ივერიონი / ილია II: მხოლოდ სიკეთეზე ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი!

ილია II: მხოლოდ სიკეთეზე ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი!

  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ჟურნალისტებს მიმართა და მათ მოუწოდა კრიმინალის გაშუქებისას თავი შეიკავონ.

  პატრიარქის განმარტებით მედია საშუალებებით მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხალხის ტრამვირებას უწყობს ხელს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს მათ.

  "თითქმის ყოველდღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა და ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს.

  მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს. იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ.

  როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს.

 ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას." - განაცხადა პატრიარქმა.

28-09-2014, 18:47
უკან დაბრუნება