ივერიონი / საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა შს სამინისტროში

საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა შს სამინისტროში

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა

 

   შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, რომელზეც "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის" სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინეს .

 

   უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით შეიქმნა და მისი ფუნქციებია: "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის" განახლება და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, მის განხორციელებაზე მონიტორინგი, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება.

 

   სხდომაზე ასევე განიხილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შემფასებელი მისიის ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღკვეთის საკითხებზე ევროკავშირის ექსპერტის შეფასების ანგარიში.

 

   ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) ,ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის(DOJ) წარმომადგენლები და სხვა უცხოელი პარტნიორები.

26-07-2014, 13:21
უკან დაბრუნება