ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი:-"არ ვარ მომხრე ვადამდელი არჩევნებისა და პროცესის აჩქარების"

სალომე ზურაბიშვილი:-"არ ვარ მომხრე ვადამდელი არჩევნებისა და პროცესის აჩქარების"

   საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალებს" არათუ ოპოზიციად, არამედ პოლიტიკურ ძალადაც არ აღიქვამს, თუმცა ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სწორედ ნაციონალების რიცხვის შესამცირებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ზურაბიშვილი  მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ წრეებში ჯერ არ ჩანს ის ძალა, რომელიც ნამდვილ და ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება. 

   "საქართველოს გზის" ლიდერი აცხადებს, რომ "საქართველოს უჭირავს გამორჩეული ადგილი იმ ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა უსაფრთხო და დაცული არ არის. ეს კი დემოკრატიის პირველივე მოთხოვნაა".

   -"პირველი მოლოდინი და მოთხოვნა სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრთან და პროკურორთანაა, და რეალურად პრემიერთან. სწორედ აბსტრაქტული სამართლიანობის აღდგენას კი არ უკავშირდება, არამედ ამ საქმეების გახსნასა და დახურვას ერთხელ და სამუდამოდ, რათა ცხოვრება დავიწყოთ და პოლიტიკური აქტიურობა შევძლოთ ისეთ ქვეყანაში, სადაც კამათი და უთანხმოება პოლიტიკურ დებატებსა და არჩევნების მოედანზე წყდება და არა ანგარიშსწორებით, მკვლელობით ან თვითმკვლელობამდე მიყვანით. ამისთვის იქნა არჩეული ეს მთავრობა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ამაზე იქნება ის ანგარიშვალდებული"-ამბობს ზურაბიშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.

   როგორც მოსალოდნელი იყო, ზურაბიშვილი არ ეთანხმება კვალიფიკაციას: "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციასთან გაიგივება, მისი ჩათვლა, როგორც ერთადერთი ოპოზიცია და მისივე თქმით მისთვის ამ მონოპოლისტური ადგილის დამკვიდრება, პოლიტიკურად ძალიან ცუდ შედეგთან მიგვიყვანს. 

   -"ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას რეალურად არ ჰყავს ოპოზიცია. ვერც ეყოლება, სანამ ყველა შესაძლო ბრალეულობა არ გასამართლდება. ნათელია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თავისუფალი ქმედების საშუალება არასდროს მიეცემა და სულ დამოკლეს მახვილის ქვეშ იქნება. ხელისუფლებას შეიძლება დროებით აწყობდეს, ან ასე მიიჩნევდეს საჭიროდ, რომ მხოლოდ ფრთებმოჭრილი ოპოზიცია ჰყავდეს! ესეც არასწორი გათვლაა და ეს კარგად დაგვიმტკიცა სააკაშვილის რეჟიმმა – ხელისუფლება, რომელსაც შემაკავებელი და შემძახებელი ოპოზიცია არ ჰყავს, ნელ-ნელა და შემდგომ ჩქარ-ჩქარა ავტორიტარიზმში გადადის. ასეთია პოლიტიკის კანონი. რაც შეეხება უგულავასა და სხვა პირების დაკავებას, ჩემი აზრი უკვე გაგიზიარეთ: მიმაჩნია, რომ დაკავება აუცილებელი არ არის, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს და ამის მსაჯი სასამართლო უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ვერავინ შეიტანს ეჭვს მის გადაწყვეტილებაში... მე ვერ შევაფასებ, უგულავა ქვეყანას ტოვებდა თუ არა, რომ სასამართლოს წინაშე არ წარმდგარიყო, მაგრამ არსებობს ამის საფუძვლიანი ეჭვი. თუნდაც სააკაშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის, იაკობაშვილის, ლომაიას მაგალითებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უცხოეთის რჩევებსა და ჩარევებს, მგონი, ცოტა გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ: ერთადერთი აუცილებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, მტკიცებულებების ხარისხია. საქმე უნდა იყოს სერიოზულად მომზადებული... ისე, რომ ვერავინ შემოგედავოს. სამწუხაროდ, დღეს ორივე მხარე უცხოელების შენიშვნების უკან იმალება. ნაციონალები საზოგადოებას ვითომ აჯერებენ, რომ ჯერ კიდევ ჰყავთ მხარდამჭერები დასავლეთის ქვეყნებში, რაც ძალიან გადაჭარბებულია. ამას ვამბობ ჩემი გადასახედიდან, ევროპაშიც და ამერიკაშიც; მეორე მხრივ, სამწუხაროდ, თვით ხელისუფლებაც ავრცელებს ამ აზრს, რათა ამით გაამართლოს მისი არაეფექტურობა ამ კუთხით, ვითომცდა უცხოეთის აზრს იზიარებენ და ამიტომ არ ასამართლებენ მათ, ვინც გასასამართლებელია, ან აგვიანებენ?! უცხოეთი უცხოეთია, მაგრამ ჩვენი ბედი და ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და ქვეყანა, სადაც სასწრაფოდ არ აღდგება სასამართლოსადმი ნდობა, ვერც ეკონომიურად, ვერ საზოგადოებრივად და ვერც პოლიტიკურად ფეხზე ვერ დადგება. გავიმეორებ, რათა ცუდად არ გამიგოთ: არ ვარ შურისძიების მომხრე და არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უნდა გავიგოთ, რა ხდებოდა, ვინ დააშავა და იმათ უნდა აგონ პასუხი(სასჯელი იქნება ეს თუ თანხების დაბრუნება)"

   სალომე ზურაბიშვილი მთავარი პროკურატურის მოწვევით თბილისში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი ჩამოსვლასაც შეეხო და ინტერვიუში განაცხადა:

   - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ ჯგუფს არა მგონია, საშუალება ეძლეოდეს, უშუალოდ ჩაერიოს გამოძიებაში. თუმცა ცხადია, მათი ჩამოსვლა, მათთვის ზოგიერთი ფაქტის გაზიარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რაც ადრე უკვე ვახსენე: ნდობის გაჩენა, სერიოზულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიება და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ფაქტია, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული პირებისთვის ზრდის იმის შიშს, რომ შენიშვნები უცხოეთიდან უკვე უსაფუძვლო იქნება, ან მოსახლეობას ვეღარ დაარწმუნებენ ამაში. შესაბამისად, მათი პროპაგანდის ეს ნაწილი ფუჭი ხდება. ჩემთვის ძნელი სათქმელია, რამდენად უკავშირდება ან აადვილებს ეს სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასა თუ მისი ექსტრადიციის მოთხოვნას... ეს ჩემგან დაუსაბუთებელი ვარაუდი გამოვა და ამდენად არასაინტერესო...

რაც შეეხება საზოგადოებასა და პოლიტიკოსთა ნაწილში გაჟღერებულ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ზურაბიშვილი არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ  არც მატერიალური და არც პოლიტიკური გარემო ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ რეალური ოპოზიცია ჩამოყალიბდეს და ახალი სისხლი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში…

   -"საპარლამენტო არჩევნები ორ წელიწადში ისედაც იგეგმება. იმ დროისთვის ყველაფერი ბევრად ნათელი იქნება: ამ ხელისუფლების წარმატებები თუ წარუმატებლობა გამოძიებებისა და სასამართლოების შედეგებით გაირკვევა, მათ შორის დამნაშავეების რიცხვი და ვინაობა (ამის იმედი მაქვს). ამდენად, არ ვარ მომხრე ვადამდელი არჩევნებისა და პროცესის აჩქარების. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ნაციონალები ჯერ კიდევ გამყალბებელი მანქანის გამოყენებით გავიდნენ მეორე ადგილზე 2012 წელს. ისიც ფაქტია, რომ დღევანდელი უმრავლესობის არც ერთი დეპუტატი ან პარტია თავისით არ იქნა არჩეული. ამდენად, ამ პარლამენტის ლეგიტიმურობის დონე ძალიან დაბალია, არ მიწყინონ და მათი მუშაობის დონეც ასეთივეა".

 

29-07-2014, 08:07
უკან დაბრუნება