ივერიონი / სოსო ცინცაძე: ერთადერთი, ვინც რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს, ნინო ბურჯანაძეა!

სოსო ცინცაძე: ერთადერთი, ვინც რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს, ნინო ბურჯანაძეა!

რუსეთის ახალ ინიციატივაზე და მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე „ივერიონს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ამ ბოლო ხანებში მწვავე საკამათო თემად იქცაა ,,რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმება, თქვენის აზრით,  რამ განაპირობა ეს პროცესი?

- რუსეთი, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ორი წელია ელოდება, როდის გადადგამს საქართველო მათ შორის ურთიერთობის მოსაგვარებელ ნაბიჯებს. საქართველო კი ამის ნაცვლად რესურსგამოცლილ აბაშიძე-კარასინის დონის შეხვედრებს ვერ გასცდა.

წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაც იყო. ამ ტერმინში, როგორც ჩანს,  სხვადასხვა რამეს გულისხმობდა საქართველოც და რუსეთიც. საქართველოს არ სურს თვალებში ჩახედოს სიმართლეს, რუსეთი კი ამ ტერმინში აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს 3-4 თვეში ერთხელ ნამდვილად არ გულისხმობდა. ამის გამო, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მივიღეთ მავთულხლართების გადმოწევა, მეორე ქმედებად რუსეთ-აფხაზეთს შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებაა  და მესამე რა იქნება, კაცმა არ იცის!

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებას მაღალი დონის მოლაპარაკება სჭირდება. აბაშიძემ პოლიტიკურ-დიპლომატიური პრეროგატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რომელსაც ორივე ხელითაა ჩაფრენილი მაია ფანჯიკიძე და არ ახედებს მას დიპლომატიაში. აბაშიძე „პეტრუშკას“ და ვაშლის საქმეებს უფრო განაგებს რუსეთთან ურთიერთობისას, ვიდრე დიპლომატიურს.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზეზი თავდაცვის მინისტრ ალასანიას მიერ ნატოს საწვრთნელი ბაზების საქართველოში განთავსების შესახებ განცხადება შეიძლება იყოს?

- მე ალასანიას განცხადებებს, სამწუხაროდ,უკვე სერიოზულად არ აღვიქვამ. მცხეთობაზე რა თქვა, გახსოვთ? უახლოეს მომავალში ჩვენ მოვახდენთ საქართველოს  დეოკუპაციასო. ეს უახლოესი მომავალი 2-3 თვის შემდეგაა და, ღმერთმა ქნას, დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით მართლა შეძლოს რამე. მე კი დეოკუპაციის წინაპირობებს ვერ ვხედავ, უფრო პირიქითაა!

რაც შეეხება რუსეთ-აფხაზეთის ზემოხსენებულ ხელშეკრულებას, ეს ჯერ ხელმოწერილი არაა, ეს უფრო საქართველოსთვის გზავნილს ჰგავს. ვერა და ვერ ვხვდებით, რომ ვაშინგტონი და ევროკავშირი უკბილო პატივს სცემენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სინამდვილეში სულ სხვა რამე ხდება.

- ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილი ასკვნის, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით  აფხაზეთი საქართველოს სულ უფრო და უფრო დაშორდება. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- რა, ახლა არ არიან დაშორებულნი? რა აკავშირებთ მათ გარდა რამდენიმე ტერმინისა - ,,არა, ძალის გამოყენებას“, ,,სამართლიანობის აღდგენა“  და ა.შ!

ბოდიში, მაგრამ დღეს საქართველოში მე ვერ ვხედავ  ვერც მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს და ვერც პოლიტოლოგებს. გამაგებინეთ: ენდოკრინოლოგი, ეკონომისტი თუ კანალიზაციის სპეციალისტი ყველა ექსპერტი  და პოლიტოლოგი როგორ არის?! კიდევ კარგი, თმა არ მაქვს თავზე, თორემ ამათ შემყურეს ყალყზე დამოდგებოდა!

- როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში? რას გეგმავს ხელისუფლება აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით?

- ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არაადეკვატურია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა შეიცვალოს და იქ რეალური კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც მთავრობიდან არავინ შევა.

ერთადერთი, ვისაც საგარეო პრობლემების  მოგვარება შეუძლია, ბურჯანაძეა. პარლამენტში მოკალათებულ ჯუჯა პარტიებს, რუსის ტანკებითაც რომ ვერ გამოყრი იქიდან,  ის დასანახავად არ უნდათ, არადა ამას რეალობა მოითხოვს.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებს!  ჩვენ იაპონელებზე მდიდრები და ძლიერები ვართ? მათი ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს, ისინიც საომარ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მათ დიპლომატიური ურთიერთობა უმღლეს რანგში ჰყავთ აყვანილი. გაჩაღებული აქვთ ვაჭრობა, რომელიც წელიწადში 25 მილიარდამდე ადის, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკაში იაპონია მტკიცეა.

აშშ-ს ჩვენზე არანაირი სამხედრო-სამოკავშირეო ვალდებულება არ აუღია, თუმცა იაპონიაზე აქვს - რა წუთშიც დასჭირდება, აშშ მისთვის იომებს. ჩვენ არავისი იმედი არ გვაქვს და მაინც ჯიუტად არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება!

- როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

- აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ფუჭია, თუმცა მსგავსი შეხვედრები არ უნდა შეწყდეს. რიშელიეს პრინციპი მოლაპარაკება იყო და არა დავა, მაგრამ ეს მოლაპარაკება მოლაპარაკებისათვის არ უნდა შედგეს! აბაშიძეს უფლებები უნდა მიენიჭოს, თორემ კომოვოიაჟერს ჰგავს. პუტინმა აბაშიძეს კარასინი დაუსვა მაგიდის მეორე მხარეს, ფანჯიკიძე კი გაიძახის, აბაშიძეს დიპლომატიასთან კავშირი არა აქვსო.

რა გვჭირს, ნეტა? კულტურის მინისტრად იმპრესარიო დაგვინიშნეს, დიპლომატად კომოვოიაჟერი და ჩვენ მოვითხოვთ  საერთაშორისო პატივისცემას?!

- რა აზრის ხართ სახალხო დიპლომატიაზე?

- მე ამის არ მჯერა! კაცობრიობის ისტორიაში ვერ მეტყვით ვერც ერთ შემთხვევას, რომ სახალხო დიპლომატიას პრობლემა გადაეჭრას. პირიქით, ის ხანდახან ორლესული მახვილივითაცაა. მაგალითად, აფხაზეთის ომში, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ,,შესარიგებლად“  მიდიოდა. ჩემი მეგობარი თამაზ გამყრელიძეც  მეუბნებოდა, რომ ის ჩავიდოდა სოხუმში სლავა (ასე ეძახდნენ შინაურები არძიმბას) არძინბასთან, რადგან პრიმაკოვის მიერ ინსტიტუდიდან გამოგდებულს მას თბილისში დირექტაციის დაცვაში დაეხმარა და დაელაპარაკებოდა  ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ასეთი დილეტანტური აღტყინება არ უნდა გაგაჩნდეს ასეთ დროს!

რაც შეეხება ამხანაგური საფეხბურთო მატჩების ჩატარების სურვილს  ჩვენს თანამოძმე ოსებთან და აფხაზებთან, ჩემი აზრი ასეთია: მატჩის ჩატარება,  დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ  ცივილიზებული სტრუქტურასთან თუ გაქვს საქმე, კარგია, მაგრამ აქ რუსეთთან გაქვს საქმე. იქ უკვე ავტორიტარიზმი დიქტატურაშია გადასული.

- ბოლოს და ბოლოს, რას ელის რუსეთი საქართველოსგან?

- მას ეშინია, რომ ნატო სამხრეთიდან მოადგება.  ჩვენ კი ვერ დავაჯერებთ, რომ ორივესთან მეგობრობა გვსურს.

სანქციების რუსეთში პუტინის რეიტინგი და სურსათის ფასები დღითიდღე იზრდება. ეს ნორმალურ ქვეყანაში ასე არ მოხდებოდა, მაგრამ რუსებს პუტინი ევროპასთან რუსული პრინციპების დამცველად წარმოუდგენიათ. პეტრე პირველიდან მოყოლებული, დასავლეთი რუსეთის მტერია.

რუსეთში მცხოვრები 0,001% ინტელიგენტი ვერ ცვლის იქ ამინდს. რუსი ოლიგარქებიც კი,  ევროპაში ცხოვრობენ და რუსეთში, სამსახურებში, საკუთარი თვითმფრინავებით დადიან (ერიდებიან პუტინის რუსეთში მუდმივ ცხოვრებას). მეტი რაღა გვინდა, ასეთია დღევანდელი რუსეთი და რა ემუქრება მას 5 წლის შემდეგ, არ მაინტერესებს, რადგან თუ ის დაიღუპება, არც საქართველო აყვავდება.

 
ესაუბრა ია ჯღარკავა

17-10-2014, 11:05
უკან დაბრუნება