ივერიონი / დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა ახალ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა ახალ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები  სხვადასხვა ადმინსტრაციულ შენობებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში შეჭრას და იქ ფართების დასაკუთრებას განაგრძობენ.


სოციალურად დაუცველი სამი ოჯახი ფოთში მდებარე კოლხეთის ათვისების ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში შეიჭრა. მათი განცხადებით, სოციალურად დაუცველებს შენობაში შესვლის ნებართვა ფოთის საკრებულოს წევრმა და ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დარეჯან ცხვიტარიამ მისცა. სოციალურად დაუცველებს შენობის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მისი განკარგვის უფლება მხოლოდ სამინისტროს აქვს.


დევნილების შეჭრა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გრძელდება. ზუგდიდში დევნილთა კერძო საკუთრებაში შეჭრის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ოჯახი შპს "ბლოკ ჯორჯიას" კუთვნილ შენობაში შეიჭრა. დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, თუმცა იმის გამო, რომ პოლიციაში განცხადება მესაკუთრისაგან არ შესულა, პოლიციამ ტერიტორია მალევე დატოვა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილები 4 შენობაში შეიჭრნენ. აქედან ორი შპს "ბლოკ ჯორჯიას" საკუთრებაა.


წუხელ გვიან ღამით სოციალურად დაუცველები ჩიქობავას ქუჩაზე მდებარე შენობაშიც შეიჭრნენე.


დღეს კი, სოციალურად დაუცველმა პირებმა ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა დაიკავეს და პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. 60-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართების დაუყოვნებლივ გამოყოფას მოითხოვს.

მოთხოვნების საღამომდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, სოციალურად დაუცველ პირთა ნაწილი პირის ამოკერვასა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს.


სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს და შიმშილობას. მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიის შენობასთან სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია მათ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსთან გაავრცელეს. მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება - მინისტრთან შეხვედრა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

31-10-2012, 12:02
უკან დაბრუნება