ივერიონი / ვაჟა ბერიძე: ვფიქრობ, სახელმწიფომ გონივრული საკმარისობის პრინციპი უნდა დაიცვას!

ვაჟა ბერიძე: ვფიქრობ, სახელმწიფომ გონივრული საკმარისობის პრინციპი უნდა დაიცვას!

გვესაუბრება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე

- ბატონო ვაჟა, ხომ არ გეჩვენებათ, რომ გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები უკან დახევის შთაბეჭდილებას ტოვებს და, საერთოდ, სერიოზული იყო თუ არა აჟიოტაჟის ატეხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე წასვლასთან დაკავშირებით? რა იმალება ამ იწილო-ბიწილოს მიღმა?

- ვფიქრობ, პოლიტკური პროცესები, რომლების ,,ნაციონალების“ დროს ლამის დასაჭურისებული იყო,  გამოცოცხლების სტადიაშია. წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური არენიდან ქრებოდნენ და იდევნებოდნენ პოლიტიკური პარტიები, სამაგიეროდ არსებობდა ბუტაფორიული მრავალპარტიულობა.

,,ქართულმა ოცნებამ“ ორიენტირად აიღო მცდარი მიმართულება, როცა ორპარტიული დემოკრატია შექმნა. შეიძლება ეს აშშ-ში სტრატეგიული პარტნიორობის გამოძახილია, მაგრამ საქართველოს არ მოერგოს!

,,ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ, ფაქტობრივად, მკვდარი პოლიტიკური პროცესები ცოცხლდება. მარგველაშვილის გააქტიურებაც იმას მოწმობს, რომ დამოუკიდებელი ინტიტუტები ფუნქციონირებენ.

ბიძინა ივანიშვილის ნაწინასწარმეტყველევი, ,,ქართული ოცნება“  უნდა დაიშალოსო, უნდა ახდეს! - არ შეიძლება, კოალიციის  ზოგიერთი წარმომადგენელი ევროპაში დადიოდეს მოსალაპარაკლებლად და ზოგიერთი მათი წარმომადგენელი მთავრობაში ეკლექტური გაერთიანება იყოს და არაფერში ერეოდეს, მხედველობაში მაქვს  მემარჯვენე ,,ეროვნული ფორუმი“, მემარჯვენე ,,რესპუბლიკელები“ და ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

-  ეს სიმშვიდე ქარიშხლის მოსალოდნელი ხომ არ არის (პრემიერსა და პრეზიდენტს შორის)  დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრების  წინ?

- ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის არსი - ეს არ არის სახელმწიფოს, ან მთავრობის მეთაურთა შეკრება. ესაა მსოფლიოს გავლენიან ადამიანთა საკრებულო, სადაც იკრიბებიან პრეზიდენტებიც, მთავრობის მეთაურებიც, მილიარდერები, მსოფლიოს ინტელექტუალი და ავტორიტეტული ადამიანები. იქ პრეზიდენტსაც შეუძლია გამგზავრება და პრემიერსაც, თუ უნდათ, ორივესაც, ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია დასწრება (ბატონი ბიძინა თავისი ხარჯით წავა, ალბათ). იქ იმართება თემატური საუბრები, მსჯელობენ გლობალურ საკითხებზე,  შეხვდებით ფინანსურ მაგნატებს, ბიზნესმენებს, რომლებმაც შეიძლება ახალი კონტრაქტები შემოგთავაზონ...  თუ ადრე მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ მოაწერდა ხელს ევროპასთან ასოცირების დოკუმენტს, დავოსის შემთხვევაში ეს პრინციპული არაა.

- რას იტყვით თბილისის მერის, დავით ნარმანიას,  მიერ ჩინოვნიკებისათვის დანიშნულ პრემიებზე?! 

- მე კონცეპტუალურად ვეკიდები ამ საკითხს და შეიძლება ჩემი პოზიცია და საზოგადოების აზრი ერთმანეთს  არ დაემთხვეს. 

დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოსთანა ტრანსფორმაციის ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურებში კომპეტენტური ადამიანები უნდა მუშაობდნენ. ხელისუფლებაში კი  ზოგჯერ ,,ჩაწყობებით“, ზოგჯერ  ნაცნობობითა და პოლიტიკური ნიშნით  ხვდებიან, თუმცა, ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია.

კერძო სტრუქტურებში გაცილებით მაღალი ხელფასებია, ვიდრე საჯარო სამსახურებში, სადაც ადამიანები დიდი ხალისით არ მიდიან. საქართველოს სახელმწიფო სამსახურებში ზნეობრივი გმირების თვისებებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასები, რათა ოჯახები არჩინონ, რათა არ შეცდნენ, კორუფციაში არ ჩაებან და ა.შ.

სხვა თემაა საკმარისობის დონე ჩვენ ქვეყანაში,სადაც საარსებო მინომუმი 150 ლარია.

აბა, ქამრები შემოიჭირეთ და წელი მოიწყვიტეთო, არ იქნება სწორი, მაგრამ სახელმწიფომ თანამდებობის პირთა ხელფასების განსაზღვრისას გარკვეულ ლოგიკას უნდა მიმართოს. მსოფლიო კრიზისის მიზეზად აშშ-ში  ბანკის ტოპ-მენეჯერებისთვის გადახდილ ზღაპრულ ხელფასებსაც ასახელებდნენ.

ვფიქრობ, სახელმწიფომ სწორი და გონივრული საკმარისობის პრინციპი უნდა დაიცვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

9-10-2014, 15:18
უკან დაბრუნება