მიხედვით, ამ პირს საბოლოო სასჯელად უნდა დანიშვნოდა 24 წელი, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ შემოთავაზებული სქემით, ამ პირს არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი, რადგან ეს არის ჯამი ყველაზე მკაცრი მაქსიმალური სასჯელისა (10 წელი) და მისი ნახევრისა (5 წელი). ცხადია, რომ 15 წელი 24 წელზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ არის ჩვენი მიდგომა იმაზე "უარესი", რაც წლების განმავლობაში ჰქონდა დადგენილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უპირობო შთანთქმის შემთხვევაში ამ პირს ვერ დაენიშნებოდა 10 წელზე მეტი, რადგან ეს სასჯელი შთანთქავდა ყველა დანარჩენს, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება მეტისმეტად ლმობიერი სასჯელი ყოფილიყო დამნაშავისათვის, რომელმაც ოთხი დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაგალითი ნათლად მეტყველებს ჩვენს მიერ შემოთავაზებული პრინციპის უპირატესობაზე ყველაზე უწინდელ ვარიანტთან შედარებით"-აღნიშნულია განცხადებაში.

 

3-07-2014, 19:15
უკან დაბრუნება