ივერიონი / პრემიერი საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

პრემიერი საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

   -"მსურს, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო"-ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღე.

საქართველოს მთავრობის მეთაური დღესასწაულთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

   სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ორლანდს და ფრანგ ხალხს საქართველოსთვის რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. პრემიერის განმარტებით, საფრანგეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი ეტაპი ევროპული ცივილიზაციისთვის და ამ დღეს საფრანგეთთან ერთად აღნიშნავს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები.

   -"ჩვენთვის დიდი პატივია იმის ხილვა, რომ ჩვენმა სამხედროებმა ამ დილით პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული დროშით ჩაიარეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

   მისივე თქმით, საფრანგეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და სითბო აკავშირებს.

   -"არ შემიძლია განსაკუთრებული სითბოთი არ გავიხსენო ის ორი წელი, რომელიც გავატარე პარიზში. მე ვიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს დრო ძვირფასი და სრულიად დაუვიწყარია ჩემთვის,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

14-07-2014, 21:18
უკან დაბრუნება