ივერიონი / უზნეობიდან... ზნეობამდე!

უზნეობიდან... ზნეობამდე!

  ზნეობა არის ღვთისგან შთანერგილი კანონი ადამიანში, ანუ ე.წ. ბუნებითი სჯული, რომელიც (მიძინებულ თუ აქტიურ მდგომარეობაში) ნებისმიერ პიროვნებას გააჩნია საკუთარ პოტენციაში განურჩევლად ერის, რასისა თუ აღმსარებლობისა.  ეს არის ადამიანის ურთიერთობის ხასიათი გარესამყაროსთან, კერძოდ – მოყვასთან, საზოგადოებასთან, საპირისპირო სქესთან, ბუნებასთან და იგი საქციელით ფასდება.


 ზნეობა პირდაპირ კავშირშია სინდისთან, რომელიც ერთგვარად შუქნიშნის როლს ასრულებს და მყისიერად გვატყობინებს ხოლმე თუ სად უნდა შევყოვნდეთ და სად – ვიმოქმედოთ. ანუ, მას ადამიანში სულიერი არბიტრის ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, ზნეობა სულის თვისებაა და სწორედ ამიტომაც ხილულ სამყაროში იგი მხოლოდ ადამიანს გააჩნია, რამეთუ მას მიეცა ძალაუფლება საკუთარ თავზე, თავისუფალი ნება და არჩევანი, რაც გულისხმობს მგრძნობელობითი ინსტინქტებისა და იმპულსების მართვას.  

 

  ზნეობრიობის მცნება უპირველესად ქრისტიანული კატეგორიაა მთელს კაცობრიობაში, რაც მდგომარეობს შინაგანი ბუნების თვითკონტროლსა და გონების მიერ სხეულის მართვის უნარში. როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს: "უხელმწიფებიეს ღმერთსა კაცი ნებასა ზედათვისსა" – ანუ დამოუკიდებლობა უმთავრესი მონაპოვარია, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომიგითვითმყოფადია, რამე თუ ადამიანი არ აიხსნება საკუთარი თავიდან, რადგან იგი ღმრთის ქმნილებაა.

 

  მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ადამიანის ღვთის ხატად შექმნის დოგმატი, ადამიანის არსებობის ჭეშმარიტ სიღრმესა და მნიშვნელობას გვიცხადებს. იგი მას წარმოაჩენს, როგორც პიროვნულ არსებას, როგორც შესაქმის გვირგვინსა და ყველა ზესრულყოფილ ქმნილებას, რომელიც გონებით ენათესავება შემოქმედს. ანტიკური ფილოსოფია კი არ იცნობდა პიროვნების ცნებას. მაგალითად: პლატონის შეხედულებით ყოველი კონკრეტული და ინდივიდუალური ან მრავლობითობას უკავშირდება, ან აბსტრაქტულ, უპიროვნო იდეას ექვემდებარება. მრავლობითობის საწყისი მატერიაა – გრძნობადი და წარმავალი სამყარო. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც ფსიქო–სომატურ ერთიანობად განიხილება, არშეიძლება ფილოსოფიური ძიების საგანი იყოს, რადგან იგი ასული, რომელიც სხეულის საპყრობილეში იმყოფება. ის არის მიკროკოსმოსი, სამყაროს სამკაული რაშიც ერთიანდება ხილული და უხილავი.
 

  ზნეობრიობა ადამიანს ეხმარება მისი დანიშნულების, მიზნისა და ცხოვრების საზრისის მიგნებაში. სწორედ ჭეშმარიტი მიზნისკენ, ანუ ღმრთისაკენ სწრაფვაზეა დამოკიდებული როგორც ადამიანის შინაგანი ღირსება,  ისე მისი ნეტარება. ადამიანს საკუთარ თავში "უფლის მსგავსების" მოპოვებაში სახელდობრ ზნეობრივი სიმწიფე და განვითარება ეხმარება."


  რას გვასწავლიან წმიდა მამები ქრისტიანული ზნეობის შესახებ?

  წმ. მამათა  შეგონებით, ზნეობა გულისხმობს სწორად ცხოვრებას, რაც უფლის მცნებათა ერთგულებასა და ქრისტეს მოწოდების – "იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" მუდმივ მცდელობაში გამოიხატება. ადამიანი ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს ახალი ცხოვრების დაწყებასა და მარადიულ განწმენდას ესწრაფვოდეს, რაც სულიერი ცხოვრების დინამიურობასა და ცოდვებისადმი შეუგუებლობაში გამოიხატება. როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: "მარადის საკუთარ თავზე მაღლა!" – ეს არის კრედო და ამოცანა ზნეობრივი ადამიანისათვის. უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ზნეობრივი ცხოვრება, ღმრთისა და ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას გულისხმობს, რომლიც სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება.


  როცა ადამიანი ცდილობს საკუთარი "მეს" შეცნობას, როცა ებრძვის ეგოიზმს და როცა ახსოვს დავით მეფსალმუნის მხილება: "მატლ ვარ და არა კაც" – აი, ეს არის ჯანსაღი ზნეობრივი მდგომარეობა. ე.ი. ბრძოლა ეგოიზმთან, ეს არის ყველაზე სწორი სტრატეგია. როგორც წმ. ნიკოლოზ სერბი ამბობს: "გათავისუფლდი საკუთარი თავისაგან და ყველანაირ საპყრობილეს დაეხსნები".


  რა გარემო პირობები უწყობს ხელსადამიანს უზნეოდ  ჩამოყალიბებაში?

 

  როგორც გამოჩენილი ფრანგიმწერალი – ანტუან ეგზიუპერი ამბობს: "ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ". სწორედ ის პირველსაწყისი სივრცე, ანუ ოჯახი და მის წიაღში არსებული გარემო–პირობები დიდ წილად განაპირობებს ადამიანის პიროვნების ფორმირებას, მისი ხასიათისა თუ ზნის ჩამოყალიბებას. უმადლო ოჯახური ცხოვრება, ურწმუნო მშობელთა პირადი მაგალითი, მათი მოუცლელობა, უსიყვარულობა, მრუდე ინტერესთა სფერო და არაჯანსაღი მიდრეკილებები საფუძველია ბავშვის უზნეო ობიექტად გადაქცევისა. პიროვნება პიროვნებამ უნდა აღზარდოს და არაკომპიუტერმა ან ოცდაოთხსაათიანმა ძიძამ. ზნეობრივი განვითარება რთულია, როცა საზოგადოება მხოლოდ ფულზე, კარიერასა და მატერიალურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მარადიული ღირებულებები ყოველთვის უპირისპირდება ეფემერულს -წარმავალს, სწორი ორიენტირების ჩამოყალიბებაში კი უდიდესი მნიშვნელობა სწორედ განათლებას, რწმენასა და სულიერებას ენიჭება.


  ცნობიერებისა და აზროვნების დამახინჯებისგან თავდაცვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამეგობრო წრის სწორად შერჩევასა და მასთან ურთიერთობის ფორმას. როგორც მცენარე ვერ გაიზრდება სრულყოფილად თუკი მას მზეს არ მივაფიცხებთ, აგრეთვე ადამიანი ვერ შედგება ზნეობრივ არსებად, თუ მას არ ექნება ზნეობის წყაროსთან – ღმერთთან შეხება.

 

  უნდა აღინიშნოს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამალებით მიმდინარეობს პიროვნების ბიო–ორგანიზმამდე ჩამოკნინება და ღირსების დამცირება, რასაც გამოუცდელი და ზნეობრივად უმწიფარი ადამიანი ვერ უძლებს და იოლად ტყუვდება.


   როგორი ზნეობრივი ფონია ამჟამად სამყაროში?

 

  თითქოს დღევანდელობაზე ამბობდა ოსკარ უაილდი: "ცხოვრობდე, ძალიან იშვიათი შემთხვევაა ქვეყნად. ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ არსებობსო." ამჟამად ატომიც კი აღსდგა უსაზღვროების წინააღმდეგ და წამი აუჯანყდა უკვდავებას. ცხოვრება ქაოტური და გადატვირთული გახდა, რამაც კიდევ უფრო დააკნინა ადამიანის ზნეობრივი სიჯანსაღე. მისი ცხოვრება ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა. თანამედროვე სამყაროს იდეოლოგიებს: ჰუმანიზმსა და ლიბერალიზმს სურთ დანერგონ აზრი, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ცხოველია. ამგვარი ფასეულობათა სისტემა ისეთი პოზიციიდან აკეთებს  შეფასებებს, სადაც ცენტრალური ადგილი ღმერთს კი არა ადამიანს უკავია. მაშინ, როცა ღმერთის გარეშე ადამიანმა არ იცის საით წავიდეს. იდეოლოგიური ბარიერი ღმრთისაკენ მიმავალ გზაზე და გულგრილობაში გამოვლენილი ათეიზმი დღეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობის განვითარებას. ჰუმანიზმი მუდმივ დისონანსშია ქრისტიანობასთან. "ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთს უარყოფს არა ჰუმანური ჰუმანიზმია" – ამბობს რომ ისე მერიტუს პაპი ბენედიქტ XVI-ე და მეც ვეთანხმები.


   ქრისტიანული ზნეობა მოითხოვს, რომ გარყვნილება სინდისის, საზოგადოებრივი აზრის და კანონების წინაშე განისაჯოს როგორც დანაშაული, როგორც ადამიანის დემონიზაცია, როგორც ადამიანში ღვთის ხატის შეურაცხყოფა.


  ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა – ანარქიამდე, დათმენა – ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა – სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი – ზნეობის დაცემამდე, კაცობრიობის წინაშე დგას ასეთი არჩევანი: სიამოვნება თუ ღირსება, ღორი წუმპით თუ წმინდა ნიეკლის გვირგვინით, პური თუ ჯვარი!.


   თანამედროვე ლიბერალიზმს თავისუფლება ესმის, როგორც ვნებების გამართლება. დღეს ზნეობისგან თავისუფლება ზნეობაზე ძალადობად იქცა. მაგალითად: ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა და ტრანსსექსუალიზმი ეგრეთ წოდებული "ცივილიზირებული" სახელმწიფოების  მხრიდან ნორმად გამოცხადდა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 37 წლის წინა.შ.შ.–ში მისი დაუფარავი პროპაგანდა ციხით ისჯებოდა. 1992 წელს კი მედიკოსებმა ავადმყოფობის სიიდან ამოიღეს გადახრილი სექსუალური ორიენტაციები, რითაც მწვანე შუქი აუნთეს უხამსობის დაკანონებასა და მის ურცხვ პროპაგანდას.


  ასეთ ვითარებაში ქრისტიანს უნდა გააჩნდეს ორი ორიენტირი: სახარებისეული სწავლება და შინაგანი სინდისის ხმა. ზნეობრივი არჩევანისა და თვით დამკვიდრების ნიჭი ჩვენში უფლის მიერაა ჩადებული. ამიტომ, ადამიანს ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში შეუძლია მიაღწიოს იმ მდგომარეობას, როცა ბოროტება და სიკვდილი კარგავს მასზე ყოველგვარ ძალაუფლებას. სწორედ ეს არის თავისუფლება ქრისტეში.
თანამედროვე, ამპარტავნულ სამყაროში ღმერთის ამნეზია და აპოსტასიაა გამეფებული. სამწუხაროდ, ნიცშეს ის საშინელი გამონათქვამი – "ღმერთი მოკვდა!" – დღევანდელი, ფლეგმატური კაცობრიობის განწყობებსაც გამოხატავს.


  უზნეობიდან ზნეობამდე – ადამიანთა გარკვეული ნაწილი თავს ზნეობრივად მიიჩნევს, რაც ხშირად რეალობას არ შეესაბამება, როგორ გააცნობიეროს ადამიანმა თავისი მდგომარეობა და როგორ მიაღწიოს ზნეობრიობამდე?

   ამის საზომი ისევ და ისევ სინდისთან ობიექტურ დამოკიდებულებაში და ღმერთის ძიებაშია. ერთი შეხედვით, ეს მარტივია, თუმცა ადამიანის სულიერ ღვაწლზე, მის გულმოდგინებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში საჭიროა იდეალის არსებობა. ქრისტიანებს ასეთად, პირველ რიგში, იესო ქრისტე გვყავს, რომელიც სრულყოფილების მზეა.


   თუკი მისგან გავთბებით ისე, რომ მის სხივებს (მცნებებს) არ დავემალებით, მაშინ ჩვენში გაღვივდება ზნეობრივი ღირსება. თუმცა სულიერებაში წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს ვერ ხედავს, მას არ შეუძლია რომ თქვას – "მე ზნეობრივი გავხდი", რადგან სწორედ ამის ვერ დანახვაში, ან უსიმდაბლოთ ყოფნასა და ცოდვებზე გლოვაში, სხვაზე უარეს არსებად საკუთარი თავის მიჩნევაში მდგომარეობს მაღალზნეობრიობა. ეს ეხება თანამედროვე ადამიანსაც, რომელსაც არ უნდა დაავიწყდეს წმიდა ათანასე ალექსანდრიელის დარიგება: – "მუდამ გახსოვდეს: დროს კი არ უნდა ემსახურო, არამედ ღმერთს!"

 


                                               გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

8-10-2014, 12:35
უკან დაბრუნება