ივერიონი / დიტო მეჭურჭლიშვილი: სკოლის დირექტორები დაქალური და ნათესაური ნიშნით ინიშნებიან!

დიტო მეჭურჭლიშვილი: სკოლის დირექტორები დაქალური და ნათესაური ნიშნით ინიშნებიან!

განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე „ივერიონს“ ესაუბრება  116-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი დიტო მეჭურჭლიშვილი.

- ბატონო დიტო,  როგორც ამბობთ, არ მოგეცათ საშუალება თქვენ მიერ არჩეული სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე კონკურსანტად წარმდგარიყავით. რა მოხდა თქვენთან დაკავშირებით?

- ერთადერთი მიზეზი ამისა ისაა, რომ ჩემი სკოლის პედაგოგი დავით ფერაძე, რომელიც მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრის შემქმნელია და ხშირად ოპონირებს განათლების სამინისტროსთან და კონრეტულად თამარ სანიკიძესთან, არ გავათავისუფლე, სამსახურიდან.

116-ე საჯარო სკოლის დირექტორობაზე პრეტენზია გვქონდა 4 კონკურსანტს, აქედან 3 დაგვბლოკეს, ხოლო  მინისტრმა დისკრეციული უფლების გამოყენებით დირექტორად დანიშნა ლგბტ-ს ადვოკატი ციალა რატიანი.

ჩვენ შევიტყვეთ თუ არა სამინისტროს მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, მაშინვე შევქმენით საგაფიცვო კომიტეტი - მშობლები და პედაგოგები მხარში ამოგვიდგნენ, მოვამზადეთ სარჩელი და არჩევნების წინა საღამოს შევიტანეთ სასამართლოში. სასამართლომ განიხილა ეს საქმე და 116 სკოლაში არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. ველოდებით ახალ არჩევნებს, რომელშიც მეც ვმონაწილეობ.

ჩვენს სკოლაში დაფიქსირდა დისკრიმინაცის ფაქტიც - კონკრეტულად, სამინისტრო მაიძულებდა პედაგოგის მოვალეობისგან გამეთავისუფლებინა დავით ფარაძე. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი: შსს ჩვენს სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ატარებდა გაკვეთილს, რომლის ერთი საათიც ფერაძეს ეწერა. ისინი ვერ შეთანხმდნენ, ხელფასი ვის უნდა აეღო. შსს-მ თქვა, რომ გაკვეთილებს თავად ჩაატარებდა, ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდა ფერაძემ, ამიტომაც იმ დღეს გაკვეთილების ჩატარება რომ დაასრულა სხვა კლასებში, სკოლიდან პირდაპირ რომელიღაც აქციაზე წავიდა. როგორც შემდეგ შემატყობინეს, ეს გაკვეთილი ფერაძეს უნდა ჩაეტარებინაო.( ანუ ისე ,,გააფრმეს“ როგორც უნდოდათ).  მაიძულეს, საყვედური გამომეცხადებინა მისთვის, თორემ  მალე სხვა სასაყვედუროსაც ,,გამომანახინებდნენ“ და, კანონის თანახმად, სკოლის დირექტორობიდანაც გამათავისუფლებდნენ. ეს ფაქტები სასამართლომ გაითვალისწინა და აქედანაც გამოიტანა დასკვნა თავისი გადაწყვეტილებისას.

მე, როგორც დირექტორმა, საქმე რომ არ გართულებულიყო, დავით ფერაძეს საყვედური მაინც გამოვუცხადე (უმიზეზოდ, რა თქმა უნდა).

ამის შემდეგ, ჩემს სკოლაში მოულოდნელად შემოდიოდა რევიზია, მიტარებდნენ მონიტორინგს, ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას... ერთი სიტყვით, ფერაძე უნდა წავიდესო...  (ის ერთხელ თამარ სანიკიძესაც შეეპასუხა, ღარიბი განათლების სამინისტროს მინისტრს ძვირიანი მანქანა ,,დაუწუნა“, შემდეგ რესურსცენტრის ხელმძღვანელის კონკურსზე გამარჯვებული დაბლოკეს და მის მიერ ოქმებში 11 უზუსტობის აღმოჩენის გამო აითვალწუნეს).

მე ვუხსნიდი  განათლების სამინისტროს, წინა რეჟიმის დროს 9 პედაგოგი არ გავათავსუფლე, იმათ შევასმინე სიტყვა-მეთქი. ამათ არაფერი ესმოდათ! ფერაძემ თავის დაწვა გადაწყვიტა განათლების სამინისტროს წინ, ძლივს შევუშალეთ ხელი...

- როგორც თქვენ ამბობთ, სასამართლო ჯერ-ჯერობით თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უკანასკნელ მომენტში საქმე თქვენს საწინააღდეგოდ რომ შეტრიალდეს, რას მოიმოქმედებთ?

- ორჯერ ორი ხუთიაო თუ იტყვის, აქციებს დავიწყებთ. 1200-მა მოსწავლემ საპროტესტო კლიპი შექმნა, რომელიც yutubi-ზე დევს, 2400 მშობელი გვყავს, 100 პედაგოგი. თუ სამინისტრო ყველანაირ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, შეიძლება დაგვამარცხონ, მაგრამ ავტომატებით ხომ არ დაგვადგებიან თავზე?!

თამარ სანიკიძეს ამ გადაწყვეტილებას არც ხელისუფლება უწონებს - ჩვენ პარლამენტის კომიტეტებსაც შევხვდით და სახალხო დამცველსაც და 2400 მშობლის ხელმოწერა შევუტანეთ, ახაგაზრდა იურისტებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს.

- თქვენი აზრით, დღევანდელ საჯარო სკოლებში დირექტორებად რა კრიტერიუმით შეირჩნენ?

- უნდა აღვნიშნო, რომ შეფასების კომისია იყო არაკომპეტენტური. ამა თუ იმ სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვისა მას არაფერი გაეგებოდა. რა უნდა ვილაპარაკო მას შემდეგ, როცა ჩემი, დირექტორთა სახელმძღვანელოს, ,,სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის“ ავტორის ხედვა არ ,,მოიწონეს“?!

ისინი თავდაპირველად იმას ეკითხებოდნენ  კონკურსანტებს, სად მდებარეობდა მათი სკოლა. ანუ ამ სკოლების ტერიტორიული მდებარეობაც კი არ იცოდნენ, არათუ ის, შიგნით რა ხდებოდა იქ.

კონკურსანტმა სკოლის განვითარების სტრატეგიული ხედვა რომ შეიმუშაოს, სკოლას უნდა იცნობდეს. 116-ე სკოლის დირექტორს ციალა რატიანს დროც არ ექნებოდა ამ ხედვის შესამუშავებლად, თორემ არ გაუჭირდებოდა. იყო დრო, ჩვენი სკოლა იყო ,,მდევარი“, შემდეგ გახდა ,,ლიდერი“, მომავალში გვინდა გახდეს ,ბრენდი“, ამისთვის კი მართლაც ეფექტური მუშაობაა საჭირო. ჩვენ კი გვაქვს ფაქტები, რომ ბევრ გადირექტორებულ კონკურსანტს  ასეთი ხედვა საერთოდ არ წარმოუდგენია.

რაც შეეხება აწ არჩეულ დირექტორებს, ისინი შეირჩნენ ღრმა ნეპოტიზმის, დაქალური და ნათესაური ნიშნით.

                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

6-10-2014, 14:12
უკან დაბრუნება