ივერიონი / კახა კალაძემ ენერგომაფიას ბრძოლა გამოუცხადა!

კახა კალაძემ ენერგომაფიას ბრძოლა გამოუცხადა!

"ენერგეტიკის სამინისტროში ნორმალური მდგომარეობა დამხვდა. სასწრაფოდ მოსაგვარებელი კი ტარიფების  საკითხია, რასაც საზოგდოება მოუთმენლად ელის", _ აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზეთ "ყველა სიახისთან".


მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მისი და სამინისტროს მაღალჩინოსნების  უპირველესი ამოცანა დღეს მოქმედი ტარიფების შემცირებაა. "მალე ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოში შესაძლებელია გაზზეც და ელექტროენერგიაზეც ტარიფის შემცირება", - აცხადებს მინისტრი და იქვე  ამ შესაძლებლობის მექანიზმზეც საუბრობს. ის ამის მიღწევას ენერგომაფიასთან დაპირისპირებით აპირებს. "აქტიურად ვითანამშრომლებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გაიშიფრება  ის ფინანსური სქემა, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, გაიშიფრება ის მაქინაციები, რაც შემდეგ გაზის, ნავთობისა თუ ელექტროენერგიის ტარიფებზე აისახებოდა", - აცხადებს კალაძე. 


ენერგეტიკის მინისტრი დიდი ჰესების მშენებლობის საკითხსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მათი მშენებლობა მხოლოდ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება. "აუცილებლად უნდა ჩატარდეს სეისმოლოგიური და ეკოლოგიური კვლევა, ვიმსჯელებთ ეკოლოგებთან, გარემოს დამცველებთან, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უნდა გაირკვეს, დიდი ჰესების აშენება უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს თუ მისი შეჩერება.  დაუშვებელია, ერთი საქმე გავაკეთოთ და მეორე დავაზიანოთ. რაც შეეხება მცირე ჰესებს, მათ მშენებლობას არ შევაჩერებთ", - აცხადებს მინისტრი.


კახი კალაძის თქმით, ზამთარში, როდესაც ქვეყანა მეტ ენერგიას ხარჯავს, ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება, ადგილობრივი რესურსი, ცხადია, საკმარისი არ არის. "მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ელექტორენერგიის დეფიციტი არ შეიქმნება", - ამბობს კახა კალაძე. 

31-10-2012, 10:25
უკან დაბრუნება