ივერიონი / ილია მეორე მედია საშუალებებს მიმართავს

ილია მეორე მედია საშუალებებს მიმართავს

   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში მედიასაშუალებებს მოუწოდა, ნაკლებად გააშუქონ კრიმინალი. 

 

   -"თითქმის ყოველდღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ.

    როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენი ხალხი ღვთის რჩეულია. რჩეული რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალი", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

29-09-2014, 08:28
უკან დაბრუნება