ივერიონი / რითი უცრუებს გოგა ონიანი ხელისუფლებას იმედებს და როდის ბრუნდება საქართველოში სააკაშვილი?

რითი უცრუებს გოგა ონიანი ხელისუფლებას იმედებს და როდის ბრუნდება საქართველოში სააკაშვილი?

   საქართველოს პროკურატურის მოწვევით თბილისში უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს. საზოგადოებაში ამ ჯგუფის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მათ ჩამოყვანას არ ამართლებს ადვოკატი გოგა ონიანი და ამბობს, რომ "მათთვის ასტრონომიული თანხის გადახდა საქართველოს ისედაც გაჭირვებული ბიუჯეტიდან ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის (გაფლანგვის) ნიშნებს"

- რა აუცილებლობით არის განპირობებული უცხოელი ექსპერტების საქართველოში ჩამოყვანა და თუ არის თქვენთვის ცნობილი ის საქმეები, რომელსაც ეს ექსპერტები გაეცნობიან?

-აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები არიან ყოფილი პროკურორები (ბრალმდებლები) და არა სისხლის სამართლის სპეციალისტები, მათი დამქირავებელი არის საქართველოს პროკურატურა და შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა აქვს საკმაოდ დაბალი. ვთვლი მათი ჩამოყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და პირიქით, მათთვის ასტრონომიული თანხის გადახდა საქართველოს ისედაც გაჭირვებული ბიუჯეტიდან ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის (გაფლანგვის) ნიშნებს. დღეს ხელისუფლება ხვდება, რომ უახლოეს მომავალში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ერთმანეთის მიყოლებით გამოიტანს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე გამამართლებელ გადაწყვეტილებებს და დააკვალიფიცირებს როგორც პოლიტიკურ დევნას და სწორედ ერთ-ერთი მიზანი ამ პროკურორების ჩამოყვანის აღნიშნული პროცესის გადაფარვაა. ამავე დროს ცხადია, რომ დღემდე ხელისუფლებამ ვერაფერი მოუძებნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ვერ წაუყენა მას ბრალი, ეს კი დღევანდელი ხელისუფლებისთვის მათი გადმოსახედიდან ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

-და ეს ჯგუფი შეძლებს ასეთი ბრალის წაყენებას? და კიდევ, შეძლებენ თუ არა ამ ექსპერტთა ჯგუფთან ჩვეულებრივი მოქალაქეები შეხვედრას? ვიცით, რომ ვაზაგაშვილმა და რობაქიძემ მოითხოვეს შს მინისტრისგან მათთან შეხვედრის ორგანიზება.

-ცხადია, რომ ამ პროკურორების ჩამოყვანა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული და საზოგადოებას ეს ადამიანები არ მოემსახურებიან. ეს პროკურორები თუ დიდხანს დაჩებიან, არ მოუწევთ ცრუ ბრალდებების ,,გაპრავება", არამედ მონაწილეობას მიღებებენ მათი ჩამომყვანების საკმაოდ გამჭირვალე სასამართლო პროცსებში.

-რა ცრუ ბრალდებაზეა საუბარი?

-დღეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული ბრალების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

-რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ მომავალში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ერთმანეთის მიყოლებით გამოიტანს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე გამამართლებელ გადაწყვეტილებებს და დააკვალიფიცირებს როგორც პოლიტიკურ დევნას?

-თუნდაც ის, რომ ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმე სტრასბურგის სასამართლოში დაჩქარებული წესით განიხილება, რაც 100- დან მხოლოდ 1 პროცენტში ხდება როგორც წესი. ასევე ის, რომ დღემდე ყველა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების გადმოცემაზე და არნიშნული პოლიტიკური მოტივებით ახსნა.

-რახან მერაბიშვილი ახსენეთ, საკმაოდ მიჩუმდა მისი საკნიდან გაყვანა-არგაყვანის საკითხი, და საზოგადოებაში კიდევ ერთი უპასუხო კითხვა დარჩა. დადგება თუ არა ეს საკითხი კიდევ განხილვის საგანი და საერთოდ, რაღაც უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთი საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, რომ მეორე საქმით გადაიფარება, როგორ ფიქრობთ, რატომ?

-როგორც ჩანს 9 წელი არ იყო საკმარისი ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო და გამართლიყო სახელმწიფო სტრუქტურები რომელნინ დამოუკიდებელნი იქნებოდნენ პოლიტიკური გავლენისაგან, ალბათ ჩვენც დავაკელით ამ მხრივ ძალისხმევა.

-თქვენ ამბობთ, რომ გიგი უგულავას საკანში არა აქვს პირობები, თუმცა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ იგივე მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა განსაკუტრებულ პირობებში არიან.

-არანაირი განსაკუთრებული პირობები, დაგთანხმდეთ სასჯელაღსრულების სამინისტრო და აღნიშნული პირები დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებენ ჟურნალისტებს ამჟამინდელ მათ საცხოვრებელში, ,,საკნებში".

-რა ბედი ელის "ნაციონალურ მოძრაობას"? ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა მედია საშუალებები ირწმუნებიან , რომ სააკაშვილი ბრუნდება საქართველოშიო.

-დღეს ხელისუფლებაში ბევრი ,,ოცნებობს", რომ სწორედ ახლა ჩამოვიდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა როგორც მინიმუმ დააპატიმრონ ან მოახდინონ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია,  მინდა გაუცრუვო იმედები და ვუთხრა, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება მაშინ, როცა საზოგადოებაში იქნება ამისთვის სრული მზაობა და მათთან ერთად გააგძელებს ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციის პროცესს.

-როგორ ფიქრობთ, როდის იქნება ეს მზაობა და რატომ გგონიათ, რომ იმ 9 წლიანი პერიოდის შემდეგ, რაც ხალხმა დანაშაულებრივ რეჟიმად შეაფასა, საზოგადოება კიდევ გაყვება სააკაშვილს?

-ეს ერთის მხრივ დამოკიდებულია თუ რამდენ სისულელეს ჩაიდენს ხელისუფლება და მეორეს მხრივ, როდის გაცხადდება დღევანდელი ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკა ჩვენი ნომერ პირველი მტრის, რუსეთის მიმართ. ფაქტებს ვერავინ დაამახინჯებს, საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს 2003 წლეს რა ქვეყანა ჩაიბარა მიხეილ სააკაშვილმა და მიუხედავად შეცდომებისა რა ქვეყანა გადააბარა დღევანდელ ხელისუფლებას 2012 წელს. ეს მიღწევები საჭიროებს გაგრძელებას, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანა უნდა საბოლოოდ აქციოს ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესები იქნება დაცული.

-ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ალბათ მკითხველსაც დააინტერესებს, რატომ იხსენიებთ სააკაშვილს პრეზიდენტად და არ საუბრობთ მასზე როგორ ექს-პრეზიდენტზე?

-ეს ადამიანი დღესაც დაკავებულია საქართველოს პოპულარიზაციით და მისი პოზიციების დაცვით მსოფლიოში რასაც უნდა აკეთებდეს ქვეყნის მოყვარული ნებისმიერი ლიდერი და პრეზიდენტი.

 

24-07-2014, 23:16
უკან დაბრუნება