მთავარი გვერდი > საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტეფან ფულეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტეფან ფულეს შეხვდა


18-07-2014 / 17:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტეფან ფულეს შეხვდა

   საქართველოს პარლამენტი დღეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას განახორციელებს, რაც საქართველოს ურყევი ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრაზე განაცხადა.

   საქართველოს პარლამენტში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებზე იმსჯელეს. საუბარი ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო.

   აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად და პროცესის ეფექტური კოორდინაციის მიზნით არსებობს ევროპაში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

   საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-ის შესახებ, რომელიც ასევე ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

   პრემიერმა ევროკომისარს რეფორმების პროცესში საქართველოს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

   შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

 


უკან დაბრუნება