ივერიონი / თბილისის "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

თბილისის "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

   საქართველოს სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილი 19 ივლისს,  თბილისის "სურბ ეჩმიაძინის"  ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს  ეხმიანება  და  სამართალდამცველებს  მოუწოდებს, მომხდარი ინციდენტი  ზედმიწევნით ზუსტად და ეფექტიანად გამოიძიონ . აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

  "კონტექსტიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სათანადო კვალიფიკაციით. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული თვითმხილველთა გამოკითხვებით, ასევე, ინციდენტის ამსახველის ვიდეომასალის შესწავლით დასტურდება, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების ჩადენასაც, როგორიც არის ხულიგნობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯანმრთელობის დაზიანება თუ სხვა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა, საგამოძიებო ორგანოებმა ზედმიწევნით სრულად მოიძიონ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ზემოაღნიშნული დანაშაულების ეთნიკური მოტივით ჩადენის ფაქტზე.

სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მოსამართლე უფლებამოსილი, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლის 31–ე ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლი, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნისას, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ეთნიკური ან სხვა დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას",- ნათქვამია განცხადებაში. 

   ნანუაშვილი აცხადებს, რომ  აღნიშნული  ინციდენტის ადეკვატურად გამოძიება და დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა დისკრიმინაციული მოტივით მსგავსი ქმედებების ჩადენის პრევენციას ხელს შეუწყობს.

 

22-07-2014, 13:04
უკან დაბრუნება