ივერიონი / გელა დუმბაძე: ჩემი დაუოკებელი სურვილი საქართველოს მენტალური წინსვლაა!

გელა დუმბაძე: ჩემი დაუოკებელი სურვილი საქართველოს მენტალური წინსვლაა!

 "ივერიონს" ესაუბრება სახელწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, ბატონი გელა დუმბაძე

-ბატონო გელა, უკრაინაში არსებული მწვავე პოლიტიკური ვითარების გამო, თქვენმა სამინისტრომ დახმარება აღმოუჩინა უკრაინელ ბავშვებს. რამდენადაც ვიცით, ისინი ანაკლიის ბანაკში ისვენებენ. რა გეგმები გაქვთ  ამ თვალსაზრისით სამომავლოდ?


-უკრაინელი ბავშვების ჩამოყვანის გეგმაზე დაახლოებით თვე-ნახევარი ვმუშაობდით. ისინი ანაკლიაში, ,,მომავლის ბანაკში" იმყოფებიან. ეს ომგამოვლილი ბავშვები ჩამოვიყვანეთ დონეცკიდან  და ლუგანსკიდან. ბევრ მათგანს მშობლები ომში დაეღუპა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა პირადად მე დავალა ამ საქმის კოორდინირება - ჩავედი უკრაინაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე  რატი ბრეგაძესთან ერთად.  ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო. ამ საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა , ფინანსთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები გვეხმარებოდნენ.  ეს უკანასკნელი ამ ბავშვების ძირითადი მიმღებია... ასევე, ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო უკრაინაში. იმედია, ამ პროექტის მეორე ეტაპზე განათლების სამინისტროც ჩაერთვება.
ქუთაისში ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს ქუთათურებმა, კოპიტნარის აეროპორტში დაგვხვდნენ იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისიდან, გუბაზ სანიკიძე.


-ოპონენტებმა ხომ არ გაგაკრიტიკეს ამ ინიციატივის გამო, რადგან,საქართველოშიც უამრავი მიუსაფარი, უპატრონო და მაწანწალა ბავშვია. . .


-არავის გავუკრიტიკებივართ, საბედნიეროდ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ჰუმანური  პროექტია . უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფოა, რომელიც 1992 წელსაც დაგვეხმარა და 2008-შიც.
უკრაინელი ბავშვების დახმარება მეორე ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც ბატონმა სერგეენკომ დაიწყო უკრაინაში. რამდენადაც ვიცი,  იქ მან მილიონი ლარის მედიკამენტი და სამედიცინო ტექნიკა ჩაიტანა.


- ძალიან ცოტა დრო გავიდა  მას შემდეგ, რაც თქვენ დიასპორის მინისტრად დაინიშნეთ,თუმცა, საკუთარი ხელწერა საზოგადოებას უკვე დაანახეთ. ძალიან ბევრი სამადლობელი წერილები იწერება სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში ქართველი ემიგრანტების მხრიდან დიასპორის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მისამართით. თქვენის აზრით,  რა უჭირთ ყველაზე მეტად ქართულ დიასპორებს და თქვენ რა დახმარებას სთავაზობთ მათ?


-ხშირად აქეთ გვეხმარებიან,  მხოლოდ ღირსეულ საქართველოში დაბრუნება სურთ. ჩვენი მთავარი ფუნქცია კი ისაა, რომ ხელი შევუწყოთ კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ჩავრთოთ ისინი საქართველოს აღმშენებლობაში.
ჩვენი სამინისტრო ყველასთვის ღიაა.  ახლა ვამზადებთ პროექტს  ,,დიასპორული გზავნილები", რაც თანხის გადმორიცხვას გაამარტივებს.  12-18 ოქტომბერს ვგეგმავთ გლობალური დიასპორული კვირეულის ჩატარებას თბილისში,  "შერატონ მეტეხი-პალასში"  ჩვენი სამინისტრო პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც 1-ელ აგვისტოს გახდა საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის წევრი. ამ ცენტრის ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონია. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში იგეგმება აქცია-მარათონი, რომელიც სიმბოლურად დაიწყება უკრაინის საელჩოსთან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე. პირადად ვაპირებ ჩავერთო მარათონში და ამისკენ უკვე მოვუწოდე ფერეიდნელ ქართველებს და  სხვა მინისტრებსაც.


-რამდენი ქართული დიასპორაა მსოფლიოში და რომელია ყველაზე აქტიური?


-მსოფლიოში 600-მდე  ქართული დიასპორაა. ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთში გვაქვს. ძალიან აქტიურია აშშ-ს,  იტალიის, გერმანის, საბერძნეთის, თურქეთის დიასპორები. სწორედ დიასპორებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით რამდენიმე დღეში თურქეთში მივემგზავრები, შემდეგ ჰერეთსა და ფერეიდანში.
-რა არის თქვენი მთავარი მიზანი  დიასპორის მინისტრის ამპლუაში?
-მე საქმიანი ადამიანი ვარ. ჩემი დაუოკებელი სურვილი  საქართველოს მენტალური წინსვლაა. მინდა, ახალმა გუნდმა ჰუმანურობასა და პროფესიონალიზმზე დამყარებული ახალი ფილოსოფია მოიტანოს საქართველოში. ვცდილობ,  პირადი მაგალითით ვაჩვენო ჩემს კოლეგებსა და თანამემამულეებს, რომ პრინციპები და ცხოვრების წესი ერთმანეთს შეესაბამება.

                                                   ესაუბრა  ია ჯღარკავა

19-09-2014, 11:08
უკან დაბრუნება