ივერიონი / მთავარი პროკურატურის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი

მთავარი პროკურატურის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი

    დღეს, 22 ივლისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი. მოწვეული სტუმრები არიან ყოფილი პროკურორები, რომლებსაც წარსულში ეკავათ მაღალი თანამდებობები საკუთარი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებში, უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში.

 "მთავარი პროკურატურა გეგმავს, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან დააკომპლექტოს კონსულტანტთა ჯგუფი, რათა მაქსიმალურად იქნას გაზიარებული მათი გამოცდილება და გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაციები. ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას."- ნათქვამია განცხადებაში.

   სერ ჯეფრი ნაისი - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს.

   მოშე ლადორი-იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე  ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის საქმეც.

   სამუშაო პროცესში მოწვეული სპეციალისტების ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველი პროკურორების პროფესიულ წინსვლას, თვით პროკურატურის ორგანიზაციულ და სისტემურ ოპტიმიზაცია-განვითარებას, ასევე სხვა ქვეყნების პროკურატურებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.  

22-07-2014, 14:46
უკან დაბრუნება