ივერიონი / ლაშა ამირეჯიბი: ვურჩევ ივანიშვილს, საკადრო პოლიტიკას ფრთხილად მოეკიდოს!

ლაშა ამირეჯიბი: ვურჩევ ივანიშვილს, საკადრო პოლიტიკას ფრთხილად მოეკიდოს!

 

საქართველოს ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ამირეჯიბი.

 

_ ლაშა, საზოგადოების დიდი ნაწილი დაუფარავად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტით, ხალხს "ქართულ ოცნებას" ვერ აუსრულებს. ეთანხმებით?

 

_ უკვე დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტი და ამ ეტაპზე მას აღარაფერი ეშველება. მინდა საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც უკმაყოფილოა და უფრო მეტს მოელოდა, დავუდასტურო, დიახ, უკეთესი შეიძლებოდა! თუმცა, მოდით, ვაცადოთ ბიძინა ივანიშვილსა და მის მინისტრებს, ჯერ საქმის კეთება არ დაუწყიათ. ვნახოთ, შესაძლოა, ვინც ყველაზე შეუფერებელი მიმაჩნია თანამდებობისთვის, იმან ივარგოს და პირიქით. მოდით საქმის კეთება ვაცალოთ და თავად საქმე წარმოაჩენს ყველას.

 

_ ბიძინა ივანიშვილი ხალხს, უპირველესად, სამართლიანობის აღდგენას დაპირდა. თქვენ გაქვთ განცდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება?

 

_ არა, ამგვარი განცდა ჯერ არ მაქვს. საზოგადოება მართალია, როცა იმ ხალხის დასჯას ითხოვს, ვინც მონაწილეობდა უამრავ დანაშაულში. აქ კი, რა ხდება? სოზარ სუბარმა ე.წ. მატროსოვის კოლონიის უფროსად დანიშნა გიორგი ხიზანიშვილი, შს სამინისტროს თანამშრომელი. იცით, ვინ არის ეს გიორგი ხიზანიშვილი? ზურაბ ვაზაგაშვილი და კიდევ რამდენიმე უდანაშაულო ბიჭი რომ ჩაცხრილეს სანაპიროზე, კორტებთან, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა! მე არ ვიცი, იმ სპეცოპერაციისას ხელში ავტომატი ეჭირა თუ მძღოლი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ეს დანამდვილებით ვიცი. მოდი რა, ჯერ კორტების საქმე გამოიძიე და თუ უდანაშაულო აღმოჩნდება, მერე დანიშნე საპასუხისმგებლო პოსტზე. როცა ასე არ ხდება, საზოგადოება უკმაყოფილო იქნება, აბა, რა?! კიდევ ვიმეორებ, ხალხი ახალი ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დასჯას ითხოვს! მე, როგორც ბიძინა ივანიშვილის კეთილმოსურნე, "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით ვლაპარაკობ, თორემ, ვინ მაძალებს? კიდევ არაერთ ამგვარ ფაქტს გეტყვით ქვემოთ. რა ხდება იცით? ძველი, მართლა კორუმპირებული თუ სხვა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ხალხის მაღალ პოსტებზე დანიშვნა საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ უკან ვბრუნდებით _ წარსულში, იმ წარსულში, რომელიც ძლივს მოვიცილეთ. თუ ისევ "ნაციონალებს" ჩაუგდე ხელში სოლიდური პოსტები და თუ ისევ ისინი დარჩნენ, აბა, ხალხმა რატომღა მისცა ხმა "ქართულ ოცნებას"? უპირველესად იმიტომ, რომ "ნაციონალები" მოეცილებინა! 

 

_ როგორ ფიქრობ, სხვა მაღალ პოსტებზეც "იპარებიან" ყოფილი "ნაციონალები?"

 

_ კი, საკადრო პოლიტიკაში აშკარად მოიკოჭლებს "ქართული ოცნება". მარტო მინისტრთა კაბინეტი ხომ არ არის საკადრო პოლიტიკა? ამ მინისტრების გადაწყვეტილებები ვინც შემდეგ უნდა განახორციელოს, იქ უნდა იყვნენ წესიერი და პროფესიონალი ადამიანები, თორემ არაფერი გაკეთდება. ისე არ გაკეთდება ყოველ შემთხვევაში, როგორც საჭიროა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული პოლიციის უფროსის მოადგილედ ინიშნება თემურ მამნიაშვილი. ეს კაცი ადრე, 1999-2004 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკოპოლიციის უფროსად მუშაობდა და სწორედ იმ დროს უმოწყალოდ გაიჩეხა ამ რეგიონში ხე-ტყე. ერთი "ფურა" რომ გაეტანათ, თემურ მამნიაშვილს მის წილად 800 დოლარს უხდიდნენ. არადა, დღეში 200-300 "ფურა" გადიოდა. ეს ყველაფერი ხომ ძალიან კარგად იციან ახალქალაქელებმა, ბორჯომელებმა და ადიგენელებმა? როგორ გინდა დააჯერო ახლა ეს ხალხი, რომ ეს თემურ  მამნიაშვილი, რომელიც რეგიონში კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, ახლა ანგელოზად იქცა და ხელი არ წაუცდება უკეთური საქმისკენ? ყველა სავლე პავლედ ვერ იქცევა, ეს ხომ ფაქტია? მე მხოლოდ ორ, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელ საკადრო გადაწყვეტილებებზე გითხარით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ არჩევნებიდან ერთი თვეც არ გასულა. თუ ასეთი საკადრო პოლიტიკა გააგრძელეს, ქვედა დონეზე "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი შეცდომა დაუგროვდება და მათგან ბევრი საბედისწეროც.

 

_ ბიძინა ივანიშვილი ვერ გააკონტროლებს ყველაფერს, მან დანაპირები შეუსრულა ხალხს _ "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ეს მინიშნება საკადრო შეცდომებზე მისმა თანაგუნდელებმა გაიგონონ და გაითვალისწინონ...

 

_ სწორედ მათ გასაგონად ვამბობ ამ ყოველივეს, მაგრამ ზოგს არ ეყურება, ზოგს არ უნდა გაიგოს. ივანიშვილთან საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გია ხუხაშვილი იყო, რომელიც, როგორც იქნა, ჩამოეხსნა ივანიშვილს.

 

_ რას აფუჭებდა ხუხაშვილი?

 

_ რას აკეთებდა? თუ ჩვენ "ქართული ოცნების" კიდევ სხვა შეცდომები დაგვხვდა წინ, ეს ხუხაშვილისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის "წყალობაა", რომელთაც ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად მიანდო რეგიონებში საკადრო პოლიტიკის წარმოება, ნაწილობრივ, თბილისშიც.

 

_ ახლა ხუხაშვილი აღარ არის "ქართულ ოცნებაში"...

 

_ თუმცა იქ დარჩა ხალხი, რომლებიც ხუხაშვილმა მიიყვანა. მე ვამბობ და ეს გზადაგზა გამოჩნდება _ არაერთი ოდიოზური ფიგურა ამოტივტივდება მაღალ-მაღალ პოსტებზე! სხვათა შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დატოვებას უპირებდნნენ შალვა ჯანაშვილს. ეს ის კაცია, რომელიც 26 მაისის სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. იმ ღამეს 4 კაცი დაიღუპა და ასეულობით ადამიანი სასტიკად სცემეს. აი, ასეთ კადრებს ლობირებდა გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებაში". ლევან გვაზავას და მისი ჯგუფის დაბრუნება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ხუხაშვილის იდეა იყო, მაგრამ დროულად შეაჩერეს. ასე რომ მომხდარიყო ხალხი მართლა იფიქრებდა,  წარსულში დავბრუნდითო.

 

_ ლაშა, კიდევ რა შენიშვნას მისცემდი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას?

 

_ ვიდრე შენიშვნაზე გადავალ, კიდევ ერთხელ ვიტყვი _ მაგათთვის სიკეთე რომ მინდა, იმიტომ ვლაპარაკობ. მართლმასჯულება უნდა აღდგეს ქვეყანაში და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ვინც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. იცით, ვისზეც ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, "ნაციონალებმა" იმდენი უბედურება დაატეხეს ქვეყანას თავს, მათი დასჯის გარეშე სამართლიანობა ვერ აღსდგება, მართლმსაჯულება ვერ იზეიმებს.

 

ისე სამართლიანობის აღდგენა მარტო დამნაშავის დასჯა არ არის, უდანაშაულოდ დასჯილის ციხიდან გამოშვებაც მართლმსაჯულების ზეიმია. პოლიტპატიმრებზე მინდა გითხრათ: შარშან, 26 მაისს არაერთი უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში, სხვებიც მრავლად არიან დაჭერილები ერთადერთი მიზეზით _ ამ ხელისუფლებას კანონიერად ებრძოდნენ. დალოცვილო, რომელი სამართლიანობის აღდგენაზე მელაპარაკები, როცა ის ხალხი ჯერაც ციხეებშია, რომელიც "ნაციონალური რეჟიმის" წინააღმდეგ იბრძოდა? სასრწაფოდ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. არჩილ კბილაშვილმა და სოზარ სუბარმა უმჯობესია, აქედან დაიწყონ მართლმსაჯულების აღდგენა ქვეყანაში.

 

 

30-10-2012, 19:24
უკან დაბრუნება