მთავარი გვერდი > დავით ჭედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

დავით ჭედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა


22-07-2014 / 14:43

დავით ჭედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე თბილისის მერიის " ქონების მართვის საგენტოს" უფროსი  დავით ჭედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"როგორც გამოძიებით დადგინდა დავით ჭედია 2011 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენს საჯარო მოხელეს. მის უფლება-მოვალეობას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის (ქალაქ თბილისი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების, განკარგვის და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი მომზადებული პროექტების ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე გატანა. 2013 წლის 17 ივლისს, ქალაქ თბილისის მერიამ მიმართა შპს "გუდაური სქი რესორტს"" და საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მოითხოვა 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გიორგი ღონიაშვილისათვის, რომელმაც შპს "გუდაური სქი რესორტ"-ის ფაქტიურ მფლობელს, გიორგი კაპანაძეს შესთავაზა 50 000 ლარის სანაცვლოდ, ქ.თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან საკუთარი კონტაქტების გამოყენებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება. გიორგი კაპანაძისგან თანხმობის მიღების შემდეგ, გიორგი ღონიაშვილი დაუკავშირდა თავის ნაცნობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" უფროსს, დავით ჭედიას, რომელსაც სთხოვა შპს "გუდაური სქი რესორტი"-სთვის დარიცხული პირგასამტეხლოს მოხსნა და ამასთან დაკავშირებით ქ.თბილისის მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანა. დავით ჭედია მოქმედებდა რა გიორგი ღონიაშვილის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს მოამზადებინა შპს "გუდაური სქი რესორტ"-ისთვის პირგასამტეხლოს მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტი და დაავალა საკითხის ქ.თბილსის მთავრობის სხდომაზე გატანა. 2014 წლის 25 აპრილს ქ. თბილსის მთავრობამ, დავით ჭედიას დავალებით მომზადებული საკითხის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს "გუდაური სქი რესორტ"-თვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი. 

   საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით", - აღნიშნულია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 


უკან დაბრუნება