ივერიონი / მუხრანელი მოსწავლეები განახლებულ სკოლებში ისწავლიან

მუხრანელი მოსწავლეები განახლებულ სკოლებში ისწავლიან

  საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც შიდა ასევე, გარე მოპირკეთებითი და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

  სოფელ მუხრანის #2 საჯარო სკოლის შენობა გასული საუკუნის დასაწყისში იყო აშენებული, ავარიული და ამორტიზირებული შენობის ადგილზე 2013 წლის დეკემბერში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ფუნქციონირებას შეუდგება.

  სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მშენებლობისათვის გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალები, შენობა აღჭურვილია თანამედროვე გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, სკოლას ექნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა. სასწავლო შენობაში საკლასო ოთახებისა და დირექციის გარდა, გათვალისწინებულია ასევე კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი და დამხმარე სათავსოები, ახალი სასწავლო წლითვის სკოლას თანამედროვე სასკოლო მერხები, დაფები და ახალი კომპიუტერები გადაეცემა.

 ახალ სკოლაში ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეს ინდივიდუალური რეკრიაციის ზონა ექნება. საჯარო სკოლაში მოწყობილია ლიფტი, ხოლო მთლიანი შენობა და ეზოს კეთილმოწყობა გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზეც. სკოლას ექნება ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი.

სოფელ მუხრანის #2 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 9 სკოლიდან, რომლის მშენებლობაც 2013 წლის ბოლოს დაიწყო. 

11-08-2014, 14:11
უკან დაბრუნება