ივერიონი / დაეხმარება თუ არა ევროსაბჭო ბაჩანა ახალაიას?

დაეხმარება თუ არა ევროსაბჭო ბაჩანა ახალაიას?

  ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის ტექსტის საბოლოო ვარიანტი, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზეა საუბარი, ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.

  ანგარიშში შესწორებები საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების მოთხოვნით შევიდა.

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილსი განცხადებით, ტექსტში აქცენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დევნაზეა გაკეთებული და ამ კონტექსტში ევროსაბჭო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმროთი ჩანაცვლების რეკომენდაციითაც გამოდის.

  "ანგარიშში, იმ სახით რა სახითაც დღეს არის, ძალიან ნათლად არის წარმოჩენილი, რომ დაუშვებელია არსებობდეს შერჩევითი სამართალი, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. კონკრეტულად ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშრიებით ნათქვამია, რომ ის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის წინასწარ პატიმრობაშია, ეს არის შეუთავსებელი ევროპის კონვენციასთან და სტანდარტებთან",- განაცხადა თაქთაქიშვილმა.

  საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნით, ტექსტიდან ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ამოღებულია, რადგან მსგავსი ფორმულირება სასამართლო პროცესზე გარეშე მხრიდან ზეწოლის ტოლფასი იქნებოდა.

  "მთლიანობაში რეპორტი დაწერლია კარგად, ობიექტურად, თუმცა რაღაცების შესწორება იქ შეიძლება და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია იმუშავებს, რომ  გაამკაცროს ტონი",- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში  საქართველოში დემოკრატიულ ინტიტუტებთან არსებულ ვითარებაზე ხვალ, ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

30-09-2014, 16:48
უკან დაბრუნება