ივერიონი / ხათუნა ლაგაზიძე: ,,ივანიშვილმა საკუთარ მონაპოვარზე უარი არ უნდა თქვას!"

ხათუნა ლაგაზიძე: ,,ივანიშვილმა საკუთარ მონაპოვარზე უარი არ უნდა თქვას!"

 ,,ივერიონს" ესაუბრა ჟურნალისტი და ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.


 -გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ჩვული პათოსით ამხილა ქართული მედია და არც ბეჭდური და ინტერნეტმედია დაინდო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დროა მედიას ლაგამი ამოსდონ?


-ექსპრემიერს რა სურს არ ვიცი, მაგრამ ვიტყვი, მე რა მსურს: დღეს მედიაში მუშაობენ ის ადამიანები, ვისთვისაც თავისუფალი აზრი მნიშვნელოვანია. ისინი არიან ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საფუძველი. ეს ხელისუფლებაც მედიის მოყვანილია ქვეყნის სათავეში და ის არ დაუშვებს ქვეყანაში ტოტალიტარიზმის გაბატონებას.
 დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე, მედიააქტიურობა უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანა დაცული იყოს ტოტალიტარული საცდურებისგან, რომლებზე  ხანდახან დემოკრატიული ქვეყნებიც კი ვერ ამბობენ უარს.
 როცა ქვეყანას არ აქვს ოპონენტის შიში, ის შეცდომებისგან დაზღვეული არ არის - ესაა ჩემი და ჩემი კოლეგების საწუხარი. ხელისუფლება მუდმივად უნდა გრძნობდეს თავისი ხალხის სუნთქვას, თორემ ჩაკეტილ წრეზე ივლის. ხელისუფლება თუ შორსმჭვრეტელია, გასაგებია, რომ შენიშვნებზე ღიზიანდება, მაგრამ თავისუფალი აზრი არ უნდა შეზღუდოს ანუ არ უნდა ალაგმოს. მჯერა, დღევანდელი ხელისუფლება არ წავა თავისი მონაპოვარის წინააღმდეგ.


-თავისუფალია თუ არა ქართული მედია დღეს სახელისუფლებო წნეხისგან?


-მედია დღეს კერძო მესაკუთრეების ხელშია, მათ თავიანთი სუბიექტური აზრებიც აქვთ. ვერავინ იტყვის, რომ დღეს მედიაბიზნესი წნეხის ქვეშაა. ჩვენ თუნდაც მხოლოდ ამის გამო ვართ ბიძინასგან დავალებული. შეიძლება ივანიშვილი გულნატკენია ჟურნალისტებზე, მაგრამ მეც მეტკინა ის, რაც მან ინტერვიუში მათზე თქვა. მან არ უნდადაივიწყოს ის, რა ინიციატივითაც მოვიდა.


-ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა. თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური თამაშია საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით?


-ალბათ არ არის თამაში, რადგან საქმე სერიოზულადაა. ძალიანაც კარგი, რომ ხელისუფლებაში განსხვავებული აზრია, რაც იმის გარანტია, რომ ხელისუფლება ავტორიტარული  რეჟიმისკენ ვერ წავა.

                                                                     ესაუბრა ია ჯღარკავა

15-09-2014, 22:20
უკან დაბრუნება