ივერიონი / რევაზ არველაძე: თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება გაგვიჭირდება!

რევაზ არველაძე: თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება გაგვიჭირდება!

  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმ განცხადებას  გამოეხმაურნენ, რომელიც თბილისის მერიამ  2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებით გაავრცელა. მედიასთან განცხადება ფეხბურთის ფედერაციის  გენერალურმა მდივანმა  რევაზ არველაძემ გააკეთა. როგორც არველაძე აცხადებს, თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება გაჭირდება.

  "მადლობის მეტი, მართლა, არაფერი გვეთქმის და დამნაშავეებს ჩვენც არ ვეძებთ. დღეს საღამოს, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მეც დავესწრები და რაც მომდევნო დღეებში გვექნება გასაკეთებელი, ყველაფერზე შევთანხმდებით. ჩვენ გვესმის, რომ მერია სახელმწიფო ორგანიზაციაა და უფრო მეტი დასაბუთება, უფრო მეტი იურიდიული საფუძველი სჭირდება. დღევანდელი შეხვედრაც და ყველა სამომავლო შეხვედრაც მოემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩავატაროთ სუპერთასი მომავალი წლის აგვისტოში.

  რაც შეეხება დედლაინს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. ჩვენ გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ დედლაინი უნდა ყოფილიყო სექტემბრის ბოლოს წინა ან ბოლო კვირა. თუმცა, ეგეც არაა პრობლემა. ჩვენ უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და შევუთანხმებთ, რომ რაღაც-რაღაც ლოგიკური საკითხების გამო, შეიძლება ხელმოწერა რამდენიმე დღით გადაიდოს.

  მე აბსოლუტურად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას და თანამშრომლობის სურვილს. ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება გაგვიჭირდება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ურთიერთობაში ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება და თამაშიც მაღალ დონეზე ჩატარდება",-განაცხადა არველაძემ.

 აღნიშნული კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

  შეგახსენებთ, თბილისის მერიამ 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 "კარგი იქნებოდა, თუკი ფეხბურთის ფედერაციას გაცილებით საქმიანი მიდგომა ექნებოდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.

დღემდე არც ერთ ფორმალურ დოკუმენტში, რომელიც უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს, თბილისის მერია არ ფიგურირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უეფასთან ხელშეკრულებას ხელს აწერს არა თბილისის მერია, არამედ ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა თბილისის მერიასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და სტადიონთან. თუმცა, სფფ–ს თბილისის მერიისთვის აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე არ შემოუთავაზებია",- ნათქვმია მერიის განცხადებაში.

 

30-09-2014, 17:09
უკან დაბრუნება