ივერიონი / უჩა ნანუაშვილი: ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია!

უჩა ნანუაშვილი: ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია!

  საქართველოს სახალხო დამცველი ჟურნალისტის ცემის ფაქტსა და "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


  "საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2014 წლის 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემი იქნა გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რაც შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
 
  ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელის კობა ხაბაზის განმარტებით, 112-ზე დარეკვის შედეგად, მოსალოდნელი ინციდენტის თაობაზე ინფორმირებულ იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება იყო დაგვიანებული.

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი დააკავეს. ამ დრომდე მიმდინარეობს  დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა.

  ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

  საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, მათ შორის, როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასევე ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ თითოეული ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დაპირისპირება ამოწურულია და მას რაიმე სახის ძალადობრივი გაგრძელება არ მოჰყვება.

  საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტიანად აწარმოონ ზემოაღნიშნული ფაქტების, კერძოდ, ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და ორგანიზაციების "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამოძიება, ინციდენტებში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და გამოძიება ჩატარდეს მოკლე ვადებში.

  ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მათი ვალდებულების შესაბამისად, მოსალოდნელ ინციდენტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის თაობაზე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

1-10-2014, 21:44
უკან დაბრუნება