ივერიონი / მერაბ შათირიშვილი: ირაკლი, არავისზე ნაკლები ქართული სულისa და ჯიგარის მატარებელი ხარ და გთხოვ, არ დაუშვა კაზანტიპი!

მერაბ შათირიშვილი: ირაკლი, არავისზე ნაკლები ქართული სულისa და ჯიგარის მატარებელი ხარ და გთხოვ, არ დაუშვა კაზანტიპი!

მწერალი მერაბ შათირიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს თხოვნით, არ დაუშვას კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში. გთავაზობთ მიმართვას სარედაქციო ჩარევის გარეშე.

 

ირაკლი ღარიბაშვილს!..

26 ივლისს, 7 საათსა და 30 წუთზე მივდივარ სახელმწიფო კანცელარიის წინ, იმ კანცელარიის წინ, რომელშიც, ჩემო ირაკლი, ნაციონალური მოძრაობის დროს კინაღამ სამსახურში მიგიღეს, მაგრამ უფლის კარნახით, „ქართუში", ბიძინა ივანიშვილთან, აირჩიე სამსახური და სწორადაც მოიქეცი (ჩვენ მაშინაც გაკეთებული გვქონდა არჩევანი და სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით), მას შემდეგ „ქართული ოცნების" მრავალათასიან მიტინგებზე ვხვდებოდით ერთმანეთს - ვამხნევებდით და ერთიანი ბრძოლით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვეთ, თუმცა უღირსი ძალა ბოლომდე ვერ მოვიშორეთ...

არასოდეს ვიფიქრებდი, მე, პროტესტის ნიშნად იმ შენობასთან მოვიდოდი საერთო პრობლემასთან დაკავშირებით და უკმაყოფილებას გამოვხატავდი, რომელშიც პრემიერ მინისტრის რანგში ზიხარ და ჩემს ქვეყანას მართავ, რაშიც ცოტაოდენი წვლილი ყველა შენს თანამებრძოლს მიგვიძღვის...

ხდება დაუჯერებელი რამ: რაც ნაციონალებმა ვერ გაბედეს და ვერ აკადრეს ქართველ ხალხს, ამას კადრულობს ამჟამინდელი პარლამენტი და ამჟამინდელი სამინისტრო: ჯერ იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ახლა - კაზანტიპის მოსალოდნელი „ფესტივალი“ ანაკლიაში, იმ ზღვართან, რომლის გადაღმა ჩვენი ძმები, აფხაზები ცხოვრობენ და ჯერჯერობით საერთო, მოყვრული ენა მათთან ვერ გამოგვინახავს...

 კაზანტიპის ენით ვესაუბრებით თუ თავს ვაწონებთ კავკასიური ადათ-წესებით მოარსებე მოძმე ხალხს?! რა ხდება, ესაა გზა ევროპისაკენ?!

არა, ჩემო ირაკლი, ესაა გზა უფსკრულისკენ, ქართული საზოგადოების გახლეჩვისკენ, ქართული სულისა და მეობის შეურაცხყოფისკენ... თუნდაც არ ხდებოდეს ამ კაზანტიპის ფესტივალზე ქართველთათვის საგანგაშო რამ და, ერის მნიშვნელოვან ნაწილს გადაჭარბებულად ეჩვენებოდეს ამგვარი „საზეიმო" კონცერტის არსი, საკმარისი არ არის ქართულ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით ორად გაყოფა? ეს ხომ საზოგადოების გახლეჩვას ნიშნავს?

 ჩვენ კი საზოგადოების გაერთიანებისთვის ვიბრძოდით, ქართული ღირებულებების დაცვისთვის ვიღწვოდით!...

24-07-2014, 14:33
უკან დაბრუნება