ივერიონი / დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ტრაგიკული სტატისტიკის ფონზე "ქართულ ოცნებას" ვერ მივულოცავ"

დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ტრაგიკული სტატისტიკის ფონზე "ქართულ ოცნებას" ვერ მივულოცავ"

   დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს ახალ ტავმჯდომარეს არ იცნობს, მაგრამ მიესალმება, რომ ის აკადემიური წრის წარმომადგენელია და  გიორგი ალიბეგაშვილს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

   -"პირადად არ ვიცნობ გიორგი ალიბეგაშვილს, თუმცა ვიცი, რომ ის აკადემიური წრის წარმომადგენელია, რაც მისასალმებელია. მივესალმები, რომ პოლიტიკაში უხვად იყვნენ წარმოდგენილი მეცნიერები, ვფიქრობ, ეს ნამდვილად წაადგება ქართული პოლიტიკის განვითარებას. მე მას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება საკრებულოს, საკრებულოში, ჩვენ ყველა იმ საკითხს გავიტანთ, რაც თბილისის მერობის კანდიდატისთვის, ჩემთვის, იყო პრიორიტეტული.

 ვფიქრობ, რომ გიორგი ალიბეგაშვილის პრიორიტეტი ქვეყანაში, რომელშიც ადამიანების 2/3 შიმშილობის ზღვარზეა, რა თქმა უნდა, იქნება სოციალური პროექტების განხორციელება. აქაც მინდა ნარმანიას შევახსენო, რომ მან უხვად გასცა დაპირებები, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარების თაობაზე და აქაც ჩვენ გავუწევთ ჯანსაღ კონტროლს მათ და მე ვფიქრობ, რომ ფრაქცია "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", საკრებულოში იქნება ჩვენი ძალიან ეფექტური ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ ეს ყველა საკითხი გაკონტროლდეს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

   დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლორთქიფანიძე დედაქალაქის ახლადარჩეულ მერსაც გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"მეორე ტურში ჩემი გასვლა კრახით დასრულდებოდა ნარმანიასთვის. ეს არ არის სუბიექტური შეფასება, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად გამოიყენა "ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი. პირველ ტურშიც მელიას ხმები გაზრდილი იყო ხელოვნურად, რომ ლორთქიფანიძე მეორე ტურში არ გასულიყო და არ აღმოჩენილიყო პირისპირ ნარმანიასთან. მე, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნარმანიას და იცოდეს მან, რომ თითოეული მისი დაპირება იქნება ყოველთვიური მსჯელობის საგანი და ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ მოიგოს ამ პროცესიდან გამომდინარე. 

  რაც შეეხება მილოცვას "ქართული ოცნებისადმი", ვერ მივულოცავ მათ, მარტო იმ მიზეზის გამო, რომ პირველ ტურში მოსული ადამიანების ხმების ძალიან დიდი პროცენტი გაბათილდა, მე ასეთი ტრაგიკული სტატისტიკის ფონზე ვერ მივულოცავ , თუმცა, ფაქტის წინაშე ვდგავართ, თბილისს არასაოცნებო მერი ჰყავს, მას სჭირდება მხარდაჭერა, რომ ეს სამი წელიწადი  ნაყოფიერად, თბილისის საზოგადოების სასარგებლოდ ჩაატაროს"-განაცხადა ლორთქიფანიძე.

 

14-07-2014, 14:18
უკან დაბრუნება