ივერიონი / "ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა!" ანუ დაჭერების სერიის მოლოდინში

"ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა!" ანუ დაჭერების სერიის მოლოდინში

საზოგადოება შურისძიების მოლოდინშია – ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოში დაჭერების სერია დაიწყება და ამით ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სამრთლიანობის განცდას დაამკვიდრებს...


აღნიშნული ვერსია საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის – "ნაციონალების" ხელიუფლებამ იმდენად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა (ჯერჯერობით დატოვა კი?!) პოლიტიკური ნიშნით იმდენი უდანასაულო ადამიანი იხდის სასჯელს, რევანშისტული განწყობა არ უნდა გაგვიკვირდეს. წინასაარჩევნოდ აჟიტირებულმა ციხის კადრებმა კი საერთოდ შოკში ჩააგდო ისედაც შეურაცხყოფილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი თვლის, რომ "ნაციონალების" და საერთოდ, არჩევნების ბედი სწორედ ამ ამაზრზენმა კადრებმა გადაწყვიტა.


საკამათო არ არის, რომ უზნეობასა და ძალმომრეობას წერტილი უნდა დაესვას და ქვეყანაში სამართალმა უნდა იზეიმოს, მაგრამ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ისე, რომ საზოგადოებაში დაგროვილი შურსძიების მუხტი სამართლიანი სახელმწიფოს ფორმირების სურვილმა შეცვალოს?


სიტყვა სამართალი ვახსენეთ… და აქვე ვიტყვით, რომ როგორც წესი, ორი სახის სამართალი არსებობს _ ზეციური, ანუ უფლისმიერი და ამქვეყნიური, ანუ ადამიანური. კაცობრიობამ რაც არ უნდა მოინდომოს, ამქვეყნიური სამართალი თავისი ობიექტურიბით ახლოსაც ვერ მოვა უფლისმიერ სამართალთან, მაგრამ, როცა სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობაზეა საუბარი, უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო სისტემა შორს იდგეს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების, ანუ ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობისგან.


ჩვენ ხშირად გვესმის ტერმინი "კანონის უზენაესობა", რაც სამართლიანი გადაწყვეტილებების პრაქტიკას გულისხმობს. სამართლიანი გადაწყვეტილებების დამკვიდრებას კი თავისუფალი სასამართლო სისტემა სჭირდება, რომელიც ამა თუ იმ ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე არ არსებობს. თუ როგორი იყო "ნაციონალების" პოლიტიკური ნება, ეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ უფრო საინტერესოა, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რამდენად იდენტური იქნება იგი წინასაარჩევნო დაპირების, რომ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს?!


ახალი მთავრობა ღიად საუბრობს, რომ არც ერთი მძიმე დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება და დამნაშვენი, რა იმუნიტეტითაც არ უნდა სარგებლობდნენ ისინი, დაისჯებიან. მართალია, უსამართლბით დაღლილი და შეურაცხყოფილი საზოგადოება მოუთმენლად ელის დანაპირების შესრულებას, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად მოუტანს სარგებელს ამ საქმეში აჩქარება ქვეყანას და იგივე საზოგადოებას? მით უმეტეს, ფაქტობრივად, ორხელისუფლიანობის პირობებში ცხოვრების პირველი დღეები დაფიქრებისა და სიფრთხილის აუცილებლობის პირობებში უფრო გვაყენებს, ვიდრე რევანშისა და აჩქარების. ორი აზრი არ არის, რომ დამნაშავენი უნდა დაისაჯონ, რომ როგორც იტყვიან, "სამართალმა პური ჭამოს", მაგრამ ეს ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ!


საზოგადოება თვლის, რომ ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა გახმაურებული საქმეების გამოძიებით უნდა დაიწყოს. უკვე სააკაშვილის ხელისუფლების ოდიოზური ფიგურების გვარებსაც ასახელებენ, ვინც პირველები უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე. განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ყოფილი ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას, აფრასიძეების, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და სხვა დღემდე ბურუსით მოცული საქმეების დაჩქარებით გამოძიება. ასევე ინტერესის სფეროა პოლიტიკური და ქონებრივი მოტივით უკანონოდ დაპატიმრებულთა საქმეების გადახედვაც. ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ ამ ზემოთხსენებულ დანაშაულობებში სააკაშვილის მაღალჩინოსნების: ადეიშვილის, მერაბიშვილის, ბარამიძის, ძმები ახალაიების, კეზერაშვილის და "ძმათა მათთა" გვარები იკვეთება. თუმცა, ჯერჯერობით არ ახსენებენ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ძალოვან უწყებებში მუშაობის პერიოდში საკმაოდ გამოიჩინა თავი მაქსიმალური სიხისტითა და დაუნდობლობით. მის კისერზეა არაერთი უკანონოდ შეკერილი საქმე, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სააკაშვილის ციხეში გამწესება მოჰყვა. ცალკე საუბრის თემაა ქონების "ჩუქებისა" და გადაფომების მოტივით გადავსებული ქართული ციხეები.
ცხადია, ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ ე.წ. "დაჭერების ტალღა" არ უნდა აგორდეს. მით უმეტეს, უნდა გამოვრიცხოთ "ტელე-დაჭერების"" პრაქტიკა, რომელიც საკმაოდ აღიზიანებდა საზოგადოებას.


არ არის უსაფუძვლო, როცა საზოგადოება ხელს სააკაშვილზე, როგორც დამკვეთზე და დირიჟორზე იშვერს და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, მაგრამ ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა. ჯერ ერთი, ის მოქმედი პრეზიდენტია თავისი განსაზღვრელი კონსტიტუციური უფლებებით, რომლის განკარგულებაშია საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები, რომლებმაც უნდა დადონ დასკვნა მის ბრალეულობზე. მეორეც, ახალი მთავრობა ჯერ არ არის სათანადოდ მომზადებული იმისათვის, რომ ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა იტვირთოს. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩევნი სურვილები და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს, რასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.


რაც მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება საკანონმდებლო სისტემაში არსებული შეუსაბამობების გასწორებითა და ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი კანონპროექტების უზრუნველყოფით უნდა დაიწყოს – ისეთი კანონების, რომელიც ღირსეულად დაიცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს შეუწყობს სამართლიანი სახელმწიფოს ფორმირებას.


ამასთან, ჩვენ უარი უნდა ვთქვთ სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე და ქვეყანაში ნაცვლად შურისძიებისა ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო უნდა დავამკვიდროთ. ფორმულა – "ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" სამართლებრივ და ცივილიზებულ სახელმწიფოს არ აგვაშენებინებს.


ასე რომ, ჯერი ახალ ხელისუფლებაზეა.


ზაურ შოთაძე

29-10-2012, 09:18
უკან დაბრუნება