ივერიონი / გიორგი ახვლედიანი: ევროპის საბჭოს რეზოლუცია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გათვალისწინებითაა მიღებულია!

გიორგი ახვლედიანი: ევროპის საბჭოს რეზოლუცია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გათვალისწინებითაა მიღებულია!

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს რეზოლუცია მიღებული და დაწერილია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გათვალისწინებით.

  "ეს რეზოლუცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების სრული უჭკუობისა და უსუსურობის შედეგია, რადგან თვალნათლივ ჩანს, რომ ევროპის საბჭოში მომუშავე სამთავრობო დელეგაცია ვერ ახერხებს, აუხსნას ევროპელ დეპუტატებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქართველი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი დელეგაცია ვერ ახერხებს, დაუმტკიცოს ევროსაბჭოს, რომ არც ერთი გახმაურებული პროცესი არ არის პოლიტიზირებული. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი კოლეგების მხრიდან ბაჩო ახალაიას გათავისუფლებისა და სააკაშვილის საქმის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით განხორციელების მოთხოვნა, რადგან ჩვენი სახელმწიფოს ძირეული ინტერესია, რომ ყველა დამნაშავემ, მიუხედავად თანამდებობისა, აგოს პასუხი კანონის წინაშე და ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი. აქვე პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ევროსაბჭოს რეზოლუციის მოწოდება საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაზეც ჩვენ აქამდეც არაერთგზის განგვიცხადებია", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

  მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ინიციატივები, რომლებიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

2-10-2014, 17:36
უკან დაბრუნება