ივერიონი / დავით ნარმანია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

დავით ნარმანია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

  თბილისის მერი დავით ნარმანია მერის რანგში პირველად, გაფართოებულ ფორმატში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

  სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართული შეხვედრის მიზანი დედაქალაქის ახალი მთავრობის მუშაობის სტრატეგიის გაცნობა და დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებში დონორი ორგანიზაციების შესაძლო ჩართულობა იყო.

  როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მთავრობის სურვილია, ერთის მხრივ,  თანამედროვე ასპექტებზე გადასვლის კუთხით გაიზიაროს დონორი ორგანიზაციების მდიდარი გამოცდილება, მეორეს მხრივ, მოიზიდოს ფინანსური რესურსი.


  "დონორ ორგანიზაციებს სხვადასხვა სფეროებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მათი გამოცდილების გაზიარება და რესურსი ისეთ პროექტებში, როგორებიცაა განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნა, სატრანსპორტო სისტემის ახალი მოდელის განვითარება, ნარჩენების მართვის სისტემის რეგულირება, თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ქცევა, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარამდეა, ეს თანხა  საკმარისი არ არის ქალაქში არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა შეხვედრაზე დავით ნარმანიამ.

2-10-2014, 21:13
უკან დაბრუნება