ივერიონი / ლალი მოროშკინა: გაგიჟდნენ ესენი, ციხის უფროსებად კოდუას და ახალაიას კადრებს ნიშნავენ?!

ლალი მოროშკინა: გაგიჟდნენ ესენი, ციხის უფროსებად კოდუას და ახალაიას კადრებს ნიშნავენ?!

31 ოქტომბერს რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინცინდენტი მოხდა პატიმრებსა და ციხის ზედამხედველებს შორის, რასაც ციხის გარეთ მშობლების პროტესტი მოჰყვა. ისინი მთელი დღის განმავლობაში ციხესთან იმყოფებოდნენ და აპროტესტებდნენ ციხის უფროსად ლევან აბურჯანიას დანიშვნას, რომელიც პატიმრების წამებაში ადრეც იყო შემჩნეული. 


ლევან აბურჯანია არის ლოტკინის პოლიციის უფროსი, რომელსაც ბევრი პატიმრისთვის აქვს წამალი და იარაღი ჩადებული. უფრო მეტიც, პატიმრები და მშობლები იმასაც აცხადებენ, რომ სწორედ აბურჯანიას უკავშირდება პატიმარ შალვა წრკიალაშვილის გარდაცვალება, ხოლო შალვა მეურმიშვილი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში სწორედ მისი "წყალობით".


როგორც კი ლევან აბურჯანია ციხეში შევიდა, მაშინვე პატიმრებს დაემუქრა. "მოსაგონი იქნება ცოცხები და ბაჩო ახალაია, სხვათა შორის დენით წამება ჩემი მოგონილიაო", - უთქვამს ლევან აბურჯანიას.


ციხეში მდგომარეობის უკეთ გასაცნობად შევიდა უფლებადამველი ლალი მოროშკინა, რომელიც ადასტურებს პატიმრების და მათი მშობლების განცხადებას აბურჯანიასთან დაკავშირებით, და დასძენს რომ ციხეში კვალიფიციური კადრების პრობლემაა. არ შეიძლება ციხის უფროსებად ახალაიას კადრების დანიშვნა.


"ყველა კოლონია ჯანყდება, ციხეები თავზე გვენგრევა. ეს არასწორი მენეჯმენტის ბრალია. გაგიჟდნენ ესენი, კოდუას და ახალაიას კადრებს ნიშნავენ ციხის უფროსებად, იმის ნაცვლად, რომ ისინი საერთოდ ჩამოეშორებინათ ამ სისტემისთვის. პატიმრებმა გამომატანეს იმ ჯალათების სია, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ დატოვა:  ლერი მეფარიძე, თემურ კორშია, მალხაზ პიტიურაშვილი _ მეტსახელად "პიტი", გიორგი ჯანაშია", - ამბობს გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ლალი მოროშკინა.

1-11-2012, 10:42
უკან დაბრუნება