ივერიონი / ენმ-ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო

ენმ-ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს:

 

"დღეს საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე ბრალი წაუყენა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურა ადეიშვილს და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავას. 

 

პროკურატურის სპიკერმა წარმოადგინა ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით გაჯერებული ბელეტრისტიკული მოთხრობა, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური იარაღი და მის მოქმედებას არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან და კანონიერებასთან.

 

ნაცვლად იმისა, რომ აესრულებინა თავისი საარჩევნო დაპირებები და ეზრუნა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ივანიშვილმა მიზნად დაისახა ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალის - საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება. ყველა მისი აქტივობა და ძალისხმევა  სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ღიად განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ აქტიურობასა და მის პოზიციაზე იყო დამოკიდებული, განხორციელდებოდა თუ არა დევნა პარტიის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ბუნებრივია ნაციონალურმა მოძრაობამ ეს შემოთავაზება არ მიიღო და გააგრძელა აქტიურობა, როგორც ერთადერთმა რეალურმა ოპოზიციურმა ძალამ. რის შედეგადაც დააპატიმრეს  პარტიის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი, ქ. თბილისის ყოფილი მერი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია  და გამგებლობის კანდიდატები. ნაციონალური მოძრაობის ასობით  ლიდერისა და აქტივისტის წინააღმდეგ  მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. რამდენიმე ათასი აქტივისტი იქნა დაკითხული.

 

მიუხედავად ამისა, 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებმა საბოლოოდ დაარწმუნა ბიძინა ივანიშვლი და "ქართული ოცნება", რომ ნაციონალური მოძრობის განადგურება ვერ მოხერხდა, უფრო მეტიც, პარტიის მხარდაჭერა გაიზარდა.

 

აშკარაა, რომ სწორედ ამის გამო ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი დაიწყო.

 

პროცესებზე დამაჩქარებლად იმოქმედა მიხეილ საააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების აქტიურობამ უკრაინაში. იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის აგრესიას უკრაინაში, საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩის მსგავსად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული და როგორც ჩანს, მას განსაკუთრებით აღიზიანებს პრეზიდენტ სააკაშვილის აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

 

ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ:  რეპრესიები ვერ შეაჩერებს ოპოზიციის პოლიტიკურ საქმიანობას და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად".

 

29-07-2014, 13:23
უკან დაბრუნება