ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):-"ბერ-მონაზვნები ებრძვიან დემონებს და "მე"-ს ცნობიერიდან შთაგონებულ მერკანტილურ სურვილებს"

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):-"ბერ-მონაზვნები ებრძვიან დემონებს და "მე"-ს ცნობიერიდან შთაგონებულ მერკანტილურ სურვილებს"

   ბერ–მონაზვნობის მნიშვნელობასა და სამონასტრო ცხოვრების შესახებ "ივერიონს" ახალგაზრდა თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) ესაუბრა:

 

   -რას ნიშნავს ბერ–მონაზვნობა და რით განსხვავდება იგი საერო ცხოვრებისაგან?

   -უპირველეს ყოვლისა, მინდა გულითადი მადლიერება და შვილობრივი სითბო გამოვხატო მთელს მსოფლიოში არსებულ სამონასტრო კერებსა და სკიტეებში დამაშვრალი წმინდა დასისა და წესისადმი. ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემდი ბერ-მონაზვნობას. მიმაჩნია, რომ მათი ლოცვის ძალა და სამოღვაწეო მადლმოსილება მანათობელი ლამპარივით მიაპობენ თანამედროვე სამყაროში ჩამოწოლილ უღმერთობის ბნელეთს. ისინი უხილავად გვიცავენ მომაკვდინებელი საფრთხისა და უბედურებისაგან, თანაც ისე, რომ არც ახმაურებენ თავიანთ გარჯას და მდუმარე ციცინათელებივით სათუთად კიაფობენ მთაგორიან ადგილებზე. ებრძვიან დემონებს და "მე"-ს ცნობიერიდან შთაგონებულ მერკანტილურ სურვილებს. მათ ყველაზე უანგაროდ და უპასუხოდ ვეძვირფასებით, იმდენად მზრუნველობითად რომ სანაცვლოდ არც არაფერს ითხოვენ ჩვენგან. წარმოიდგინეთ: როცა ვიღაც განცხრომით თვლემს, ან გასართობ დაწესებულებასა და რესტორანში მხიარულობს, გემრიელ მწვადებს იგემოვნებს და მუცელზე ხელს ირტყამს ალკოჰოლისაგან გაშმაგებული, ან ტელევიზორს ჩაფუთნული შეჰყურებს და ხითხითით ინაბება, ან ტრენაჟორებზე დარბის და საკუთარ ფიგურას იუმჯობესებს, ან აბორტით სწირავს უდანაშაულო ჩვილს და ამის გამართლებას უნამუსოდ ცდილობს, ან ავხორცობისთვის მკერდის გადიდებასა და ტუჩების დაბერვას განიზრახავს, ან მეზობელთან გადის და უკლებლივ ყველას დაუნდობლად ჭორავს, ან ტაძრის ნაცვლად კინოთეატრში მიისწრაფვის, ან ბიბლიის მაგივრად უხამს ჟურნალ-გაზეთს კითხულობს, ან ცოლს ღალატობს, საროსკიპოში მიიჩქარის და სიამტკბილობას ეშურება, ან გამაჯანსაღებელ საუნებსა და აბაზანებში ჭყუმპალაობს, ან მარიხუანას ბუქავს და საკუთარ რეალობას გაურბის, ან კაზინოში მიდის და უკანასკნელ გროშებს ატრიალებს, ან ქუჩაში უჯეროდ ლაზღანდარობს და გამვლელ-გამოვლელზე უშვერად კომენტირებს, ან პატიოსან და წესიერ ხალხს ვერაგულად ცილს სწამებს, ან ფეშენებელური ავტომობილით გიჯურად დაქრის და გზად შენახვედრ მათხოვარს გაბღენძილი ხმით დამამცირებლად უყვირის, ან ნარკოტიკს ვენაში იკეთებს და ამისათვის მძიმე კრიმინალსა და ქურდობასაც კი არ ერიდება, ან სიზარმაცით ნავარდობს და უქმობაში გაჰყავს დრო, ან სასოწარკვეთილი მდგომარეობით თვით უზენაესსაც კი უწყრება და გმობს, ან ყოველდღე ძვირადღირებულ აქსესუარებსა და სამკაულებს გაფაციცებით ირგებს, ან ოჯახში ყველას დასჩხავის და ეგოისტურად იგესლება, ან ცოფიანი გავეშებით თავის მშობელ დედაზე უსირცხვილოდ იგინება, ან მოხუცებზე შაყირობს, ან ხორციელი მამის ნათქვამ დარიგებას აბუჩად იგდებს და უხეშად ურჩობს, ან იმაზე ფიქრში იბოღმება, რომ ფული და თანამდებობა სხვაზე ნაკლები აქვს, ან იმას ცდილობს, რომ სხვაზე მოდურად ჩაიცვას და დაიხუროს, ან ფუფუნებით თავბრუდახვეული ზეკომფორტაბელური სახლის აშენებას ლამობს, ან ეკლესიას ბოროტად დასცინის და ჩასაფრებულის პოზიციიდან მომზირალი თავისსავე სინდისს მზაკვრულად იხშობს, ან ქალიშვილობის ინსტიტუტზე ღადაობს და კდემამოსილ გოგონებს ჩამორჩენილებად თვლის, ან საკუთარ სამშობლოს არაფრად აგდებს და მუდმივად მის ნაკლოვანებებზე ქილიკობს, – სწორედ ამ მოვლენათა პარალელურად ვინმე დაკონკილი, გარეგნულად ღარიბი, მაგრამ სათნოებებით მდიდარი და თვალდანამული ბერი თუ მონაზონი ღამით კანდლის შუქზე და დილით ცისკრისას მზის სხივებზე მუხლმოყრილი დგას, ზემოთ ჩამოთვლილ ერის უკუღმართობებსა და ცოდვებს ტირილით ინანიებს ჩვენს ნაცვლად და უფალს შენდობას ევედრება ჩვენთვის.

   -როგორია მათი ყოველდღიური ყოფა და რა მოვალეობების შესრულება უწევთ მონასტრის მკვიდრთ?

   -ცოტა ხატოვნად, რომ ვთქვათ: ბერ–მონაზვნები, ჩვეულებრივ რეგულარულად, ღამით ჭოტებივით, დღისით კი იადონებივით უგალობენ უზენაეს განგებას. მარადისობის სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანილ თავიანთ გულს ქრისტეს დაულევნელ ოკეანეში აზავებენ, ხოლო უწონადო სულს კი სასუფევლის მშვენიერებაში დამტკბარი ნესტრით (იმედით) ასაზრდოვებენ. მათი სუნთქვაც კი გააზრებულია და ღვთის დიდებისთვისაა დაკვნესილი. დიახ, ზუსტად ეს მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი მოსაგრეობის ბრწყინვალება და სისპეტაკე ანგელოზობრივი ხარისხის მატარებელია, რომელიც მუდმივად მომართულია დახმარებისაკენ. სწორედ ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ღრმა მოწიწება, ქება და კეთილკრძალულება ყოველი ჭეშმარიტად ღირსეული ღვთისმსახურისა და განდეგილისადმი, რომელმაც უარყო სიამაყე, დაუტევა ამაო წუთისოფელი, მიიღო უპოვარება, შეიმოსა ქალწულება და გამომხსნელი ჯვრით ხელში, სიმდაბლით განმსჭვალული შეუდგა გოლგოთის ვიწრო და მაცხოვნებელ ბილიკს. პირადად მე, ბევრჯერ მინახავს ადამიანების მანკიერებებზე დადარდიანებული ბერის გული (თუ ძმური სიყვარულით მიაყურადე, უხილავად, რომ გესმის მისი სიწრფელის ბაგა-ბუგი), რომლის ადამიანური ტრაგედია და სიდიადეც იმაში მდგომარეობს, რომ ის თითოეული ჩვენგანის დაცემულობას ორბისებრი უნარით ღიად ხედავს, ჭირისუფალივით გლოვობს და ჩვენზე გაცილებით ახლოს განიცდის ჩვენსავე ტკივილებს, იმათ რაც თავად ჩვენ, ზედაპირულობის გამაბრუებელი სიცივის გამო არ (ვერ) გვტკივა. ყველაზე უფრო კი მათ ის ასევდიანებთ, რომ სირაქლემას ბრიყვული პოზა გვიჭირავს და პირუტყვობამდე დასულთ სურვილიც კი არ გვაქვს, რომ სასიკეთოდ შევიცვალოთ. 

    რაც შეეხება ცხოვრების წესს, ყველა მონასტერს თითქმის ინდივიდუალური ტიბიკონი აქვს, რომელიც ლოცვას, მორჩილებასა და მდუმარებას (ისიხაზმი) მოიცავს. სხვაობა მხოლოდ ტრადიციებსა და გამოცდილებაშია, ხოლო მიზანი ყველასათვის მაინც ერთია – თეოზისი, ანუ განღმრთობა და გამარჯვება საკუთარ ეგოზე, რასაც მოსდევს მოყვასზე ზრუნვა სულიერი (ზოგ შემთხვევაში ხორციელი, ანუ მატერიალური დახმარებით) საშუალებებით.

   -თქვენი აზრით, სადღეისოდ რა მდგომარეობაა საქართველოში ბერ–მონაზვნობის კუთხით?

   -უნდა აღინიშნოს, რომ მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II–ის მრავალწლიანი მეცადინეობითა და წმ. სინოდის გარჯით, ბოლო წლებში, სამონასტრო ყლორტებმა კეთილი ნაყოფი გამოისხა, თანდათანობით იზრდება და სულიერი სიმწიფის ფაზაში შედის. მას შემდეგ რაც აღდგა ურთიერთობები გარე სამყაროსთან, კერძოდ კი მართლმადიდებლობის მანათობელ შუქურებთან: ათონის მთის, იერუსალიმის, სინას, ოპტინის და სხვა მონასტრების საძმოებთან, სადაც სულიერებას წყვეტა არ განუცდია, ჩვენთანაც საგრძნობი პროგრესი და წინსვლა შეიმჩნევა ამ მხრივ. არსებობს გარკვეული სახის პრობლემებიც (ცალკეული ზნეობრივი დარღვევები და სწავლებითი სიმრუდე), თუმცა, როგორც ვიცი მის აღმოსაფხვრელად პოზიტიური ძვრებიც შეინიშნება, რაც ერთობ მისასალმებელია. სხვა მხრივ კი მისტიკურ ანალიზში მე ვერ შევალ და სულიერი ხარისხის დონეზე დაბეჯითებით ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იმდენად ღირსეული მოღვაწენიც გვყავს, რომლებთანაც რჩევა–დარიგებისათვის, თვით საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოდიან მოსაგრე მამები. 

    ზოგადად, კი ოპტიმიზმის საფუძველს მრავალსაუკუნოვანი ქართული სამონასტრო ტრადიციის ისტორიული მეხსიერებაც იძლევა, რომლის წიაღშიც ისეთი დიდი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ: ათცამეტნი ასურელნი, გრიგოლ ღანძთელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი ჭყონდიდელი, ექვსი ათასნი გარეჯელი მოწამენი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ალექსი შუშანია, კირიონ მღვდელ–მოწამე, გიორგი და იოანე ბეთანიელები, გაბრიელ სალოსი და სხვა მრავალი. მათ მიერ გაკაფულ გზაზე, თანდათან ქრება სარეველად ამოსული ჯაგები (ბოლშევიზმისა და კომუნიზმის დამღა) და ყალიბდება ის ბილიკი, რომელზეც ჩვენი წინაპრები მხურვალე გულით მიაპობდნენ მომხვდურ ბნელეთს.    

    ამ ნოტაზე კი შევთხოვდი უფალს, რომ ცრემლში გაზავებული მეოხებით, მეტანიაში გამოხატული სინანულით, მოთმინებაში დამბალი მორჩილებით, მიტევებაში მოპოვებული ნუგეშით, ბავშვურ აღტაცებაში გამოვლენილი სიხარულითა და კელაპტარში გასხივოსნებული სიყვარულით აღვსილ მამა–დედათა სულიერი მოშურნეობის მადლი და შეწევნა არ მოგვკლებოდეს ჩვენ და სრულიად კაცობრიობას. ამინ

   -ამჟამინდელ ქართულ რეალობაში, ბერ–მონაზვნობის კუთხით არის რაიმე ისეთი ტენდენცია, რომელიც თქვენი აზრით გადახედვას საჭიროებს?

   -დიახ, როგორ არა. გულწრფელად, რომ გითხრათ, მე არასდროს არ მომწონდა ის ტენდენცია, რომლის თანახმადაც ადრეულ ასაკში პიროვნების აღკვეცა ხდება ხოლმე. ვფიქრობ, რომ რაღაც, გარკვეული ზღვარი მორჩილების ვადისა თუ ასაკობრივი სიმწიფისა, უნდა დაწესდეს. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. ამასთან, კარგი იქნება თუ საერო სამყაროსკენ ხშირი ინტეგრაციისა და მიმოსვლისაგან თავს შეიკავებენ სამონაზვნო წესის წარმომადგენელნი. ალბათ, უფრო მეტად ჩვენ უნდა ჩავდიოდეთ მათთან, ვიდრე ისინი – ჩვენთან. ამგვარად, თავადაც უფრო დაცულნი იქნებიან მიწიერი საცდურებისაგან. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ ცალკეულ მონასტრებში მხოლოდ ორი და სამი ბერ–მონაზონის ცხოვრება არასასურველი, რთული და გაუსაძლისია, მაშინ როცა ათი ან თხუთმეტი მამა (დედა) თავს ბევრად უფრო მშვიდად, მხნედ და ნუგეშიანად გრძნობს. 

    ასევე, დაუშვებლად მიმაჩნია, მონასტრის ტერიტორებზე გარეულ ცხოველთა გალიებში გამოკეტვა, რომელთაც იმ სივრცეში არანაირი დანიშნულება არ გააჩნიათ, გარდა საბრალო სანახაობისა.

 

12-09-2014, 22:59
უკან დაბრუნება