ივერიონი / დემურ გიორხელიძე:-"ქართული საზოგადოება კვლავ არშემდგარ საზოგადოებად რჩება..."

დემურ გიორხელიძე:-"ქართული საზოგადოება კვლავ არშემდგარ საზოგადოებად რჩება..."

   -"საქართველოს ისტორია დღეს არ დაწყებულა და დღეს არ დასრულდება, ანუ: საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერასოდეს იპოვის იმ ბოლო ნავთსაყუდელს, სავანეს, სამოთხეს, სადაც შეგვეძლება"გამოვრთოთ ძრავი" და მშვიდად და უდარდელად ვიცხოვროთ.

   ნავთსაყუდელი, სავანე,სამოთხე სახელმწიფოსთვის...ლოგიკური ჩიხია, სადაც არ არის განვითარება-ანუ აღარც სახელმწიფოა და აღარც თავისუფალი მისი ხალხი.

სახელმწიფო მისი ხალხის ფხიზელი, დაუღალავი, ინტენსიური, მიზანმიმართული და პროდუქტიული შრომის ხარჯზე ნარჩუნდება და ვითარდება...

   ჩვენი ისტორია რეტროსპექტულ კონტექსტში ა ს ე თ ი ა:

   21-ე საუკუნეა და ამ გადასახაედიდან, ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში, ორიენტაციაში 180 გრადუსით "შემოგვაბრუნეს": აღმოსავლეთით მიპყრობილი თვალები და უმძიმესი პერიოდი-მონგოლები პრაგმატული ხალხი აღმოჩნდა-ხარკს ითხოვდნენ და იდეოლოგიას არ გახვევდნენ-პირველი უდიდესი პრაგმატული გლობალისტები, გენიალური მხედარმთავრითა და ორგანიზაციული ახალი ფორმებით, თამაშის წესების დაცვას ითხოვდნენ მხოლოდ, რომელსაც აწესებდნენ.

ვაჟკაცობის ფასიც იცოდნენ-აკი, დაგვიფასეს ერთ ეპიზოდში. ვის შეუძლია თქვას-რაციონალური და პრაგმატული იყო თუ არა ქართული მხარის პოლიტიკა იმ პერიოდში?! იყო თუ არა გააზრებული გარე საფრთხეები?! თუ იყო, ქვეყნის შიდა პროცესებს როგორ შეეძლო სათავეში რუსუდან დედოფლის მოყვანა?!..

პროფესიული პასუხი-არ არსებობს!..

   ასე ამაზე ჯერ არ გვიფიქრია-გვაქვს შტამპი და, ინერციული აზროვნების გამო, მივყვებით ამ "დაშტამპულ აზროვნებას"...მცირეპერიოდიანი გაბრწყინების და სულის მოთქმის შემდეგ, -იწყება ყველაზე გაუგებარი და არასწორად აღქმული პერიოდი: სპარსთა და თურქთა დაპყრობების პერიოდი...იყო თუ არა ამ ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემპფერი ფეოდალური წყობილება (ანუ... ინტერესთა მრავალი ცენტრის არსებობა) გადარჩენის გარანტი?! შეიძლებოდა თუ არა განადგურების საფრთხეს მოქნილი პოლიტიკით არა მარტო შერბილებულიყო, არამედ, თავიდან აგვეცილებინა?! კოორდინაციის რა მექანიზმებს შეეძლო საფრთხეების მინიმიზაცია და განადგურების პირას არმისვლა, - რომლის ბოლო აკორდი აღა-მაჰმად ხანის სადამსჯელო ოპერაცია იყო (სწორედაც რომ სადამსჯელო-ორიენტაციის ცვლილების მცდელობების გამო)... არსებობდა თუ არა ალტერნატივა ორიენტაციის 180 გრადუსიანი ცვლილებისათვის, მაშინ, როცა ქართული საზოგადობა იმ სახით, რომელიც არსებობდა, ერთმანეთს თავპირს ამტვრევდა-სპარსი სჯობდა თუ ოსმალო?!

   პროფესიული პასუხი - არ არსებობს!

   დგება ჩრთილოური ორიენტაციის 200-წლიანი პერიოდი..მზე ჩრდილოეთიდან იწყებს "ამოსვლას", -736 ათასიანი მოსახლეობა, განადგურების პირას მისული და დაქსაქსული მხარეები, იმპერიული მიზნებიდან გამომდინარე, იკრიბება და ფართოვდება, მე 19 საუკუნის ბოლოს ქართული მოსახლეობა 5,5 მილიონია, მაგრამ...

ეს უკვე სხვა ხალხია, - მათში რაღაც შეიცვალა! ვის შეუძლია თქმა პროფესიულად, -რა შეიცვალა, რა დაიკარგა, რა მიიცვალა და რა შევიძინეთ და რის ფასად?!

   პროფესიული პასუხი - არ არსებობს!..

   ახლა მზე დასავლეთიდან იწყებს "ამოსვლას" და...ზუსტად ისეთივე სიტუაციააა, როგორც მე-18 საუკუნეში: გახლეჩილ საზოგადოებაში კვლავ "ალტერნატივებზე"

ამტვრევენ თავპირს ერთმანეთს: რუსეთი სჯობს თუ დასავლეთი, - ანუ... ისტორია მეორდება, მაგრამ ეს უკვე ფარსია.ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა, -

ეს უკვე სერიოზული დიაგნოზია გონებრივი გადახრისა.

   რა იქნება შემდეგ?!

  გარდა ილუზიებისა და ატრუებული ჟინიანობისა, -პროფესიულად ვერავინ მსჯელობს-დღეს მხოლოდ ბოლშევიკური უტიფრობა და ერთმანეთის შეურაცხყოფაა საუბრის ფორმა, -ანუ ქართული საზოგადოება კვლავ არშემდგარ საზოგადოებად რჩება, რადგან...საზოგადოება-ეს თანხმობაა ადამიანებისა საკუთარ მომავალზე.

ასეთი თანხმობა არ არსებობს. ტოტალიტარიზმიდან არგანთვისუფლებულ ქვეყანას ახალი ტოტალიტარიზმი შეეყარა თუ არ ჰგავხარ ერთ ჯგუფს აზროვნებაში, მაშინ სტანდარტულ "ლეიბლს" აწებებენ ერთმანეთს  და... ისევ თავპირს ამტვრევენ! 

   8 საუკუნეა, საკუთარი ხალხი და საკუთარი ქვეყანა საფუძვლად და გადარჩენის მთავარ საყრდენად არავის გაუხდია.

   რატომ?

   პროფესიული პასუხი - არ არსებობს!

 

დემურ გიორხელიძე

 

 

 

 

 

 

4-07-2014, 18:57
უკან დაბრუნება